ამხელა სხვაობით წაგებას არ ვიმსახურებდით - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიასთან მატჩს აფასებს

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირის 6-გზის ჩემპიონ ახალ ზელანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა ტურნირის მთავარმა ფავორიტმა 45:13 იმარჯვა.

მიუხედავად ამისა, მთელ რიგ ეპიზოდებში ქართველი მორაგბეები მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, შერკინებაში კი უპირატესობაც ჰქონდათ.

ამას ელოდა მარცხენა ბურჯი ნიკა ღვალაძე, რომელიც განვლილ შეხვედრას აფასებს:

"ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ახალ ზელანდიას გახსნით მატჩში შევხვდით. ბიჭები ძალიან მოტივირებულნი ვიყავით. გვინდოდა მაქსიმუმის გაკეთება, სათამაშო სისტემის გამოცდა და გამოცდილების მიღება, რაც, ვფიქრობ, გამოგვივიდა.

ჩემი აზრით, არ ვიმსახურებდით ამხელა სხვაობით წაგებას, მაგრამ რაგბია
და შეცდომებმა თავისი ქნა. ვფიქრობ, როგორც გუნდმა, კარგად ვითამაშეთ. ერთადერთი ფაქტორი, რითაც გვაჯობეს, კლასი და დონეა. ახალზელანდიელები მსოფლიოს გამორჩეულ ჩემპიონატებში თამაშობენ და სწორედ ამიტომ არიან ასეთი კარგი მოთამაშეები.

პირველ ტაიმში ძალიან ცოტა შერკინება იყო და ამიტომ თავი დიდად ვერ გამოვიჩინეთ, მაგრამ მოგვიანებით ვაჩვენეთ, რაც შეგვიძლია. ველოდი, რომ ასე იქნებოდა, რადგან ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ და ყველა ჩვენგანი საფრანგეთში, ტოპ 14-ში ან პრო დ2-ში ვთამაშობთ, რამდენიმეს კი ელიტაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. შესაბამისად, ამ შედეგს მოველოდი".

მეორე-მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი ფიქრობს, რომ ახალ ზელანდიასთან გუნდმა პოტენციალი აჩვენა:

"როგორც ყოველთვის, შერკინებაში დომინანტები ვიყავით, მოლიც კარგი გვქონდა, მაგრამ მეტოქემ გაშლილ თამაშში კლასის ხარჯზე გვაჯობა. ისინი ძლიერები იყვნენ ოფლოუდებსა და მიყოლაში, ხოლო სათამაშო ტემპში ასე თუ ისე ავყევით. გამოჩნდა, რომ პოტენციალი გვაქვს და ვეცდებით, ჩვენი შესაძლებლობები შემდეგ თამაშებში დავამტკიცოთ. ამ თამაშების მოსაგებად მაქსიმუმს გავიღებთ და ვეცდებით, გულშემატკივარი გავახაროთ".

ქომაგს მოსაგებად ბრძოლას ჰპირდება ნიკა ღვალაძეც:

"ჯგუფში ორი რთული თამაში დაგვრჩა და აუცილებლად მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ. ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ბევრჯერ დაგვიმტკიცებია, რომ შეგვიძლია მაღალი დონის გუნდებთან მოგება. მომდევნო ორ მატჩში მოედანზე მოსაგებად გავალთ და შევეცდებით, რა შეცდომებიც პირველ შეხვედრაში დავუშვით, აღარ გავიმეოროთ".

განვლილი თამაშით კმაყოფილი დარჩა მიხეილ ალანია:

"ახალ ზელანდიასთან მატჩში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოჩნდა ჩვენი შერკინების ძალა, რაც მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, მეტად დასაბალანსებელია შერკინების და ხაზის თამაში.

მე-60 წუთამდე ახალ ზელანდიასთან ტოლ-სწორად თამაში კი გვაძლევს იმის იმედს, რომ სიურპრიზები ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, მეორე ტაიმში მოგვიწია ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ასპარეზობა, რამაც თავისი კვალი დაატყო თამაშს. ჭირდა განმუხტვა და დიდ დროს დაცვაში ვატარებდით. ახალი ზელანდიის წინააღმდეგ 10-15 ფაზის დაცვა კი, მსოფლიო დონის ნებისმიერ გუნდს უჭირს.

ხაზის თამაშსაც რომ შევეხოთ, ვფიქრობ, სტატიკური ფაზიდან კარგად დავიცავით და საერთო ჯამში გამოჩნდა, რომ კლასში არ ყოფილა დიდი სხვაობა სუპერრაგბის ამომავალ ვარსკვლავებს და ჩვენს უკანახაზელებს შორის.

გადავერთეთ სამხრეთ აფრიკასთან თამაშზე. იგეგმება ვიდეოანალიზები და ყველაფერს გავიღებთ მომდევნო მატჩებში გამარჯვებებისთვის".

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" მომდევნო მატჩს 8 ივნისს, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვკითხულობ კომენტარებს და აშკარად იგრძნობა ჩვენი ქომაგების მიერ რაგბის თამაშის ცოდნის ამაღლება.თუმცა რა გასაკვირია რაგბი ხომ ჩვენი თამაში გახდა.ბოლო წლებში საქართველოში მრავალი ახალგაზრდა დაკავდა ამ უაღრესად საინტერესო თამაშით.
გიოშა
09:07 08-06-2019
0
ზელანდიელთა უკანა ხაზის კლასი ერთ დღეში არ მოვა, მაგრამ ს/აფრიკასთან თამაშისას ბოჭვებს, რაქის სწრაფად გასუფთავებას და მიყოლას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს და ს/აფრიკის დამარცხება სულაც არაა შეუძლებელი. მე პირადად სამეგობროში ჩვენების მოგებაზე და თაფლაძის ლელოზე მაქვს სანაძლეო დადებული
მერაბ გ.
06:06 07-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.