იტალიის ნაკრებმა გუშინ ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა, მომდევნო შეხვედრა კი უკვე ევროპის ჩემპიონატის ეგიდით არის დაგეგმილი. იტალია ბელგიას შეხვდება, გუნდს, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლება.
რა ტაქტიკა-შემადგენლობით ითამაშებს ანტონიო კონტეს გუნდი ევროფორუმზე? - ამ თემაზე უკვე თამამი პროგნოზების გაკეთება შეიძლება.
საბაზო ტაქტიკა და ოპტიმალური შემადგენლობა
იტალიის ნაკრების საბაზო ტაქტიკა იქნება 3-5-2, რომელიც თამაშის მსვლელობისას მუდმივად იცვლის სახეს. დაცვით ფაზაში სქემა ერთობ მობილური და მოქნილი სქემაა, რომლის წარმატებით გამოყენება ბევრ მწვრთნელს და შესაბამისად, გუნდს არ შეუძლია, თუმცა იტალიელებს ტაქტიკური თვალსაზრისით პრობლემები არასდროს ჰქონიათ, დღეს კი ღიად აცხადებენ, რომ ექსტრა-კლასის ფეხბურთელების დეფიციტის ფონზე, ტაქტიკური განსწავლულობა და კარგი ფიზიკური მომზადება მათი მთავარი იარაღი უნდა იყოს.
ანტონიო კონტეს უკვე შერჩეული ჰყავს ის 11 ფეხბურთელი, რომლებსაც ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს: კარში - ჯანლუიჯი ბუფონი; დაცვაში - ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი; დაცვაზე ორიენტირებული საყრდენი ნახევარმცველი, დანიელე დე როსი - მის მხარდამხარ ალესანდრო ფლორენცი და ემანუელე ჯაკერინი; მარჯვენა ფლანგზე - ანტონიო კანდრევა, მარცხნივ - მატეო დარმიანი და შეტევაში - მარტინს ედერისა და გრაციანო პელეს ტანდემი.
სწორედ ამ შემადგენლობით ითამაშა იტალიამ შოტლანდიასთან და დიდია შანსი, რომ ამ გუნდით დაუპირისპირდეს ბელგიას ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში.
რამდენიმე აქტუალური საკითხი
- რა მოხდება, თუ დაცვის ტრიოდან: ბარძალი-ბონუჩი-კიელინი, რომელიმემ ტრავმა მიიღო? - ასეთ შემთხვევაში, ძირითად შემადგენლობაში ანჯელო ოგბონა ითამაშებს, რომელიც სწორედ ხსენებული სამეულის ალტერნატივად, მთავარ შემცვლელად წავა საფრანგეთში. თუ იტალიას ფატალურად არ გაუმართლა და ოგბონას გარდა, კიდევ ერთი ცენტრალური მცველი დასჭირდა, ამ როლის შესრულება დანიელე დე როსის შეუძლია.- რატომ არის ფლორენცი ცენტრში და კანდრევა ფლანგზე? - ალესანდრო ფლორენცი "რომაში" ფლანგზე თამაშობს, მაგრამ ნაკრებში კონტემ ის ცენტრში გაამწესა. ბოლო ინფორმაციით, კონტე ფიქრობს ამ კონფიგურაციის შეცვლაზე და ფლორენცის მარჯვნივ გადაყვანაზე.
ასეთ შემთხვევაში, კანდრევა ან მარცხივ უნდა გადავიდეს და ძირითადიდან მატეო დარმიანი ამოაგდოს, ან თადარიგში დაჯდეს და ცენტრში ადგილი მარკო პაროლოსთვის გათავისუფლდეს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს კონტე...
- რატომ არის ხელშეუხებელი ედერი? - რატომ თამაშობს ედერი მუდმივად და ეს მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მეორე ნახევარი მთლიანად ჩააგდო? - ერთი, რომ შესარჩევ ეტაპზე ედერი თითქმის ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყო და დიდი წვლილი შეიტანა იტალიის ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში.
ამასთან, კარგად ეწყობა გრაციანო პელეს და მისგან განსხვავებით, სიღრმიდან უყვარს თამაში. 3-5-2 ტაქტიკის პირობებში, ფორვარდთა ურთიერთგაგება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ედერი და პელე კი მოედანზე ერთად კომფორტულად არიან.
- რატომ არ ენდობიან ლორენცო ინსინიეს? - მთავარი პრობლემა ტაქტიკური მონახაზია. "ნაპოლი" 4-3-3 სქემით თამაშობს, სადაც ინსინიე გარემარბის პოზიციაზე ირჯება, კონტე კი ამ ტაქტიკურ მონახაზს, პრაქტიკულად, არ იყენებს. ლორენცო ზედმეტად შემტევია იმისთვის, რომ 3-5-2 ტაქტიკის პირობებში ფლანგზე ითამაშოს, თავდამსხმელთა ტანდემში კი უჭირს შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა. და მაინც, ინსინიე ედერის მთავარი ალტერნატივა იქნება და ვინ იცის, იქნებ წაართვას კიდეც ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
- ვინ იქნება პელეს მთავარი ალტერნატივა? - თუ ედერის შემცვლელი ლორენცო ინსინიეა, პელეს ალტერნატივად სიმონე ძაძა და ჩირო იმობილე უნდა განვიხილოთ. უფრო დიდი ავანსები ძაძაზეა გაცემული, რომელიც "იუვენტუსში" მეტწილად თადარიგში იჯდა, მაგრამ როცა კი დრო ჰქონდა, გოლებსაც იტანდა და არც სხვა კომპონენტებში დაიწუნებოდა.
მოკლედ, იტალიაში აქვთ იმედი, რომ ძაძა შესაძლოა, ახალი პაოლო როსი ან ტოტო სკილაჩი გახდეს.
- რატომ მიიღო 10 ნომერი ტიაგო მოტამ? - რატომ მიიღო 10 ნომერი ორიუნდიმ, ანუ ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა, როდესაც ამ ნომრით თავის დროზე რივერა, ანტონიონი, ბაჯო, დელ პიერო და ტოტი თამაშობდნენ? - მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ იტალიის ამ ნაკრებში უბრალოდ არ არის ისეთი ფეხბურთელი, რომლისთვისაც 10-ნომრიანი მაისური ორგანული იქნება და შესაბამისად, ლიდერის ჭაპანს გასწევს.
მეორე, კონტემ დააფასა თავისი ამპლუის ფეხბურთელი და განაცხადა კიდეც, რომ ფეხბურთში დიდება თუ სახელი მუდამ გამთამაშებლებს ან თავდამსხმელებს ხვდებათ და დროა, რომ დაფასდნენ ის ფეხბურთელებიც, რომლებიც მოედანზე შავ სამუშაოს ასრულებენ. მოტა სწორედ ასეთია და ერგო კიდეც პატივი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"