ევრო 2016. F ჯგუფი. უნგრეთი-პორტუგალია: მხსნელი - რონალდომ პორტუგალია გადაარჩინა! [VIDEO]

AutoSharing Option
* კრიშტიანო რონალდომ ევროპის ჩემპიონატზე მე-17 სარეკორდო მატჩი ითამაშა. პორტუგალიელმა ლილიან ტურამსა და ედვინ ვან დერ სარს გაუსწრო.
* ზოლტან გერა გახდა მეორე ასაკოვანი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც გოლი გაიტანა. პორტუგალიის კარში მან გოლი 37 წლისა და 61 დღის ასაკში გაიტანა. პირველ ადგილზე ივიცა ვასტიჩია (ავსტრია) - 38 წლის და 257 დღის.
* კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელია, ვინც ევროპის 4 ჩემპიონატში გაიტანა.
* რონალდო ევროპის ჩემპიონატების ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა 8 გოლით. წინ მხოლოდ მიშელ პლატინია - 9 გოლი.
* ამ შედეგით პორტუგალიის ნაკრებმა გაინაღდა მერვედფინალის საგზური, აი, ალბანეთის ნაკრებს კი ბოლო შანსი გადაეწურა.

პორტუგალიის ნაკრებს ამ შეხვედრაში ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა ისე ჩანდა, რომ ფერნანდუ სანტუშის შეგირდები ყველაფერს გააკეთებდნენ 3 ქულის მოსაპოვებლად, რათა პლეი ოფში უფრო იოლი გზა ჰქონოდათ.

თამაშის წინ კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო საფეხბურთო თემი შოკში ჩააგდო. მან მიკროფონი წაართვა და ტბაში გადაუგდო ჟურნალისტს, რომელიც მასთან გასაუბრებას ცდილობდა. უნდა ითქვას, რომ ამ უსიამოვნო ფაქტმა ბევრი გულშემატკივარი განაწყო პორტუგალიის ნაკრებისა და მისი უმთავრესი ვარსკვლავის წინააღმდეგ.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
უნგრეთის ნაკრების გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა ბერნდ შტორკმა გვარიანად გადაახალისა სასტარტო შემადგენლობა. როგორც ჩანს, რამდენიმე ფეხბურთელს (მაგალითად, ბოდესა და ფიოლას) ტრავმები მართლაც აწუხებდა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი კი გერმანელმა მწვრთნელმა, უბრალოდ, დაასვენა.

უნგრეთის ნაკრებმა თავიდანვე ისეთი სათამაშო სქემა აირჩია, რომ დავრწმუნდით: "მადიარები" ძალიან კმაყოფილნი დარჩებოდნენ, თუ ამ შეხვედრაში ფრეს ითამაშებდნენ. პირობითი მასპინძლები ერთი ფორვარდით (სალაი) უტევდნენ მოწინააღმდეგის კარს.

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში იმ სქემას დაეყრდნო, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის პირველივე მატჩიდან ერთგულობს. ტრავმირებული გერეირო სასტარტოში ვეტერანმა ელიზეუმ შეცვალა. გამოჯანმრთელება მოასწრო ანდრე გომეშმა.

პირველი გოლის მოლოდინში იყო თამაშამდე სულ ცოტა ხნით ადრე სკანდალში გახვეული კრიშტიანო რონალდო. სანტუშმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და გამოკვეთილი ცენტრფორვარდის მინდორზე გამოყვანა საჭიროდ არ ჩათვალა.

გოლები
1:0 - ზოლტან გერა კარგად ამუშავებს ბურთს და უძლიერესად ურტყამს. რუი პატრისიო უძლურია. ბურთი პორტუგალიელთა კარის მარჯვენა კუთხეში გადის.

1:1 - კრიშტიანო რონალდო შესანიშნავი პასით ხელსაყრელ სიტუაციაში ტოვებს ნანის. მისი დარტყმული ზუსტია.

2:1 - უნგრელთა ლიდერი ბალაჟ ჯუჯაკი შესანიშნავად ასრულებს საჯარიმო დარტყმას. ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ ერთ-ერთ პორტუგალიელს ხვდება. უნგრეთი დაწინაურდა.

2:2 - დიდებული გოლი! ჟოაო მარიოს ჩაწოდების შემდეგ რონალდო ქუსლით იღებს გაბორ კირაის კარს.

3:2 - უნგრელთა რიგებში აშკარად საუკეთესო ბალაჟ ჯუჯაკი დიდებულ სლალომს გამოზომილი დარტყმით ასრულებს.

3:3 - ისევ რონალდო! რიკარდო კვარეშმას ჩაწოდება, კრიშტიანო ყველაზე მაღლა ხტება და ამ მატჩში წერტილს სვამს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ბერნდ შტორკი (უნგრეთი): "ეს იყო დასამახსოვრებელი მატჩი. ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ. მე მინდა, მეტი ვილაპარაკო მომავალზე და ნაკლები წარსულზე. ზოლტან გერას და ბალაშ ჯუჯაკს ჩემი კომპლიმენტები, ისინი შესანიშნავები იყვნენ. ნუ დავივიწყებთ, რომ გერა 37 წლისაა.

ჩვენ ვიცით, რომ რონალდო მსოფლიო დონის ფეხბურთელია. მან ორი გოლი გაგვიტანა, მაგრამ ჩემი გუნდის თამაშით მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით, შეტევაში. დღეს მთელი უნგრეთის ოცნება ახდა. ჩვენ ვტკბებით ევროპის ჩემპიონატზე გატარებული ყოველი დღით. არ გვინდა, ეიფორიაში ჩავვარდეთ. ჩვენ არც პლეი ოფში ვიქნებით სტატისტები. ამის თქმა ახლავე შემიძლია".

მატჩის გმირი
ორი გოლი და საგოლე პასი - როგორც ჩანს, მიმდინარე ევროფორუმზე კრიშტიანომ თამაში დაიწყო. ის უნგრეთთან გადამწყვეტ შეხვედრაში გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო. ჯადოსნური - მისი გარჯა მინდორზე შეიძლება სწორედ ამ სიტყვით აიხსნას. რომ არა კრიშტიანო, პორტუგალია უსათუოდ ჩარჩებოდა ჯგუფში. არანაკლებ კარგი იყო უნგრელთა ლიდერი ბალაშ ჯუჯაკი, თუმცა რონალდოს გარჯა უფრო ფასეულია. პორტუგალიისთვის ეს შეხვედრა ყველაფერს წყვეტდა, უნგრეთისათვის კი ბევრს, მაგრამ ყველაფერს არა.

მსაჯი
ამ ფეერულ შეხვედრას 45 წლის ინგლისელი მარტინ ატკინსონი გაუძღვა. ისეთი თამაში იყო, იმდენი მოვლენით დატვირთული, რომ მისი მსაჯობა უშეცდომოდ, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი გახლდათ. ინგლისელს ჰქონდა წვრილ-წვრილი შეცდომები, მაგრამ არა ისეთი, თამაშის შედეგზე რომ ემოქმედა.

ანალიზი
ბრავო უნგრეთის ნაკრებს! ბერნდ შტორკის გუნდისგან ასეთ ფეხბურთს და შედეგს არ ველოდით. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ დღეს შემტევი და შედეგის მომტანი ფეხბურთის სათამაშოდ აუცილებელი სულაც არ არის გუნდში სუპერმენების ყოლა.

მთავარია, გუნდი (ნაკრები) ერთ მუშტად იყოს შეკრული და ფეხბურთელებს მწვრთნელის და ერთმანეთის ბოლომდე ესმოდეთ. სწორ ორგანიზაციას და საქმისადმი პროფესიონალურ მიდგომას ბევრი რამ შეუძლია.

პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა გამოიღვიძა. როცა ის იშტაზეა, შეტევაში პორტუგალიელთა შეჩერება ძალიან რთულია. ამ შეხვედრაში გოლების გეგმა გუნდმა გადაჭარბებით შეასრულა, თუმცა დაცვაში უამრავი შეცდომა დაუშვა, სამი გოლი მიიღო და კიდევ შეიძლებოდა გაეშვა.

ძალიან ცუდად ითამაშა რიკარდო კარვალიომ, მაგრამ გაშვებული გოლები მხოლოდ დაცვის ბრალი არ იყო. პრობლემები იწყებოდა საყრდენი ზონიდან და საპლეიოფო შეხვედრამდე ეს პრობლემა აშკარად გამოსასწორებელია.

დასკვნა
საბოლოოდ, ეს აღმოჩნდა ფრე, რომელმაც უნგრეთიც და პორტუგალიაც მერვედფინალში გაიყვანა. უნგრეთის ნაკრების მეტოქე ოდნავ მოგვიანებით გაირკვა. რაც შეეხება პორტუგალიას, რონალდო და კომპანია ხორვატიას დაუპირისპირდებიან. ასეთ პორტუგალიას ძალიან მაგრად მოთამაშე ხორვატებთან გაუჭირდება, მაგრამ ლუზიტანებს ის გუნდი ჰყავთ, რომელსაც ერთ კონკრეტულ თამაშში ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შეუძლია პრობლემები შეუქმნას.

whoscored.com-ის ტოპ-5
კრიშტიანო რონალდო პორ. 9,2
ბალაჟ ჯუჯაკი უნგ. 8,6
ჟოაო მარიო პორ. 7,9
ნანი პორ. 7,7
რიკარდო კვარეშმა პორ. 7,4

22 ივნისი. ლიონი. "სტად დე ლიონი"
უნგრეთი-პორტუგალია 3:3
გოლები: 1:0 გერა (19), 1:1 ნანი (42. რონალდო), 2:1 ჯუჯაკი (47), 2:2 რონალდო (50. მარიო), 3:2 ჯუჯაკი (55), 3:3 რონალდო (62. კვარეშმა)
უნგრეთი (4-2-3-1): კირაი - ლანგი, გუზმიჩი, იუჰასი, კორჰატი - გერა (46. ბესე), პინტერი - ჯუჯაკი, ელეკი, ლოვრენჩიჩი (83. შტიბერი) - სალაი (71. ნემეტი)
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო - ვიეირინია, რიკარდო კარვალიო, პეპე, ელიზეუ - ანდრე გომეში (61. კვარეშმა), ვილიამ კარვალიო, ჟოაო მოუტინიო (46. რენატო სანჩესი), ჟოაო მარიო - ნანი (81. დანილო), რონალდო
გაფრთხილება: გუზმიჩი, იუჰასი, ჯუჯაკი, გერა
კარში დარტყმა: 3 (5)-11 (6); კუთხური: 3-9; თამაშგარე: 2-4; ჯარიმა:15-8; ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 55 514

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული