02:17 07-06-2016
ევრო 2016. ამხანაგური მატჩები: კონტე ბუფონის გარეშეც იგებს [VIDEO]
AutoSharing Option
ვერონაში იტალიის ნაკრები საკუთარ გულშემატკივარს დაემშვიდობა, გენერალური რეპეტიცია წარმატებული გამოდგა - "სკუადრა აძურამ" 2:0 დაამარცხა ფინეთის ნაკრები. ანგარიში ანტონიო კანდრევამ გახსნა პირველ ტაიმში, როცა თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია. მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი შეცვლაზე შესული დანიელე დე როსის ანგარიშზეა.
ის სულ 6 წუთის გამოსული იყო მოედანზე, როცა ნაკრებში თავისი მე-18 გოლი შეაგდო. "აძურაში" ახლა ამაზე მეტი გოლი არც ერთ ფეხბურთელს არა აქვს გატანილი. ანტონიო კონტემ უპირატესობა 3-5-2 სქემას მიანიჭა, ფლანგებზე კი კანდრევა და სტეფან ელ შაარავი განალაგა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი სიმონე ძაძა იყო, რომელიც მუდმივად აწუხებდა ფინალთა დაცვას და მეკარეს. იტალიის ნაკრები ევროკამპანიას 13 ივნისს ბელგიასთან მატჩით იწყებს. ეს ევრო 2016-ის პირველი ყველაზე საინტერესო დაპირისპირებაა.
ანტონიო კონტე (იტალია): "ჩვენ მეორე ამხანაგური მატჩი მოვიგეთ. ახლა კი ერთი კვირა გვაქვს რაღაც ნიუანსების გასაუმჯობესებლად. პირველ რიგში, ტემპის მოსამატებლად, ასევე, დასამუშავებელი გვაქვს, რამდენიმე ტაქტიკური სქემა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იტალიის ნაკრებში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც ასევე კარგი ადამიანებია. ხანმოკლე ტურნირებში, როგორიც ევრო 2016-ია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაში იყვნენ და გუნდში სასიამოვნო ატმოსფერო იყოს. მე ეს მსიამოვნებს".
მატჩის შემდეგ მეკარე სალვატორე სირიგუმ, რომელმაც კარი მშრალად შეინახა, განაცხადა, რომ წარმოდგენა არა აქვს, რატომ ათამაშა მწვრთნელმა ის და სკამზე რატომ დასვა ჯანლუიჯი ბუფონი.
პოლონეთის ნაკრებმა ვერ შეძლო გოლის გატანა ლიტველთა კარში და შეხვედრა 0:0 დასრულდა. აი, ისლანდიის გუნდმა იოლად მოუგო სუსტ ლიხტენშტაინს - 4:0. აღსანიშნავია, 37 წლის ეიდურ გუდიონსენის გოლი, მან წერტილი დაუსვა ლიტხენშტაინელთა რბევას.
ამასობაში, გუნდების უმრავლესობა უკვე საფრანგეთშია. გუშინ მასპინძელ ქვეყანას ჩააკითხეს სლოვაკეთის, შვეიცარიის და ალბანეთის ნაკრებებმა.
პოლონეთი-ლიტვა 0:0
იტალია-ფინეთი 2:0
გოლები: 1:0 კანდრევა (27-პენ), 2:0 დე როსი (71)
იტალია (3-5-2): სირიგუ - ბარძალი, ბონუჩი (85. ოგბონა), კიელინი - კანდრევა (76. ბერნარდესკი), პაროლო, მოტა (63. დე როსი), ჯაკერინი (64. სტურარო), ელ შაარავი (69. ფლორენცი) - ძაძა (81. პელე), იმობილე
ისლანდია-ლიხტენშტაინი 4:0
გოლები: 1:0 სიგტორსონი (10), 2:0 საევარსონი (20), 3:0 ფინბოგასონი (42), 4:0 გუდიონსენი (82)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული