"ბორჯღალოსნების" სამი დებიუტანტი

AutoSharing Option
„შემოდგომის ერთა თასისთვის“ გამოძახებულ მორაგბეებს შორის სამი ახალგაზრდა დებიუტანტია – 19 წლის "ორიაკის" 9 ნომერი მიხეილ ალანია, "არმაზის" 19 წლის მგეზავი ლუკა მატკავა და "ხვამლის" 18 წლის ფულბეკი დავით ნინიაშვილი.

ეროვნულ გუნდში თამაში ყველა სპორტსმენის ოცნებაა და როდესაც ეს ოცნება ასე ადრეულ ასაკში გიხდება, რთულია ემოციებთან გამკლავება. ახლა ყველაფერი მათ ხელშია. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ მოედანზე ყოფნას იმსახურებენ და დებიუტი ისეთი გუნდების წინააღმდეგ ექნებათ, როგორებიც ინგლისი, უელსი და ირლანდიაა.

მიხეილ ალანია: „მოგვიწევს ავყვეთ საოცარ ტემპს“
მიხეილ ალანია ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში
მეორედაა. პირველად მას ნაკრებში 2019 წლის მსოფლიო თასის წინ უხმეს, მაგრამ იაპონიაში წამსვლელთა შორის ვერ მოხვდა.

„2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატიდან რომ დავბრუნდი, პირველად ნაკრებში მაშინ დამიძახეს და ძალიან ბედნიერი ვიყავი. სამწუხაროდ, მაშინ საბოლოო შემადგენლობაში ვერ მოვხვდი და ვეცდები, შანსი ახლა გამოვიყენო“ – ამბობს ალანია, რომელსაც მეორედ შეკრებაზე შოტლანდიასთან ტესტ-მატჩისთვის დაუძახეს, თუმცა "ორიაკს" ერთბაშად ორი 9 ნომერი დაემტვრა, ალანიას კლუბში რეგულარულად თამაშის შესაძლებლობა მიეცა და მაისაშვილმა მოთამაშე კლუბში დატოვა:

„ვფიქრობდი, რომ თამაში სეზონის დასაწყისშივე მომიწევდა, მაგრამ „ჟიფის“ სტატუსი არ მაქვს და დებიუტის ლოდინი დიდხანს მომიწია. შანსი რომ მივიღე, ვფიქრობ, კარგად გამოვიყენე და ამ კვირაში ზედიზედ მეხუთე თამაშს ჩავატარებ. ასეთი სათამაშო პრაქტიკა ნაკრებშიც გამომადგება. სწორედ ამაზე ვისაუბრე ლევან მაისაშვილთან ერთი თვის წინ და კონკრეტულად „შემოდგომის ერთა თასისთვის“ ვემზადებოდი“ – აღნიშნა ალანიამ.

მიშიკოს მამა ვეტერანი "ბორჯღალოსანი" კახა ალანიაა, რომელმაც 1993-2004 წლებში "ბორჯღალოსნების" კვართით 25 თამაში ჩაატარა. ის ბედნიერია, რომ მისი შვილი ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ემზადება და დებიუტს მოუთმენლად ელოდება:

„ნერვიულობა და სიხარული ერთდროულადაა. მე დებიუტი ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ მქონდა, ის კი ინგლისის, უელსის ან ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს. მას რაგბისადმი მანიაკალური დამოკიდებულება აქვს და მიხარია, თავდაუზოგავი შრომით ამდენს რომ მიაღწია“.

თავად მიშიკო „შემოდგომის ერთა თასთან“ დაკავშირებით ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრებმა მომავალი თამაშები განვითარებისთვის უნდა გამოიყენოს:

„ასეთი მაღალი დონის ტურნირში პირველად ვითამაშებთ. მსოფლიო თასზეც კი არ გვიწევს ტიერ1-ის გუნდებთან ზედიზედ ოთხი თამაშის ჩატარება. ვფიქრობ, უნდა გავიდეთ და წნეხის გარეშე ვითამაშოთ, ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. მოგვიწევს ავყვეთ საოცარ ტემპს და ვფიქრობ, უდიდეს გამოცდილებას შევიძენთ“.

ლუკა მატკავა: „ნაკრებში ყველა ერთმანეთს უფრთხილდება“
ნაკრების შეკრებაზე პირველადაა "არმაზის" მგეზავი ლუკა მატკავა, რომელმაც ჯერ "უმცროს ბორჯღალოსნებში" გამოიჩინა თავი, მერე - დიდი 10-ის გარდამავალ სეზონში და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყურადღება დაიმსახურა:

„ნაკრებში ყველა თბილად დამხვდა. აქ ოჯახური, იდეალური გარემოა და ყველა ერთმანეთს ვუფრთხილდებით. გახარებული ვარ და ამავდროულად, ვნერვიულობ, რადგან ასეთი მაღალი დონის ტურნირზე წასვლა დიდი პასუხისმგებლობაა. თუ შანსი მომეცემა, მაქსიმალურად ვეცდები მის გამოყენებას“.

ლუკას და მისმა წინამორბედმა თაობამ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთხელ დაამტკიცა, რომ გრანდებთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლია. მატკავას 20-წლამდელთა ჩემპიონატზე წელსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ პანდემიის გამო ეს ტურნირი 2020-ში არ ჩატარდა:

„ტიერ1-ის გუნდებთან შეხვედრის შანსი ხშირად არ გვეძლევა და მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ შეგვიძლია მათ ტოლ-სწორად ვეთამაშოთ. აქამდე მსგავსი დონის გუნდებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვეთამაშე, მაგრამ დონეებს შორის განსხვავება ძალიან დიდია“.

დავით ნინიაშვილი: „ნაკრებში ვარჯიში განვითარებაში დამეხმარა“
ნაკრებში პირველად 17 წლის ასაკში, მაისში გამოიძახეს "ხვამლის" ფულბეკი დავით ნინიაშვილი. აქამდე მას 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე და 20-წლამდელების შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩში უთამაშია:

„მაისში ნაკრებში რომ დამიძახეს, ვერ ვიჯერებდი, სანამ სია ჩემი თვალით არ ვნახე. გუნდში ყველა კარგად დამხვდა და ეს განწყობის შექმნაში დამეხმარა. ნაკრებთან ვარჯიშში დავხვეწე ფეხით თამაში და ხელის ტექნიკა, გავიუმჯობესე ფიზიკური კონდიციები და თუ მომეცემა თამაშის საშუალება, ვეცდები, შესაძლებლობები მოედანზე დავამტკიცო“.

ახლა ის იმ გუნდის ნაწილია, რომელიც „შემოდგომის ერთა თასზე“, ტიერ1-ის გუნდებთან თამაშისთვის ემზადება:

„ნაკრებთან ერთად ასეთი დონის ტურნირისთვის მომზადება დიდი პასუხისმგებლობაა და შევეცდები, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო. სრულად ვარ ჩართული მოსამზადებელ პროცესში და ველოდები პირველ თამაშს“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორც იქნა ფულ ბექად ახალ სახეს ვიხილავთ!
გიორგი
18:00 05-11-2020
0
მაისაშვილო, ძმებო, ვიცით, რომ ყველა თამაშს გრანდებთან წავაგებთ, აქ ღირსების საკითხია არ დავაჩაგრინოთ თავი და არ შევრცხვეთ შერკინებაში, მოლში ... მოკლედ ჯანში... ხაშლამის, მწვადის და ხინკლის მჭამელი ხალხი ვართ... იმაზეც იფიქრეთ, თუ შოტლანდიასავით გადაგვიარეს ყველამ, მაშინ აღარც ტესტ მატჩებს გვაღირსებენ... ბიჭებო, წმინდა გიორგი გფარავდეთ...
გიორგი 50
15:47 05-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული