ევრო 2016-ის ამბები: ჩემპიონატის ყველაზე მოულოდნელი მონაწილე

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ნახევარმცველი არტურ იუსუპოვი "გემიდან პირდაპირ წვეულებაზე" მოხვდა.

ნებსით თუ უნებლიედ, იგი მონაკოში იმავე სასტუმროში გახლდათ არდადეგებზე, რომელშიდაც რუსეთის ნაკრები შეკრებას გადიოდა. მოსკოვის "დინამოს" გამოცდილმა შუახაზელმა 32 წლის იგორ დენისოვმა სერბეთთან ამხანაგური მატჩის დროს ტრავმა მიიღო, რომელიც სერიოზული გამოდგა და ევროპის ჩემპიონატზე მისი თამაში გამოირიცხა, რუსებაც იუსუპოვს უხმეს, ბარემ აქვე ხარ და ჩვენთან ერთად ივარჯიშეო.

არტურმაც ბუცები ითხოვა და გადაწყდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.…

"ყველაფერი ასე მოულოდნელად და უცნაურად მოხდა. 14 დღე არდადეგებზე ვიყავი და ცხადია, საუკეთესო ფორმაში ამ
წუთას არ ვიმყოფები, არ მივარჯიშია, მაგრამ ახლა ვარჯიში განვაახლე და იმედია ფორმაში შესვლას მოვასწრებ. მოსკოვში გადაფრენას ვაპირებდი, თან ბუცებიც კი არ მქონდა და არც არანირი საჭირო ამუნიცია" - ამბობს 26 წლის იუსუპოვი.

ლეონიდ სლუცკის გუნდი ევროპის ჩემპიონატს 11 ივნისს ინგლისის ნაკრებთან პაექრობით იწყებს. B ჯგუფში ასევე უელსი და სლოვაკეთი არიან.

ჩრდილოეთ ირლანდიას ლაფერტი დააკლდება?
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წამყვანმა ფორვარდმა კაილ ლაფერტიმ კუნთი გაიჭიმა სანაკრებო ვარჯიშზე. ექიმები სავარაუდოდ, დღეს იტყვიან, შეძლებს თუ არა გამოცდილი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე მშობლიური ნაკრების დახმარებას.

ჩრდილოირლანდიელთა ბოლო ვარჯიში მსუბუქი ტრავმების გამო გამოტოვეს გარეტ მაკკოლმა და კრეიგ კეტკარტმა. ნაკრების სამედიცინო შტაბის განცხადებით, საშიში არაფერია და ეს ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე უსათუოდ ითამაშებენ.

ჯუჯაკმა უნგრეთის წარმატება ახსნა
უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა, ბალაჟ ჯუჯაკმა განაცხადა, რომ ნაკრების წარმატება და გასვლა ევროპისა ჩემპიონატზე შემთხვევითი სულაც არ არის.

"უნგრეთის ჩემპიონატის დონე ბოლო დროს მნიშვნელოვნად ამაღლდა და ჩვენს ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი სწორედ ესაა. ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე ვიბრძოლოთ." - თქვა უნგრელთა ლიდერმა.

ევროფორუმზე "მადიარები" ერთ ჯგუფში არიან პორტუგალიასთან, ავსტრიასთან და ისლანდიასთან.

ლაგერბაკმა გუდიონსენი გამოარჩია
ისლანდიის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში 4:0 მოუგო ლიხტენშტეინს. ამ მატჩში ერთი გოლი ისლანდიის ნაკრების ვეტერანმა, ეიდურ გუდიონსენმა შეაგდო. თამაშის დასრულების შემდეგ ისლანდიელთა შვედმა თავკაცმა, ლარს ლაგერბაკმა შემდეგი თქვა:

"დღეს ჩვენ შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშეთ. ისლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ასე გაირჯება. ჩვენ ბოლომდე გვაქვს გათავისებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც გვეკისრება.

რაც შეეხება ეიდურ გუდიონსენის გოლს, ძალიან გავიხარე. ის ჩვენი ნაკრების ვეტერანია და მიმაჩნია, რომ ეიდური დიდი ძალა იქნება ჩვენთვის კონტინენტის პირველობაზე".

უკმაყოფილო პოლონელები
პოლონეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი შინ ლიტვასთან ჩაატარა და 0:0 ითამაშა. ამ შედეგით უკმაყოფილო დარჩა გუნდის მთავარი მწვრთნელი ადამ ნავალკა.

"მიუხედავად იმისა, რომ რობერტ ლევანდოვსკის დასვენების საშუალება მივეცით, ეს თამასი უნდა მოგვეგო. ევროპის ჩემპიონატზე უკეთ თამაში გვმართებს." - თქვა პოლონელთა დამრიგებელმა.

"აიაქსის" ფორვარდმა არკადიუშ მილიკმა კი შენიშნა, რომ შეხვედრის არბიტრს ლიტველთა კარში გოლი უნდა ჩაეთვალა და პენალტი უნდა დაენიშნა. "მადლობა მეტოქეს, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა. ჩვენ ჩვენი ნაკლოვანებები ვნახეთ." - თქვა შემტევმა.

პირველ მატჩს გამოტოვებს
ოფიციალურად დადასტურდა, რომ "საუთჰემპტონის" მარცხენა მცველი რაიან ბერტრანდი ინგლისის ნაკრების პირველ მატჩს გამოტოვებს. "წმინდანების" ფეხბურთელს მიკროტრავმა აწუხებდა და იგი მსუბუქი დატვირთვით ვარჯიშობდა.

აი, ბოლო ვარჯიში კი ექიმების გადაწყვეტილებით გამოტოვა, რადგან ტკივილი მოემატა. ერთი სიტყვით, 11 მაისს იგი "ლომებს" რუსეთის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. წესითა და რიგით, ბერტრანი 16 ივნისს უელსთან სათამაშოდ მზად უნდა იყოს. როი ჰოჯსონის გუნდს ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე მატჩი 20-ში სლოვაკეთთან აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული