"მოდის სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი და ტერიტორიის საფასურად მილიონ დოლარს გვთავაზობს..."

ფოტოზე: გია მაისურაძე და მამუკა კვარაცხელია

ამ რამდენიმე დღის წინ სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" საინტერესო გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გაირკვა, ყველაზე მეტად რა სახის პრობლემები აწუხებდათ თბილისელებს. გამოკითხულთა 21 პროცენტი საგზაო საცობების გამო წუხს, 17-ს ჰაერის დაბინძურება ადარდებს, 13-ს - რეკრეაციული ზონების სიმცირე, 12-ს - გარემოს დანაგვიანება, ხოლო 11 პროცენტს - პარკირების საკითხები...

ეკოლოგიური კატასტროფა

ჰაერის დაბინძურება პირდაპირ უკავშირდება რეკრეაციული ზონების სიმცირეს. გამწვანების მკაცრად დადგენილი სტანდარტი არ არსებობს და მას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, გამწვანების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე, სულ მცირე, 9 კვ. მეტრი უნდა იყოს.

საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის ცნობით, ევროსაბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35.5 კვ. მეტრია. მსოფლიოს ყველაზე "მწვანე" ქალაქად ავსტრიის დედაქალაქი ვენა ითვლება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 120 კვ. მეტრი სიმწვანე მოდის, სტოკჰოლმში - 87.5, სინგაპურში - 66, ამსტერდამში - 45.5, ლონდონში - 27, სტამბულში 6.4 კვ. მეტრი.

რაც შეეხება თბილისს, საქართველოს დედაქალაქში ეს მაჩვენებელი 4-5 კვ. მეტრია, რაც გამწვანების საშუალო ევროპულ კოეფიციენტს დაახლოებით შვიდ-რვაჯერ ჩამოუვარდება. მაგრამ ეს ციფრები 2001 წლის მდგომარეობას ასახავს, მას შემდეგ ახალი მონაცემი აღარ გამოქვეყნებულა და დიდი ალბათობით, მდგომარეობა რადიკალურად იქნება გაუარესებული.

დიდი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ ჰაერის დაბინძურებისა და რეკრეაციული ზონების სიმცირის პრობლემების ნაწილი უშუალოდ უკავშირდება თბილისის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის სიმწირესა და მათ მასობრივ განადგურებას.

გაუაზრებელი პრივატიზაციის შედეგად, ქართული ფეხბურთიც საგრძნობლად დაზარალდა: გაიხსენეთ, ბოლო 25 წელიწადში რამდენი სტადიონი და მოედანი დაინგრა: აღარაფერს ვამბობთ სხვა ქალაქებზე, ვთქვათ - ბათუმზე, სადაც ცენტრალური, ეგრეთ წოდებული, "ბეენზესა" და ადელის სტადიონები გასხვისდა, ზუგდიდშიც აღარ დარჩა ცენტრალური არენა და ასე შემდეგ.

აქვე ვიტყვით: ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბათუმის "დინამოს" არათუ სტადიონს ვერ უშენებენ, არამედ ანგისაში ბაზის მშენებლობაც (ნოემბერში უნდა დასრულებულიყო) შეჩერდა. ბათუმელებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს დროებითი შეფერხება იყო და მშენებლობა გაგრძელდებოდა, მაგრამ... მშენებელი კომპანია გაჩერებულია.

"დინამოს" ხელმძღვანელობას ბათუმის მერიაში აცნობეს, რომ მშენებლებს დასჯიან, მაგრამ ამით ტრიბუნები რომ შენდებოდეს, მაშინ ფოთის "ფაზისი" უკვე ორჯერ იქნებოდა წამოჭიმული. პირობების შეუსრულებლობის გამო იქ კომპანია სამჯერ დასაჯეს - ფული შეიჭამა, ფოთელები კი სტადიონზე ჯერ ისევ ოცნებობენ. ამას რომ თავს ვერ მოაბამ, რაღაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია?!.

ვინ შეჭამა 60 ჰექტარი?!

...დავუბრუნდეთ მთავარს. თბილისში სულ გასხვისებულია 23 სტანდარტული სტადიონი და 40-ზე მეტი (ბოლო მონაცემებით) საშუალო თუ მცირე ზომის მოედანი, ანუ ჯამში - 63. ამას გარდა, თბილისის "ფილტვებად" წოდებული იპოდრომიც გაყიდულია, მაგრამ იქ ჯერ მშენებლობა არ დაუწყიათ.

სპეციალისტებს დაკარგული სტადიონებისა და იპოდრომის ტერიტორიების ჯამური ფართის დათვლა ვთხოვეთ და აღმოჩნდა, რომ ეს ციფრი დაახლოებით 60 ჰექტარს აღწევს.

ასეთ დაბინძურებულ ქალაქში 60 ჰექტარის სამშენებლოდ გასხვისება კატასტროფული მაჩვენებელია და თბილისის ეკოლოგიური პრობლემის ერთ-ერთ მიზეზზე მეტყველებს. ამიტომაც არის (არა მხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით), ყოველ ახალ შესაძლო დანაკარგზე რომ ვდარდობთ.

ამიტომაც ატყდა ახლახან ერთი ამბავი, როცა თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებმა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დიღმის ბაზასთან საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს. გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეების მოთხოვნა მშენებლობის შეჩერება იყო, რადგან პერსპექტივაში მაღალსართულიანი საცხოვრებული კორპუსი ბაზის სრულყოფილ ფუნქციონირებას შეუშლის ხელს.

საფეხბურთო რუკიდან მთვარის გლობუსიც ქრება

შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, კიდევ ერთი სტადიონი დაიკარგოს, ამჯერად - სანზონაში, რომელიც დამოუკიდებლობის წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფეხბურთო სკოლის, "მთვარის გლობუსის" საკუთრებაშია.

ამ სკოლის აღზრდილები არიან ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილი წევრები - გიორგი ლომაია, ზურაბ მამალაძე, გიორგი შაშიაშვილი, ილია კანდელაკი, გია კვარაცხელია, ჯაბა დვალი, მიშა ხუციშვილი, ლევან ბაჯელიძე, ზვიად ხაჩირაშვილი, დათო ლომაია, ლაშა ქებაძე, ჯაბა დვალი...

ამის შესახებ სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი სპეციალისტი გია მაისურაძე გველაპარაკა:

"ეს ტერიტორია 1988 წელს მეგობრებთან ერთად შევიძინე და საფეხბურთო სკოლა დავაფუძნე. თავიდან "მთვარის გლობუსი" კარგად მუშაობდა და ბევრი ცნობილი ფეხბურთელიც გაგვიზრდია, მაგრამ ბოლო წლებში ძალიან გაგვიჭირდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არავინ დაგვხმარებია. თბილისის ფედერაცია ბურთებით გვამარაგებდა - ეს იყო და ეს.

ჩვენ სტანდარტული მოედანი გვაქვს, სადაც ბალახის საფარია. მას თავად მწვრთნელები ვუვლით, რადგან ფინანსები არ გვაქვს. ამაში უფასო რეკომენდაციებით მოედნების მოვლის ცნობილი სპეციალისტი ლევან ცხოვრებაშვილი გვეხმარება. დამატებით, მეგობრების წყალობით, მინი-მოედანი მოვაწყვეთ, მაგრამ სტადიონს იმხელა შრომა შევწირე, ძალა და ენერგია აღარ შემრჩა და ფეხიც დავიზიანე", - ამბობს მაისურაძე.

"მთვარის გლობუსის" დამფუძნებლის თქმით, არსებულმა პრობლემებმა სკოლის სახელზეც უარყოფითად იმოქმედა:

"ადრე გამორჩეული სკოლა გვქონდა, სადაც ბავშვებს მოსვლა ეამაყებოდათ, მაგრამ ახლა ძალიან გაგვიჭირდა და სახელს ვინღა ჩივის, გადარჩენაზე გვაქვს საქმე. საკმარისია, წვიმა წამოვიდეს, რომ მოედანზე ბავშვებს ვეღარ ვავარჯიშებთ. ასეთ სკოლას კი ყველა ერიდება. ამიტომ ვერეს ხეობაში, 195-ე სკოლაში ტერიტორია იჯარით ავიღეთ და იქ მინი-მოედნები მოვაწყვეთ.

მაგრამ ბავშვებს ასაკი რომ ემატებათ, გამორჩეულები წამყვან სკოლებს მიჰყავთ, რადგან ვერეს ხეობაში სტანდარტული მოედანი არ გვაქვს. კიდევ კარგი, 13 ივნისის წყალდიდობისას კორპუსებმა დაგვიცვა და მოედნებს არაფერი მოსვლია...

მაგრამ სტიქიურ უბედურებაზე მეტ პრობლემას უფულობა გვიქმნის. მარნეულელებმა ჩვენი მოზარდებისგან გუნდის ჩამოყალიბება და მეორე ლიგაში "ალგეთის" სახელით გამოსვლა გვთხოვეს. პატარა ბიჭებით 35-ე სკოლის სტადიონზე ვთამაშობთ. არადა, სანზონაში სტანდარტული (102X65) მოედანია და ხელოვნური საფარი რომ დავაგოთ, კარგი საფეხბურთო ცენტრი ამოქმედდება.

მარტო კი დავიღალე, აღარ შემიძლია... 30 წელია სკოლის შენარჩუნებას ვცდილობ, მაგრამ გვერდში თუ არავინ დამიდგა, მეშინია, ამ ტერიტორიის დათმობა არ მომიხდეს".

უარი მილიონზე

მაისურაძე საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტებზე გველაპარაკა:

"ფიფას კანონით, ფეხბურთელების გაზრდისთვის სკოლას კომპენსაცია ეკუთვნის, მაგრამ ჯაბა დვალში თანხა მხოლოდ თბილისის "დინამომ" გადაგვიხადა. საკუთარი სურვილით კომპენსაციას თითქმის არც ერთი კლუბი არ იხდის. "მთვარის გლობუსმა" კუთვნილიც ვერ მიიღო, გადასახადი კი ჩვენთან მინიმალურია - 30 ლარი. ცხადია, ასეთ პირობებში სკოლის მოვლა გაგვიჭირდა...

ამ დროს, მოდის სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი და ტერიტორიის საფასურად მილიონ დოლარს გვთავაზობს. მიჭირდა და გაყიდვას ვინ დამიშლიდა, როცა კანონი დამფუძნებლებს ამის უფლებას გვაძლევდა, ავიღებდით ფულს და მხარ-თეძოზე წამოვწვებოდით, მაგრამ უარი ვთქვით და ისევ ისეთ მძიმე მდგომარეობაში დავრჩით.

თუმცა ახლა კიდევ ერთი მსურველი რომ გამოჩნდეს და გავყიდო, არადა, მსურველი ახლაც არის, მერე ჩემზე და სხვა დამფუძნებლებზე აუგს იტყვის ვინმე?".

ცნობილი მწვრთნელის თქმით, სკოლას დახმარება სჭირდება:

"ამ სტადიონის გაყიდვა რომ არ შეიძლება, ეს მეც კარგად ვიცი და გული ამიტომაც მიკვდება: თუ არაფერი შეიცვალა და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა, დამფუძნებლებს სხვა გზა არ დაგვრჩება. ახლა სტადიონის შენახვა უდიდესი ხარჯია და ოჯახის დაქცევას ნიშნავს. სტადიონი უკვე მათაც ყელში ამოუვიდათ. მაგრამ, ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა, სტადიონსა და სკოლაში სერიოზული ინვესტიცია ჩაიდოს და ასეთ შემთხვევაში, "მთვარის გლობუსი" ისევ ძველებურად ამუშავდება.

სტადიონის ბედი ახლა წყდება - ან ფეხბურთით დაინტერესებული ინვესტორი მოვა და სკოლას გადაარჩენს, ან მშენებლები შემოვლენ და სახლებს წამოჭიმავენ, მე კი ამას ვეღარ შევეწინააღმდეგები".

"ლელო" სფფ-ის სტადიონების განყოფილების უფროსს, მამუკა კვარაცხელიას დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, "მთვარის გლობუსის" სტადიონის გადარჩენა ქართულ ფეხბურთს სჭირდება და ეს პრინციპული საკითხია.

"გასულ წლებში გია მაისურაძის დასახმარებლად რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. არადა, აღნიშნული სტადიონი სრულად აკმაყოფილებს სტანდარტულ ზომებს (102X64 მ-ზე) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის (გასახდელი, ტრიბუნები, განათება) დამატების შემთხვევაში მასზე პრო-2 ლიგის თამაშების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი და ცხადია, საფეხბურთო სკოლა უშუალო მოვალეობასაც უკეთ შეასრულებს. მისი გასხვისება ამიტომაც არის კატეგორიულად მიუღებელი", - ამბობს კვარაცხელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nino
ra gveshveleba ar vici.pederaciam zomebi unda miigos.sircxvilia am klubma bevri pexburteli gazarda.didi madloba gia maisuradzes.kidev bevri sakme aris gasaketebeli.imitom vart am dgeshi rom profesionalebi ar gvyavs.gia maisuradze aeis bavshvta pexburtshi gamorcheuli da sauketeso specialisti.21 saukuneshi rom ketilmowyobaze vilaparakebt 25 saukuneshi movigebt tamashs...........
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
განახევრებულმა "აკადემიამ" "ოლიმპს" მოუგო
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]