პირველად 2012 წლის აპრილის შემდეგ. როგორ ცხოვრობს ორი მთავარი შოტლანდიური კლუბი ერთმანეთის გარეშე
როცა შოტლანდიის პრემიერლიგის კლუბებმა "გლაზგო რეინჯერსი" სადღაც მესამე დივიზიონში მოისროლეს, ისინი ამ ამბით ისე ხარობდნენ, თითქოს შოტლანდიამ რეფერენდუმზე დამოუკიდებლობა მოიპოვა. მაგრამ გავიდა სამი წელი და მნიშვნელობით შოტლანდიის მეორე დივიზიონი (ჩემპიონშიფი) უფრო "ტიტულოვანია", ვიდრე პრემიერლიგა. იქ მოთამაშე "გლაზგო რეინჯერსმა", "ჰართსმა"და "ჰიბერნიანმა" ჯამში 62 საჩემპიონო თასი მოიგეს, ელიტაში დარჩენილი "სელტიკის", "აბერდინის", "მოზერველის", "კილმარნოკის", "დანდისა" და "დანდი იუნაიტედის" ანგარიშზე მხოლოდ 53 ტიტულია.

მწვანეები. მარტოობა, მოწყენილობა

გლაზგოში დიდი ზეიმი იყო, როცა გაიგეს, რომ "სელტიკი" და "რეინჯერსი" შოტლანდიის ლიგის თასის ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. შოტლანდია ამ დერბის ორ წელიწადზე მეტხანს ელოდა, არადა, ისე ჩანდა, რომ "კელტებმა" დიდია ხანია, დაივიწყეს ძველი და საძულველი მეტოქე.

"რეინჯერსის" გარეშე პირველ სეზონში, "სელტიკი" განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და მოიგო ჩემპიონატი. მაგრამ თუ ვინმე ფიქრობდა, რომ საშინაო კონკურენციის გარეშე "კელტები"დაიწყებდნენ "ბარსელონას" და სხვა გრანდების დამარცხებას, იმედგაცრუება ელოდა: ერთი წლის შემდეგ "სელტიკი" იოლი ლუკმა გახდა ევროპელი მეტოქეებისთვის.

პრემიერლიგაში მათ 38 მატჩში ერთი წააგეს, მაგრამ სანამ "სელტიკ პარკზე" შამპანურის კვალი გაშრებოდა, წარმატების მთავარმა შემოქმედმა ნილ ლენონმა წასვლის შესახებ გამოაცხადა. ოფიციალური ფორმულირება ასეთი იყო - "ახალი გამოწვევის სურვილი". ეს სულაც არ იყო უცნაური და მოულოდნელი, თუ გავიხსენებთ მის მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბების მხრიდან. უბრალოდ, ჟღალმთიან მწვრთნელს ოქტომბრამდე მოუწია მოცდა და დიდად სახარბიელო წინადადებაც არ მიუღია - ჩემპიონშიფში ბოლო ადგილიდან უნდა ამოეყვანა "ბოლტონი".

მწვანეები. დანაკარგები

პრესამ კედელთან მიაყენა "სელტიკის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე პიტერ ლოუველი. მას არ უარყვია და პატიოსნად აღიარა, რომ კლუბს პრობლემები აქვს - "რეინჯერსის" არყოფნა პრემიერლიგაში "სელტიკს" ყოველწლიურად 10 მილიონ ფუნტს აკარგვინებს.

მარტო ბილეთებზე "კელტები" სეზონში" ოთხ მილიონს კარგავენ. რთული მისახვედრი არ იყო, რომ საქმეები ცუდად მიდიოდა და ამას აღიარება არც სჭირდებოდა. ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "სელტიკი" მეტად მოკრძალებული იყო: "მანჩესტერ სიტის" მფლობელობაში მყოფი ფორვარდი იონ გუიდეტი და "რუბინის" ნახევარმცველი მუბარკა ვაკასო - ეს იყო საუკეთესო, რაც გლაზგოელთა ბადეში მოხვდა. და ისინიც კლუბმა იჯარით აიყვანა. "სელტიკმა" ფულის გადახდა მხოლოდ ხიხონის "სპორტინგის" სერბის სტეფან შჩეპოვიჩის სანაცვლოდ გაბედა. ის ორ მილიონ ფუნტად იყო შეფასებული.

ამ კომპანიის გაწვრთნას აპირებდა ექვსი წლის ბიჭი ეიდენ ჰედრიჯი, რომელმაც წერილი გაუგზავნა კლუბს თხოვნით - დაენიშნათ მთავარ მწვრთნელად. ლოუველი მის კანდიდატურას ინტერესით მოეკიდა, მაგრამ გუნდი არ ანდო. სკანდინავიელ რონი დეილას სამწვრთნელო მიღწევები უფრო მეტი ჰქონდა: ხუთი წლის განმავლობაში მისმა "სტრიომსგოდსეტმა" თითოჯერ მოიგო ნორვეგიის ჩემპიონატი და თასი, რაც 60-ათასიანი დრამენისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგების ტოლფასი იყო.

შოტლანდიაში თავისი მაგიის გავრცელება დეილას ჯერ არ გამოსდის. არეულობისა და ქაოსის აპოთეოზი იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩები "ლეგიასთან". "კელტებმა" პოლონელებთან საერთო ანგარიშით - 1:6 წააგეს, მაგრამ "ლეგიამ" დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ათამაშა და ამიტომაც, შემდეგ ეტაპზე "სელტიკი" გაუშვეს. შოტლანდიელებმა ვერ იხეირეს ამ საჩუქრით და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "მარიბორთან" დამარცხდნენ. ამიტომაც მოუწიათ ევროპის ლიგაზე გადასვლა.

ლურჯები. მხიარულება ქვედა ლიგებში

პიტერ ლოუველის ტანჯვა-წამება, სავარაუდოდ, მალე დასრულდება - "რეინჯერსს" ერთი ნაბიჯი უკლია პრემიერლიგაში დაბრუნებაზე. გუნდის შემადგენლობა უკვე დღეს პრემიერლიგის ცალკეული გუნდების შურს იწვევს, თუმცა ნაკრებში მხოლოდ ერთს - ლუის მაკლაუდს იწვევდნენ, რომელსაც გასული წლის გაზაფხულზე გულთან დაკავშირებული პრობლემები დაუდგინეს. თუმცა შეძლო კარიერის გაგრძელება და ცოტა ხნის წინ, ინგლისის "ბრენტფორდში" გადავიდა.

"ლურჯმა ლეგიონმა" ძალიან წარმატებით გადალახა პრემიერლიგისკენ მიმავალი გზის ორი საფეხური (ბოლო შემთხვევაში - 102 ქულა 108 შესაძლებლიდან და 100-ე მეტი გოლი), მაგრამ წელს გუნდი ნამდვილ კონკურენციას გადააწყდა. ჯერჯერობით დაკარგული ქულებით "რეინჯერსი" ბევრით ჩამორჩება ლიდერ "ჰართს" - სხვაობა 10 ქულაა. ამასთან, "რეინჯერსის" სახელფასო ბიუჯეტი მხოლოდ "სელტიკის" ბიუჯეტს ჩამორჩება.

ფულთან უყაირათო მოპყრობა (67 მილიონი ფუნტი ზარალი ორი წლის განმავლობაში) კინაღამ ფინანსური დამოუკიდებლობის დაკარგვად დაუჯდა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს. გულშემატკივრები არ ჩქარობდნენ აბონემენტების შეძენას, კლუბის ანგარიშები ცარიელი იყო, ამასობაში კი სასამართლომ დააკმაყოფილა ყოფილი კომერციული დირექტორის იმრან აჰმადის სარჩელი...

"რეინჯერსს" აღარ შეეძლო ხელფასის გადახდა, პრემიერლიგამ სპეციალური გამოძიება დაიწყო, კლუბმა კი პოტენციური ინვესტორების ძიება.

ლურჯები. ნაჩუქარი მილიონები

გაირკვა, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, შოტლანდიის 54-გზის ჩემპიონის ბრენდი კვლავაც იზიდავს ფულიან ადამიანებს და სხვა საეჭვო ელემენტებს, რომლებიც "აიბროქსზე" მოწყობილი კასტინგის რიგში ჩაეწერენ. საბოლოოდ, სახიფათო ზღვრამდე "რეინჯერსს" ორი მილიონი ფუნტი აშორებდა, რომელიც "ნიუკასლის" ექსცენტრულმა მფლობელმა მაიკ ეშლიმ გადაიხადა. ინგლისელმა ბიზნესმენმა რეინჯერსის" მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 2012 წელს გააჟღერა, ახლა კი მას ეკუთვნის კლუბის აქციათა 10 პროცენტი. თუმცა რეალურად ეშლი უკვე მთლიანად აკონტროლებს "ლურჯ ლეგიონს".

მან მოახერხა აქციათა 25 პროცენტის მფლობელისა და ფინანსური მაქინაციების გამო ინდონეზიაში გასამართლებულის სენდი ისდეილის ნდობის მოპოვება. ამ მხარდაჭერის წყალობით, ეშლი ახერხებს ისეთი გადაწყვეტილებების გატანას, როგორიცაა კლუბის აღმასრულებელი დირექტორის გადაყენება და თანამდებობებზე საკუთარი ხალხის დანიშვნა. "ნიუკასლის" გულშემატივრებში დაგროვილმა ზიზღმა მაინც იქონია შედეგი და ახლა, ეშლის სურს ვითარება გამოიცვალოს. 300 მილიონი ფუნტი - ეს ის თანხაა, რომლის სანაცვლოდ მზად არის შეელიოს ინგლისურ კლუბს და მთლიანად გადაერთოს შოტლანდიურ გრანდზე.

"რეინჯერსის" ფანებს დიდად არ მოსწონთ ეს სიტუაცია, მაგრამ თუ მათ გუნდს ეს ნანატრი სტაბილურობის შეძენაში დაეხმარება, ისინი მზად არის მოითმინონ კლუბის ხელმძღვანელად არა თუ ეშლი, არამედ თვით ეშმაკი. სხვათა შორის "აიბროქსზე" ასეთებიც ყოფილან. საკმარისია დავასახელოთ კრეიგ უაიტი, რომლის გამოც ოდესღაც "რეინჯერსი" უფსკრულში გადაიჩეხა, უაიტს კი 15 წელი აუკრძალეს ფეხბურთში საქმიანობა. მომდევნო ორწელიწადნახევარმა დაიტია სატრანსფერო ემბარგო, შიდა დაპირისპირებები და არცთუ უზრუნველი ცხოვრების სხვა ატრიბუტები. ახლა, როგორც ჩანს, დადგა ფეხბურთზე ფიქრის დრო.

დანარჩენები

იმისთვის, პირდაპირ გავიდეს პრემიერლიგაში, "რეინჯერსმა" უნდა გაუსწროს "ჰართსს". ამ უკანასკნელის მფლობელმა ვლადიმირ რომანოვმა ერთხელ დაიქანდა - ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოო, მაგრამ "ჰართსი" შოტლანდიური საზომითაც ვერ გახდა ტოპ-კლუბი. ხოლო ლიტვური ბანკის Ukio bankas-ის კრახმა, საიდანაც ხორციელდებოდა რომანოვის აქტივების ყველა ოპერაცია, კლუბი საბოლოოდ ჩაიძირა. "ჰართსს" თავისიანებისა და სხვების ვალი დაუგროვდა, ამიტომაც გარე მმართველობაზე გადავიდა. რომანოვი აყოვნებდა კლუბის გაყიდვას და საქმეებს მხოლოდ მაშინ ჩამოშორდა, როცა 15 ქულით დასჯილი გუნდი გათამაშების ცხრილის ფსკერზე აღმოჩნდა. ლიტველი ბიზნესმენის მმართველობა ისტორიაში პრემიერლიგიდან პირველად გავარდნით დასრულდა. და "ჰართსს" რომ არ მოეწყინა, მისმა მეტოქემ ედინბურგის დერბიდან - "ჰიბერნიანმაც" პირველ დივიზიონს მიაშურა...

შოტლანდიური ფეხბურთი "რეინჯერსის" "გადასახლებამდე დიდი ხნით ადრე გახდა კრიზისული, მაგრამ ერთ-ერთი გიგანტის მკაცრად დასჯამ საბოლოოდ დაუკარგა ინტერესი ადგილობრივ ჩემპიონატს და გაანადგურა შედარებითი კეთილდღეობის ნარჩენები. და თუ XXI საუკუნის დასაწყისში "სელტიკი" და "რეინჯერსი" ინგლისის პრემიერლიგაში შესვლას ითხოვდნენ მოწყენილობისა და დარდის გასაქარვებლად, ახლა ისინი შეერთებითაც კმაყოფილები იქნებიან.

ცოტა სტატისტიკა

პირველი თებერვლის შეხვედრა "ჰემპდენ პარკზე" საიუბილეო - მე-400 იქნება. წინა 399 მატჩიდან 159 მოიგო "რეინჯერსმა", 144 - "სელტიკმა", 96 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ორივე გუნდს ერთად 99 ჩემპიონობა აქვს მოგებული. აქაც "რეინჯერსი" ლიდერობს - 54 ჩემპიონობა 45-ის წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!
[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"რეინჯერსი"-"ნაპოლის" მატჩი გადაიდო - შეხვედრას იტალიელი ფანები ვერ დაესწრებიან
მაკგრეგორი საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს - კონორს ორი გუნდი მოსწონს
"ლიონმა" მუსა დემბელე 22 მლნ ევროდ შეიძინა
შესაძლოა, კუმანმა ბრიტანული გუნდი ჩაიბაროს
"რეინჯერსს" ოთარ კიტეიშვილი ურჩიეს
"სელტიკისთვის" ლევან შენგელია იდეალური ვარიანტი იქნება - გლაზგოურ გრანდს ქართველი შემტევის დამატება ურჩიეს
გლაზგოში "სლავიას" 1 ფეხბურთელი დაასახიჩრეს, მეორეს გვირაბში სცემეს [VIDEO]
"რეინჯერსის" ფანებმა ჩემპიონობა ერთმანეთის ცემით აღნიშნეს [VIDEO]
გვილია "აიბროქსზე", ქვილითაია ხორვატიაში - ქართველების გუნდების გადამწყვეტი მატჩები ევროპა ლიგის პლეი-ოფში
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი "სპორტინგში" და რის გამო აიწია მისმა ფასმა - ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
ბრენდან როჯერსის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც შინ მისი მეუღლე და ქალიშვილი იყვნენ
ლიბერიის პრეზიდენტის შვილი პსჟ-დან "სელტიკში" გადავა