საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები ფრანგული სერიის პირველი მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
უმცროსი "ბორჯღალოსნები" საფრანგეთში, პარიზიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე "ლე ბლეს" (საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თიკუნი) ბაზაზე - "მარკუსიზე", 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან და მასპინძელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ თამაშს გამართავენ.

ჩვენი გუნდი საფრანგეთში 6 თებერვალს გაემგზავრა და პირველი, მოსამზადებელი თამაში 11 თებერვალს უნდა გაემართა, თუმცა დიდთოვლობის გამო შეხვედრა ერთი დღით გადაიდო და ის 12 თებერვალს, საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

"ძირითადი მოედნის გაწმენდა ვერ მოესწრო. ფრანგები საკუთარ ბაზას მაქსიმალურად უფრთხილდებიან და თამაშის გადადება თავად ითხოვეს“, - ამბობს უმცროსი "ბორჯღალოსნების"
ფიზმომზადების მწვრთნელი გიორგი ნადარეიშვილი.

უამინდობას ხელი არ შეუშლია ჩვენი გუნდის მზადებისთვის, რადგან "მარკუსიზე" ამისათვის ყველა პირობაა შექმნილი.

"ეს ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე დიდი ბაზაა, რაც ოდესმე მინახავს. აქ მოსამზადებლად ყველანაირი პირობაა. ვვარჯიშობთ როგორც დარბაზში, ასევე ხელოვნურსაფარიან მოედანზე, რომელიც გადახურულია. ვემზადებით როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად და ტაქტიკურად“, - გვიყვება ნადარეიშვილი.

იმის გამო, რომ საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ასაკობრივ ექვს ერში თამაშობს, უმცროსი "ბორჯღალოსნები" მის უახლოეს რეზერვს ეთამაშებიან, თუმცა მის შემადგენლობაში მყოფი ბიჭები, აღნაგობითა და ტექნიკურ-ტაქტიკური მონაცემებით ძირითადში მყოფებს არაფრით ჩამოუვარდებიან:

"ჩვენ ვნახეთ ეს ბიჭები და ისინი აღნაგობით არაფრით ჩამოუვარდებიან იმ მორაგბეებს, რომლებიც 20-წლამდელთა ექვს ერზე თამაშობენ. დიდი ბიჭები ჰყავთ და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ფრანგებს არჩევანის საშუალება აქვთ და ფიზიკურ მონაცემებს დიდ ყურადღებას აქცევენ“.

ფრანგებს სურთ, რომ უახლოესი რეზერვიდან რაც შეიძლება ბევრი მოთამაშე გამოსცადონ. ამიტომ ქართველებს შესთავაზეს, რომ პირველ მატჩში 26-მა მოთამაშემ მიიღოს მონაწილეობა და შეცვლებიც შეუზღუდავად განხორციელდეს.

"ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი თამაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მაღალი ინტენსივობის გუნდებთან რაც შეიძლება ბევრი მოთამაშე გამოვცადოთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე. რა თქმა უნდა, მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებით, თუმცა მთავარია, მივიღოთ გამოცდილება“ - ამბობს შერკინების მწვრთნელი.

საფრანგეთის 20-წლამდელთა სარეზერვო გუნდთან მეორე მატჩი 16 თებერვალს გვექნება, რომლის ლაივსთრიმიც გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, იქ გუნდები რაგბის წესების სრული დაცვით, 23-23-კაციანი შემადგენლობებით ითამაშებენ.

20-წლამდელთა ფრანგულ შეკრებაზე არიან:

გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), გიორგი ახალაძე (აია), გიორგი დიასამიძე (ლელო), ირაკლი მეთაფლიშვილი (ლელო), ლევან პაპიძე (ლელო), თენგიზ ზამთარაძე (ლელო), გიორგი მენაბდე (ბათუმი), სოსო ჭყოიძე (ლელო), გიორგი ხარეიშვილი (ხაშური), ლუკა ჯაფარიძე (ლელო), გიგა გრიგალაშვილი (ლელო), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), ლუკა გელაშვილი (ხარები), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო), სანდრო კალმახელიძე (არმია), თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), რატი ჟორჟოლიანი (ლელო), არსენ მაჩალაძე (აია), საბა ჯღარკავა (ლელო), ლუკა დვალიშვილი (არმაზი), ელგუჯა კიკვაძე (ბაგრატი), თენგიზ პერანიძე (ლელო), დავით კლდიაშვილი (ჯიქი), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), მანუჩარ გრიგოლია (ბათუმი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ოთარ ძაგნიძე (აია), ბექა აბულაშვილი (ლელო), დავით შვანგირაძე (ივერია), კოტე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ბექა მამუკაშვილი (ლელო), დურმიშხან ჯაბნიძე (ბათუმი), შოთა სეფაშვილი (ჩოხოსნები), გიორგი ასათიანი (ლელო).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ