
შვეიცარია ბოლო ტურში საფრანგეთს ხვდება, რუმინეთი - ალბანეთს
* ბოგდან სტანკუ გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ევრო 2016-ზე ორი გოლი გაიტანა, ორივე პენალტის ნიშნულიდან.
* გრანიტ ჯაკას 99 პასიდან 88 ზუსტი იყო.
* პირველ ტაიმში ჯაკა 63-ჯერ შეეხო ბურთს.
* ბურთის ფლობის 62%, რომელიც შვეიცარიელებს ჰქონდათ, მესამე შედეგია ევრო 2016-ზე. მათზე წინ მხოლოდ ესპანელები და პორტუგალიელები არიან.
რუმინეთის ნაკრებმა პირველ ტურში, საფრანგეთთანაც საკმაოდ კარგად ითამაშა და სულაც არ არის გასაკვირი, რომ შვეიცარიას კინაღამ მოუგო.
თუმცა ფრე ის შედეგია, რომელიც ორივე გუნდს უნარჩუნებს მერვედფინალში გასვლის შანსს - ცხადია, შვეიცარიელები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, თუმცაღა არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბოლო ტურში ფრანგებს ხვდებიან. "პარკ დე პრენსზე" გამართულ ამ საკმაოდ ინტენსიურ შეხვედრაში ანგარიში სტანკუმ პენალტით გახსნა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე ბურთი გაიტანა. მართალია, სტანკუს ორივე გოლი თერთმეტმეტრიანით აქვს გატანილი, მაგრამ მაინც...
შვეიცარიელთა თავკაც ვლადიმირ პეტკოვიჩს კი სასტარტო შემადგენლობის შეცვლის მიზეზი არ ჰქონია, რადგან პირველ ტურში მისმა გუნდმა ალბანეთი 1:0 დაამარცხა და არც არავინ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ჯაკას, როდრიგესის, ზომერის, შერის, ჯურუს, მეჰმედისა და სეფეროვიჩის სახით, შვეიცარიელთა ძირითადში ბუნდესლიგის 7 ფეხბურთელი ვიხილეთ.
1:1 მეჰმედი (57): როდრიგესის კუთხურის შემდეგ რუმინელებმა ბურთი მათთვის საშიში ზონიდან ვერ გამოიტანეს, მეჰმედიმ კი დაახლოებით 11 მეტრიდან, უძლიერესი დარტყმით, ტეტერუშანუს შანსი არ დაუტოვა!
ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარიის მთავარი მწვრთნელი): "ამ შეხვედრაში ერთი ქულის აღება მინიმუმია, რაც უნდა გაგვეთებინა და კიდევ კარგი, რომ ეს მაინც მოვახერხეთ. ცხადია, საფრანგეთთან უკეთესად უნდა ვითამაშოთ. დღევანდელი ქულით შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ და ვთქვათ, რომ მერვედფინალში თამაში თითქმის განაღდებული გვაქვს".
აქვე ვთქვათ, რომ ძალიან სუსტი იყო შვეიცარიელთა თავდამსხმელი ჰარის სეფეროვიჩი. მართალია, პირველი საგოლე მომენტის დროს კარგად გაიხსნა, მაგრამ მერე ბევრი შეცდომა დაუშვა და რუმინელთა მეკარე ტეტერუშანუსთან ერთი-ერთზეც დარჩა, მაგრამ ვერ აჯობა. პლუს ამას, სეფეროვიჩმა შვეიცარიის ნაკრებში ყველაზე ნაკლები პასი გააკეთა და ბურთს თვით მეკარე ზომერზე იშვიათად შეეხო! ამიტომაც შეცვალა ის მწვრთნელმა ემბოლოთი, რომელმაც შვეიცარიელთა თამაში ნამდვილად გამოაცოცხლა.
შვეიცარიელები შეტევაში მოქნილად გამოიყურებოდნენ. თვით სეფეროვიჩიც კი ხშირად გადადიოდა ფლანგებზე, შაჩირი კი, როგორც უკვე ვთქვით, ფაქტობრივად, ყველგან იყო.
რუმინეთის ნაკრების ტაქტიკა 4-4-1-1 კი იყო, მაგრამ როცა ბურთს შვეიცარიელები ფლობდნენ, იორდანესკუს გუნდი თავს ხშირად 5 მცველით იცავდა, ხოლო შეტევის დროს კი, ნომინალური "ათიანი" სტანკუ არაერთხელ აღმოჩნდა ცენტრფორვარდის პოზიციაზე.
უნდა ითქვას, რომ რუმინეთის ნაკრებმა საკმაოდ ვაჟკაცურად ითამაშა და შვეიცარიის ნაკრებს ბევრი პრობლემა შეუქმნა. მეორე ტაიმში შვეიცარიელებმა კიდევ უფრო მოინდომეს, უფრო აქტიურადაც შეუტიეს და საწადელსაც მიაღწიეს. ფრე აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია - შვეიცარიის ნაკრები ამ შეხვედრაში ქულაზე მეტს ნამდვილად არ იმსახურებდა.
ადმირ მეჰმედი შვე. 7,6
ვლად კირიკეში რუმ. 7,5
კრისტიან სეპუნარუ რუმ. 7,3
რიკარდო როდრიგესი შვე. 7,2
15 ივნისი. პარიზი. “პარკ დე პრენსი”
რუმინეთი-შვეიცარია 1:1
გოლი: 1:0 სტანკუ (19-პენ), 1:1 მეჰმედი (57)
რუმინეთი (4-4-1-1): ტეტერუშანუ - სეპუნარუ, გრიგორე, კირიკეში, რაცი (62. ფილიპი) - ტორჟე, პინტილი (46. ჰობანი), პრეპელიცე, ჩიპჩუ - სტანკუ (84. ანდონე) - კეშერუ.
შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, შერი, ჯურუ, რ. როდრიგესი - ბეჰრამი, გ. ჯაკა - შაჩირი (91. ტარაშაი), ჯემაილი (83. ლანგი), მეჰმედი - სეფეროვიჩი (64. ემბოლო).
გაფრთხილება: პრეპელიცა, ჩიპჩუ, კეშერუ, გრიგორე - გ. ჯაკა, ემბოლო
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 24-11; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 14(4)-19(6); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 45 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"