"...რომარიომ უთხრა: ჩემს კოლექციას ოლიმპიადის ოქრო აკლია, რომლის მოპოვებაც პირადად საბჭოთა კავშირის ნაკრების მარჯვენა მცველმა არ დამანებაო"
ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში, ეროვნული გუნდის პირველი კაპიტანი - გელა კეტაშვილის თამაში დღესაც დაუვიწყარია ჩვენი ქომაგისთვის.

რომ არა ცუდი დრო-ჟამი, ვინძლო, კეტაშვილი ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავი გამხდარიყო, თუმცა წლების მერე ის სინანულს არ იმჩნევს და გულწრფელად გვიყვება თავისი კარიერის მნიშვნელოვან ამბებზე...

ნორაკიძის მიგნება: კეტაშვილი მცველია!

- ბავშვობიდან ბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მამას ვემუდარებოდი, ფეხბურთზე შემიყვანე-მეთქი. ოცნება ამისრულა. წარმოიდგინეთ, როგორ გამიმართლა, როცა სერგო აპრესიანთან მოვხვდი.

ყველაფერი ასე დაიწყო: "ნორჩ დინამოელში" 1964 და 1965 წელს დაბადებული ბავშვები შეგვარჩიეს. ტესტი სირბილში ჩატარდა. გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. 1964 წელს დაბადებული ბავშვები ბატონმა სერგო კოტრიკაძემ აიყვანა, მე კი, ერთი წლით უმცროსი, სერგო აპრესიანთან აღმოვჩნდი.

ეს იყო სულით ხორცამდე ქართველი, მოწოდებით პედაგოგი კაცი, ვინც შემაყვარა ფეხბურთის ანბანი. რომ არა ის და გიგა ნორაკიძე, ალბათ ვერაფერს მივაღწევდი.

ვიყავი თავდამსხმელი, გამქონდა გოლები და ასე მივედი ქუთაისის "ტორპედოში". ცხონებული გიგა ნორაკიძე გვწვრთნიდა, დიდებული ფსიქოლოგი, ინტელექტის საბადო, მართლა დიდი ტაქტიკოსი...

ერთხელ, კალენდარული მატჩის წინ, მარჯვენა მცველი გაგვიხდა ავად. ბატონმა გიგამ მითხრა, შენ უნდა ითამაშო ამ პოზიციაზეო. როგორც ჩანს, ცუდად არ გამომივიდა - ხალხმა სწორედ მარჯვენა მცველად გამიცნო და შემიყვარა.

რომარიოს რჩეული

- სეულის 1988 წლის ოლიმპიადის ჩემპიონობა ჩემთვის კარიერის მწვერვალია. იმდროინდელი წამებიც კი მახსოვს. სპორტსმენს, დიდწილად, ერთხელ ეძლევა ასეთი შანსი ცხოვრებაში და ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი გამოვიყენე.

არადა, საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელ ანატოლი ბიშოვეცს რომ არ მოენდომებინა, ოლიმპიური მატარებელი უჩემოდ ჩაივლიდა. საქმე ისაა, რომ მარჯვენა კოჭი მეორედ მოვიტეხე. მოსკოვში ხაზი გადამისვეს - კეტაშვილი ნაკრებს ვეღარ დაეხმარებაო, თუმცა ბიშოვეცმა ძალიან მოინდომა, მოსკოვში გვარიანად მიმკურნალეს და თამაში შევძელი.

მხოლოდ მე ვიცი, რა გაუსაძლისი ტკივილის ფასად მიხდებოდა თითოეული მატჩის ჩატარება. ყველა მატჩი ნემსებით ვითამაშე, მათ შორის ფინალიც. უნდა გამოგიტყდეთ - ბუნებით მშიშარა არ ვარ, მაგრამ ნემსის ისე მეშინია, მაკანკალებს. სხვა რა გზა იყო, გაჭირვება მაჩვენეო, ხომ გაგიგონიათ...

გეხსომებათ, ფინალში ბრაზილიას მოვუგეთ, მე კი პერსონალურად რომარიოს წინააღმდეგ ვითამაშე. არ დარჩენილა მაშინდელ მსოფლიო ფეხბურთში ვარსკვლავი, რომლის წინააღმდეგაც არ მეთამაშოს, თუმცა რომარიო ყველაზე მაგარი იყო!

არც მანამდე და არც მერე არ მინახავს ასეთი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი - სასწაული მოძრაობები ჰქონდა. მოვახერხე და გავანეიტრალე. როგორც იცით, ფინალი მოვიგეთ.

წლების მერე, როცა რომარიომ ყველა ტიტული მოიგო, ინტერვიუ მისცა "სოვეტსკი სპორტს". კორესპონდენტის კითხვაზე, რა არის თქვენი აუხდენელი ოცნებაო, რომარიომ უთხრა: ჩემს კოლექციას ოლიმპიადის ოქროს მედალი აკლია, რომლის მოპოვებაც პირადად საბჭოთა კავშირის ნაკრების მარჯვენა მცველმა არ დამანებაო.

დამეთანხმებით, სასიამოვნო შეფასებაა...

ოლიმპიადის ფინალში ერთი კურიოზი შემემთხვა. პირველი დამატებითი ტაიმი რომ მორჩა, იმდენად ვიყავი გათიშული, მეგონა, მატჩი დასრულდა. ხელებგაშლილი, გახარებული წავედი "საპატიო წრეზე". მომვარდა ალექსეი მიხაილიჩენკო და მეუბნება სიტყვა-სიტყვით: რა გეზეიმება, შე საცოდავო, კიდევ 15 წუთია წინ, თამაში აწი იწყებაო... მართლაც კოშმარული 15 წუთი იყო, მაგრამ გავძელით.

ოლიმპიური მედალი... სარფის საბაჟოზე

- აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ჩემი ოლიმპიური მედალი ჩვენი ქვეყნის ძლიერებას შევწირე. ეს იყო ყველაზე მცირედი, რაც შეიძლებოდა მაშინ გამეკეთებინა საქართველოსთვის. საწყენი ისაა, რომ ეს მედალი სარფის საბაჟოზე დააკავეს. გული მეტკინა...

შარშან, 16 ოქტომბერს დავიბრუნე ეს მედალი, ნესტში ყოფნისგან შელახულია, მაგრამ ჩემთვის მაინც ძვირფასია. ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარიც ამაყობს ჩემი მაშინდელი წარმატებით.

სამწუხაროდ, მერე ჩემი კარიერა ისე ვეღარ წარიმართა, როგორც მსურდა. ამას ბევრი ტრავმებს აბრალებს, მაგრამ მთლად მასეც არ იყო...

მარსელი, რომა, გალათასარაი...

- საზღვრები რომ გაიხსნა და ჩვენი ფეხბურთელები უცხოეთში წავიდნენ სათამაშოდ, მეც გამიჩნდა კარგი ვარიანტები. გამზადებულ კონტრაქტს მთავაზობდა სამი გრანდი: "მარსელი", "რომა" და "გალათასარაი", მაგრამ მაშინ ჩემი უცხოეთში წასვლა ვერ მოხერხდა.

მგონი, გულღიად გესაუბრებით ყველაფერზე, მაგრამ მიზეზებზე ნუ მკითხავთ. დიდი დრო გავიდა... არის რაღაც, რაც უმჯობესია, დღესაც უთქმელი დარჩეს...

ფაქტია, რომ მაშინ ფორმის პიკში ვიყავი. ტრაბახით არ ვამბობ და თამაში მაღალ დონეზე შემეძლო. მერე და მერე გამიჭირდა საქართველოს ჩემპიონატის დონეზე თამაში. ჩვენი პირველობა დღესაც მიყვარს და მაშინაც მიყვარდა, მით უმეტეს, მაშინდელი ჩემპიონატი გაცილებით მაღალი დონის იყო, თუმცა რთულია, როცა დიდი ფეხბურთის გემო იცი...

რამდენიმე წელიწადში დავბრუნდი, ოღონდ, ცოტა ხნით. ვგრძნობდი, ძველებურად ვეღარ ვთამაშობდი. მე კი მინდოდა, რომ ხალხს ძველი გელა კეტაშვილი არ დავიწყებოდა. ავდექი და ჩუმად წავედი...

პირველი კაპიტანი

- მეამაყება, რომ საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი ვარ. 1990 წელს ჩვენმა გუნდმა პირველად ითამაშა. ამხანაგურ შეხვედრაში თბილისში ლიტვასთან 2:2 ვითამაშეთ. არც მანამდე და არც მერე ასეთი ამაყი არ ვყოფილვარ. გუნდი მინდორზე კაპიტნის სამკლაურით მე გავიყვანე...

დღესაც რომ ვიხსენებ იმ დღეს, ემოციებს ვერ ვერევი. ბევრს ახსოვს, რა ხდებოდა მაშინ სტადიონზე. ლიტვის ნაკრები, ფაქტობრივად, მაშინდელი ვილნიუსის "ჟალგირისი" იყო, სადაც დიდებული ფეხბურთელები თამაშობდნენ, ჩვენი მეგობრები - ივანაუსკასი, პანკრატოვი, ნარბეკოვასი და სხვები...

ისე მოხდა, რომ რამდენიმე ისტორიული მოვლენის მონაწილე ვარ. 1990 წელს, საქართველოს ჩემპიონატის პირველ მატჩში "იბერიამ" შინ 0:1 წააგო ფოთის "კოლხეთთან". არადა, იმ მატჩის უპირობო ფავორიტებად ვითვლებოდით. ალბათ გახსოვთ, ფოთელებმა ჩემი ავტოგოლის წყალობით მოიგეს.

როგორი საქმეა, ეროვნული ჩემპიონატი იხსნება, გადაჭედილია სტადიონი, მაშინ გუნდის ლიდერად ვითვლებოდა და უცებ, ასეთი კაზუსი... ვისაც უთამაშია "ტანგოს" ბურთით, დამეთანხმება, რომ ის ზოგ სიტუაციაში ძალიან სპეციფიკურია. იმ მომენტში კუთხურზე მინდოდა გადამეგდო ბურთი და... უცებ, ჩვენს კარშია... მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა.

მერე, როცა გავიაზრე ყველაფერი, მივხვდი, რომ ეს ტრაგედია არ იყო. ბოლოს და ბოლოს, ბეკენბაუერსა და კროლს გაუტანიათ ავტოგოლები.

განსაკუთრებული ლობანოვსკი

- ისე მოხდა, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ დიდ მწვრთნელთან ვიმუშავე და დიდი ფეხბურთელის მხარდამხარ ვითამაშე. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ - თითოეულმა მათგანმა კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში.

დიდი ხანი არ მიმუშავია ვალერი ლობანოვსკისთან, მაგრამ ფეხბურთელი მაშინვე აღიქვამს ყველაფერს - ის განსაკუთრებული მწვრთნელი იყო, ფეხბურთს მომავლის პრიზმაში ხედავდა. ახლა რომ ვუყურებ ფეხბურთის განვითარების ტენდენციებს, ვხვდები, რომ ლობანოვსკიმ თითქმის ყველაფერი წინასწარ იცოდა.

მიმუშავია ისეთ დიდ მწვრთნელებთან, როგორებიც იყვნენ ანატოლი ბიშოვეცი, დავით ყიფიანი და გივი ნოდია. ეს იყო სამი განუმეორებელი ადამიანი.

...საუკეთესო პარტნიორის არჩევა კი ურთულესი საქმეა. უნდა დავფიქრდე... საბჭოთა კავშირის ნაკრებიდან უდავოდ იგორ დობროვოლსკი. თვალდახუჭული ვუგებდით ერთმანეთს. მან ჩემი მოძრაობები იცოდა, მე - მისი. კარგად ვიყავი შეთამაშებული ალექსეი მიხაილიჩენკოსთანაც.

"დინამო" კი ძალიან ძლიერი იყო ჩემს დროს. ფაქტობრივად, ეს იყო გუნდი, რომელმაც თასების თასი მოიგო. მინუს დავით ყიფიანი, ვინც ჩვენი მწვრთნელი გახლდათ და სულმნათი ვიტალი დარასელია. ყველასთან იდეალურად ვიყავი შეთამაშებული. ვერავის გამოვარჩევ...

ალეკო კაკაურიძე

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო WEEK"

ანზორი
მიყვარდი და ტაშს გიკრავდი გელა ძმაო.
LEKSO KUTAISI
კარგი ჯიგარი კაცი ხარ იხარე დზმაო ერტი ჰენი დანახვა ჯობია კაველაჰვილების და კალადზეების მოდგმას
ზაზა
თქვენ რო გხედავთ ვერც წარმოიდგენთ რამხელა სიყვარული და იმედი გვაქვს, ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყავი, კარგი ადამიანი, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა,ბედნიერი შობა ახალი წელი.
guria chipo
კაცი ხარ კაცური
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!
რონალდო ისტორიის საუკეთესო ბომბარდირებში მეორეა, მესი - მეხუთე
სსრკ-ის ნაკრების ექსმწვრთნელი: რუსეთში ცხოვრება კი არა, არსებობაა - რომელი კარგი ლეგიონერი ჩამოვა აქ?
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
რომარიომ მასზე 31 წლით უმცროს ქალთან გააბა რომანი [PHOTO]
"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად უკრაინელი ვლადიმირ ლიუტი დაინიშნა
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
გელა კეტაშვილი: ბარემ თქვან, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი აღარ აინტერესებთ!..
რომარიოს ვაჟი კარიერას უკრანიულ კლუბში განაგრძობს
პოლიციელები, მრბოლელები, პორნომსახიობები - რომელ პროფესიას ირჩევენ ფეხბურთელები კარიერის დასრულების შემდეგ
გაქაჩავს თუ არა ხვიჩა "ნაპოლიში"? - კაპელოს, ვაისის, სიომინის და სხვა სპეციალისტების ვარაუდი
"ხვიჩას იტალიაში გაუჭირდება" - ბიშოვეცი
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ისტორია - როგორ გაეხუმრნენ ქართველ ლეგენდას უკრაინელი თანაგუნდელები
27 წლის წინ - პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი [VIDEO]
58 წლის ასაკში რომარიომ კარიერის გაგრძელების შესახებ გვაუწყა
და მაინც, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდიდი?
ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო [PHOTO]
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...