იგორ კოკოშკოვი: "საქართველოს ნაკრები ის გუნდია, მწვრთნელი უნდა მიჰყვეს მოთამაშეებს და არა პირიქით"
ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად იგორ კოკოშკოვი სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად განიხილებოდა.

დეკემბერში დაიწერა - კოკოშკოვს სლოვენია ეპატიჟებაო... იანვარში, ალბათ, ჩერნოგორიის ვარიანტი გამოჩნდება, ბოსნია, მაკედონია და ა.შ.

მერე ჩვენ? ჩვენ კი ჯერაც არ გაგვირკვევია, ვინ გვინდა, რატომ და რა ვადით.

რადგან იგორ კოკოშკოვს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტის ვადა ევრობასკეტის დასრულებასთან ერთად ამოეწურა და თავისუფლად შეუძლია დაელაპარაკოს ყველას, ვინც საინტერესო წინადადებას შესთავაზებს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ჩვენს ეროვნულ გუნდთან ხელშეკრულება 2011 წელსაც დაუმთავრდა, მაგრამ კალათბურთის ფედერაციამ ახალი ორწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა და დათანხმდა.

ამჟამად კი შიდა სამზარეულო აჯაფსანდალივითაა არეული და ნაკრების მწვრთნელისთვის არავის სცხელა, ყველას პირზე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები აკერია. ამასობაში, შესაძლოა, იგორმა იფიქროს, საქართველოდან აღარ მეხმიანებიან, ალბათ, აღარ ვუნდივარო, ღია მწვანე ფურცელზე დაწერილ ხელეკრულებას მოაწეროს ხელი და 2014 წელს სლოვენიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუძღვეს.

კარგი იქნება ეს თუ ცუდი? ამ კითხვას ტყუპისცალიც "ჰყავს": უნდა დარჩეს თუ არა კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში? ვიდრე ახალი ფედერაცია ჩამოყალიბდებოდეს, ჩვენით ვცადოთ გარკვევა: ჰო, თუ არა?

შედეგები

საქართველოს ნაკრების ისტორია 1994 წლიდან იღებს სათავეს. მას მერე გუნდს კოკოშკოვამდე 6 თავკაცი ჰყავდა, რომელთაგან არც ერთს არ ჩაუმთავრებია ორი ციკლი (ეს, როგორც წესი, გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების ადეკვატურია).

იგორი ჩვენს გუნდში მთავარ მწვრთნელად 2008 წელს დაინიშნა და ორწლიანი მისია პირნათლად შეასრულა - ექვსწლიანი ყურყუტის შემდეგ გუნდი 2009 წელს B-დან A დივიზიონში გადაიყვანა. ეგებ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამ არ გაგვახარა ისე, როგორც მეორე ლიგიდან თავის დაღწევამ.

2010 წელს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე ბელგიის შემდეგ მეორე ადგილი დავიკავეთ და ფიბა-ევროპამ ევრობასკეტის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე რომ გაზარდა, ლიტვა 2011-ის საგზური ჩვენც გვერგო.

ევროპაზე დებიუტანტის რანგში ბევრისთვის მოულოდნელად მეორე ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ. სწორედ ამ დროს თქვა იგორ კოკოშკოვმა: თამასა მაღლა აიწია, გულშემატკივარი მომდევნო ევრობასკეტზე მეორე ეტაპზე ვერგასვლას ვერ შეეგუებაო და ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი (2012-13).

2012 წელს, შესარჩევ ჯგუფში ბოსნიის შემდეგ მეორე ადგილი დავიკავეთ და ევრობასკეტის საგზური მოვიპოვეთ, თუმცაღა, ბეწვის ხიდზე გავიარეთ.

2013 წლის სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გარეშე ვიასპარეზეთ. ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დავიკავეთ.

ასე რომ, თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, იგორ კოკოშკოვის ხელში მაჩვენებლები 2013-მდე უმჯობესდებოდა. წლევანდელ ევრობასკეტზე კი ჯგუფიდან გასვლა ვეღარ მოვახერხეთ, თუმცა თამაშის ხარისხზე აუგის თქმა მაინც ძნელია.

ჰო...

თუ წინა წელს ზაზა და თორნიკე გვეხმარებოდნენ, მაგრამ მატჩების უმეტესობაში ბოლო პერიოდში მაინც მეტოქეები გვჯობდნენ, სლოვენიაში ორი ლიდერის გარეშე მოთამაშე გუნდმა უკვე ჩვენთვისაც მოულოდნელად, საწყისი სამი მატჩის გადამწყვეტი მომენტი მაღალ დონეზე ჩაატარა. რატომ? რა მოხდა?

პასუხისთვის ვიქტორ სანიკიძეს მივმართოთ:

"ზაზასა და თორნიკეს არყოფნაში სხვა გზა არ გვქონდა. ევროპის წამყვან ნაკრებებთან თანაბრად სათამაშოდ მაქსიმუმის მაქსიმუმი უნდა გაგვეღო. ხშირი იყო შემთხვევა, მეტოქე დიდი სხვაობით დაწინაურდა, დასაკარგავი არაფერი გვქონდა, თავი უნდა შეგვეკლა და სწორედ ასეთ მომენტში ვგრძნობდით დამატებით ენერგიას".

მხოლოდ თავზე გადახტომა საქმეს არ შველის, გავიხსენოთ 2010 წელი, თბილისში ბელგიასთან 23-ქულიანი მარცხი. ჩვენს გუნდს საბრძოლველად ენერგია არ ჰქონდა. მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა წინა წლებიდან სწორი დასკვნები გამოიტანა, სათანადოდ მოამზადა და მეტი თავისუფლება მისცა.

ჰოდა, ვიხილეთ ლაღი, ქართული კალათბურთი, მოთამაშეები აზარტში იმდენად შედიოდნენ, დაღლას ვერ გრძნობდნენ.

"გვქონდა გეგმა, რომელსაც ბოლომდე მივყვებოდით, თუმცა იგორ კოკოშკოვი ინდივიდუალურად თამაშის საშუალებასაც გვაძლევდა. ყველას შეეძლო თავისუფლად ემოქმედა. საერთო ჯამში, თამაშის ხარისხი ურიგო არ გვქონდა", - იხსენებს გიორგი ცინცაძე.

"საქართველოს ნაკრები ის გუნდია, მწვრთნელი უნდა მიჰყვეს მოთამაშეებს და არა პირიქით", - ეს უკვე მისტერ იგორის სიტყვებია. იგი კალათბურთელებთან მიმართებაში ხშირად ხმარობდა სიტყვა "გმირს" და ასაბუთებდა რატომაც.

კოკოშკოვამდე უცხოელ მწვრთნელებს ქართული მენტალიტეტის შეცნობა, შესაბამისი სათამაშო სტილის გამოძებნა გაუჭირდათ და ამიტომაც ვერ გაძლეს წელიწადზე მეტი დროით. სერბი სპეციალისტი თავიდანვე კარგად გაეცნო ჩვენს ხასიათს, ყველა კალათბურთელთან საერთო ენა გამონახა და ხუთ წელიწადში გუნდთან ერთად ისე გაიზარდა, რომ ამ ზაფხულს დუშან ივკოვიჩის მიერ გაწვრთნილ მშობლიურ სერბეთს მოუგო.

მეტსაც გეტყვით, კარგად იცოდა ქართველთა ამაყი ხასიათი და ევრობასკეტის წინ, როცა ლიტვაში ძირითადი დრო 77:77 დასრულდა, მასპინძელთა შეთავაზება არ მიიღო, ფრეზე გაყრა არ ისურვა და დამატებითი ხუთი წუთი ითამაშა.

მოკლედ, იგორ კოკოშკოვმა დაამსხვრია მითი, რომლის თანახმად უცხოელის მოწვევა გაუმართლებელია თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ მენტალიტეტთან შეწყობა გაუჭირდება. არადა, რამდენი მწვრთნელი უმსხვერპლია სპორტსმენებთან ჩამოუყალიბებელ ურთიერთობებს...

იქნებ კოკოშკოვის კიდევ ორი წლით დარჩენა იმიტომაც ღირდეს, რომ ნაკრების 30 წელს მიტანებულ ძირითად ბირთვს კარგად იცნობს და 2015 წლის ევრობასკეტზე გუნდისგან მაქსიმუმი გამოწუროს?

არა...

სერბ სპეციალისტს თავიდანვე ჰყავდა ოპონენტები, რომლებიც მის მუშაობაში ბევრ უარყოფითს ხედავდნენ. ჩვენც ვხედავთ:

2012 წლამდე ნიკა ცქიტიშვილს სათადარიგოდ, თუმცა მაინც სათანადოდ იყენებდა. 2012-ში საერთოდ არ გამოიძახა... 2013-ში ნიკამ ნაკრებში კვლავ ითამაშა, თუმცა ძალიან ცოტა. ისმის შეკითხვა: თუ 2011-მდე ენდობოდა, რა მოხდა მას მერე?

2012-ში არც ლაშა გამყრელიძეს უხმო. მართალია, იგი NBA-ში არ თამაშობს, მაგრამ , როცა საქმე ნაკრებს ეხება, შემადგენლობა ოპტიმალური უნდა იყოს. ასეთ შემადგენლობაში კი, ჩემი აზრით, გამყრელიძეც უნდა იყოს.

იგორ კოკოშკოვი 2011 წელს სიამაყით ამბობდა, თორნიკე შენგელიას ნიჭი თავის დროზე შევამჩნიეთ და 2008 წლიდან ნაკრებში ავიყვანეთო. ერთი ასეთი კალათბურთელი ცოტაა, შეიძლება NBA-ს პერსპექტივისა არა, მაგრამ ერთი-ორი ნიჭიერი ახალგაზრდა დროულად რომ ამოერჩია და თორნიკესავით ნაკრებისთვის შეეჩვია, იქნებ დღეს შეცვლებზე უკეთესად დახმარებოდნენ ნაკრებს.

კოკოშკოვის გუნდში კი ერთ წელს ერთი ახალგაზრდა ხვდებოდა, მეორე წელს - მეორე. სათადარიგო ხუთეული მუდმივ ცვალებადობას განიცდიდა...

...ალბათ იმიტომ, რომ იგი ამერიკული სტილით მუშაობდა (მუშაობსო, ჯერ ვერ ვიტყვით, რადგან კონტრაქტი ჩვენს ნაკრებთან აღარ აკავშირებს). ოკეანის გაღმა კი გუნდების უმეტესობაში მთავარ მწვრთნელებს გამზადებული შემადგენლობა ხვდებათ და არსებული რესურსის გამოყენებაზე ზრუნავენ.

იგორ კოკოშკოვი საქართველოში ჩამოსასვლელად და შიდა ჩემპიონატის კალათბურთელებზე დასაკვირვებლად ვერ იცლიდა, თავისი ასისტენტების არჩეული გუნდით თამაშობდა... ევროპაში მცხოვრები სანაკრებო მწვრთნელები თავად დადიან კანდიდატების თამაშებზე და საკუთარი გემოვნებით არჩევენ თორმეტეულს.

ხაშლამას მარილს წინასწარ იმიტომ არ აყრიან, რომ ყველას თავისებური გემოვნება აქვს და რამდენსაც უნდა იმდენ მარილს უზამს.

ჰოც და არაც

ფორმატი საშუალებას რომ გვაძლევდეს, ზემოთ მოყვანილ თითოეულ თემას მადიანად განვავრცობდით, მაგრამ ძირითად საკითხებზე მაინც საკმარისად ვიმსჯელეთ. კითხვაზე, ჰო თუ არა, პასუხი ასეთია:

თუ იგორ კოკოშკოვი ნაკრებში დარჩება, მაქსიმალურად უნდა ეცადოს გუნდთან ახალგაზრდების შეწყობას, რათა 2015 წლის შემდეგ შესაძლოა სრულიად ახალი გუნდის მშენებლობა მოგვიწიოს.

თუ მას მთავარ მწვრთნელად არ დავტოვებთ, ან თავად არ დარჩება, მაშინ ევროპაში გამოცდილი, უმაღლესი დონის მწვრთნელი გვჭირდება ქართული მენტალიტეტის იოლად შეცნობის უნარით, რომელიც ჩვენთან ჩამოსვლასა და საქართველოს ჩემპიონატის ყურებას არ დაიზარებს, 16 წლიდან ნიჭიერ კალათბურთელებს ინდივიდუალურ სანაკრებო პროგრამას შეუდგენს და იგორ კოკოშკოვის არჩეულ სტრატეგიას განავრცობს.

სხვათა შორის, ურიგო არ იქნება, თუ თავად ბატონ იგორს დავეკითხებით, ვის გვირჩევს თავის შემცვლელად...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

badri
ცქიტიშვილი და გამყრელიძე რომ არ ათამაშა იმიტომაც არის კარგი მწვრთნელი, ცქიტოს პატივს ვცემ მაგრამ ვეღარ ქაჩავს, გამყრელიძეს კი რა უნდა ამ დონის გუნდში
R
კოკოშკოვი კარგი მწვრთნელია, კარგია თუ დარჩება.
იგორ
თუ ფედერაცია ვერ უზრუნველყოფს გაცილებიტ მაღალი დონის მწვრთნელის მოწვევას, მაშინ კოკოშკოვის უნდა დარჩეს იქნებ კოკოშკოვის კიდევ ორი წლით დარჩენა იმიტომაც ღირდეს, რომ ნაკრების 30 წელს მიტანებულ ძირითად ბირთვს კარგად იცნობს და 2015 წლის ევრობასკეტზე გუნდისგან მაქსიმუმი გამოწუროს? - ვეთანხმები ავტორს
gi0rgi
გეთანხმებით 100 პროცენტით ბატონო ვაჯა
gi0rgi
გეთანხმებით 100
ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
დუემ კითხვაზე უპასუხა - ისაა უკეთესი თუ იამალი
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება
ორტეგა "სიტიდან" წავა - მანჩესტერელთა სათადარიგო მეკარე ტრაფორდი იქნება
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
ესპანეთში VAR-ის ახალი წესი შემოდის - ლა ლიგა პირველი ტოპ ჩემპიონატია, რომელიც ამ სისტემას დანერგავს
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება
მამარდაშვილი ხვალ ძირითადში იქნება - რატომ დატოვა ალისონმა "ლივერპულის" საწვრთნელი ბანაკი
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
[PHOTO] "გირჩევთ, ხვიჩას მსგავსი ნუ იქნებით" - ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელიას გავრცელებულ ფოტოზე იხუმრა
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ევრობასკეტ 2015-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ჩატარების საათები ცნობილია
მანუჩარ მარკოიშვილი ტრავმის გამო ბოსნიასთან ვერ ითამაშებს
თორნიკე შენგელია: ჯორდანის გუნდში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" სეზონს ტიტულით ხსნის
"ახლა მაქვს შანსი, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის"
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
ევროპას საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აუტსაიდერი ჰგონია
საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
"ბუ" "ვეფხვებში" - გიორგი ცინცაძე "დონეცკში" გადასვლასთან ახლოსაა
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება