მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს, 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" „გ“ ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს. „ა“ ჯგუფში ჩემპიონი საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და იაპონია, ხოლო „ბ“ ჯგუფში ავსტრალია, ინგლისი, ირლანდია და ფიჯი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 24 და 29 ივნისს, ასევე, 4 ივლისს გაიმართება, ნახევარფინალები 9 ივლისს შედგება, ფინალები კი - 14 ივლისს.

ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადიან, ორი მეორეადგილოსანი და ორი უკეთესი მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ,
ხოლო უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი და სამი მეოთხეადგილოსანი მე-9-მე-12 ადგილებისთვის იბრძოლებენ. მე-12 ადგილზე გასული გუნდი 2024 წელს „ალაფაზე“ დაქვეითდება.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა „ალაფა“ 15-იდან 30 ივლისამდე კენიაში გაიმართება და მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. „ა“ ჯგუფში შოტლანდია, ურუგვაი, კანადა ან აშშ და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული ითამაშებენ; „ბ“ ჯგუფში ესპანეთი, სამოა, კენია და ჰონკონგი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატსაც სამხრეთი აფრიკა მასპინძლობს.

„მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ორი შესანიშნავი ტურნირის, 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და „ალაფის“ მასპინძელი ქვეყნები – სამხრეთი აფრიკა და კენია. ეს ტურნირები უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა, ნიჭიერი მორაგბეების განვითარებისთვის. ამ ტურნირებმა არსებობის 15 წლის განმავლობაში თავისი ეფექტურობა თვალნათლივ დაგვანახეს: არაერთმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა საერთაშორისო დონეზე და ბევრ მათგანს ვიხილავთ 2023 წლის მსოფლიო თასზე, რომელიც სექტემბერში დაიწყება. რაგბის განვითარების კუთხით, აფრიკა მნიშვნელოვანი რეგიონია და მადლობელი ვართ სამხრეთ აფრიკისა და კენიის, რომლებიც დაუვიწყარ სანახაობას გვთავაზობენ“ – განაცხადა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა.

„სამხრეთი აფრიკა ამაყია მსოფლიო დონის ტურნირების მასპინძლობის გამოცდილებით, ასევე, ტრადიციებით და მოხარული ვართ, რადგან ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ მორაგბეთა მომავალ თაობებს. ჩვენ გვაქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, გვყავს ფანტასტიკური გულშემატკივარი და დარწმუნებული ვარ, ორ წარმატებულ 20-წლამდელთა ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ“ – დაამატა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ ალექსანდერმა.

„სამხრეთი აფრიკა ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მოხარულნი ვართ, იქ მორიგ ჯერზე ჩასვლის შესაძლებლობა რომ გვექნება. ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელსაც ვეწვევით სამხრეთ აფრიკას, რადგან საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი სარაგბო ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდები რეგულარულად თამაშობდნენ უმაღლესი დონის ტურნირებში. ამის დასტური ეროვნული ნაკრებია, რომელიც მუდამ ივსება იმ მაღალი დონის მოთამაშეებით, რომლებმაც დიდ რაგბიში პირველი ნაბიჯები 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე გადადგეს“ – აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, "უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში 2015 წელს აღზევდა და უძლიერესთა შორის ადგილი ზედიზედ 4-ჯერ შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ეს „ალაფიდან“ დაწინაურებულმა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. 2020-22 წლებში ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო გაუქმდა და 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რაგბის დაარსების 200 წლის იუბილეზე ბრუნდება.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.