ევრო 2016-ის ამბები: ევროს ვიქტორ კასაი გახსნის

AutoSharing Option
ევრო 2016-ის საწყისი მატჩების მსაჯების ვინაობა გაირკვა. გახსნის მატჩს, რომელიც 10 ივნისს გაიმართება და ერთმანეთს საფრანგეთისა და რუმინეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, უნგრელი არბიტრი ვიკტორ კასაი გაუძღვება.

11 ივნისს ალბანეთი-შვეიცარიის მსაჯი ესპანელი კარლოს ველასკო კარბალიოა. უელსი-სლოვაკეთს ნორვეგიელი სველნ ოდვარ მოენი განსჯის და ინგლისი-რუსეთზე შეხვედრის მთავარი ფიგურა იტალიელი ნიკოლა რიცოლი იქნება.

რიუდიგერის ნაცვლად ტა
გადაწყვეტილი ამბავია: გერმანიის ნაკრებისა და "რომას" ცენტრალური მცველი ანტონიო რიუდიგერი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. 23 წლის რიუდიგერმა გერმანიის ნაკრების ვარჯიშზე მყესები გაიწყვიტა და კონტინენტის პირველობაზე ამის გამო ვერ ითამაშებს.

უკვე ცნობილია
რიუდიგერის შემცვლელის ვინაობა. ეს გახლავთ 20 წლის ჟონათან ტა, ვინც "ლევერკუზენის" ღირსებას იცავს. ამ ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფში გერმანიის მეტოქეები სლოვაკეთი, უკრაინა და ჩრდილოეთი ირლანდია არიან.

კოლერმა პლეი ოფს დაუმიზნა
ავსტრიის ნაკრების შვეიცარიელმა თავკაცმა მარსელ კოლერმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გასვლაა. "ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდული შემადგენლობა. ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს იოლი ჯგუფი. ჯგუფი რთულია, მაგრამ ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ დავძლიოთ ეს ბარიერი და მერვედფინალში გავიდეთ", - თქვა კოლერმა.

ავსტრიის თანაჯგუფელები პორტუგალია, უნგრეთი და ისლანდია არიან.

ბოატენგი ტერორისტებს უფრთხის
გერმანიის ნაკრების მცველმა ჟერომ ბოატენგმა განაცხადა, რომ ის მის ოჯახს არ მისცემს ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე დასწრების უფლებას. ეს იმიტომ, რომ "ბაიერნის" უკანახაზელი ტერორისტებს უფრთხის.

"მე ჩემს ბავშვებს არ მივცემ იმის უფლებას, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს დაესწრონ. ძალიან არ მინდა გავრისკო. ალბათ, მიხვდით, საქმე ტერორისტების მუქარას ეხება", - თქვა ბოატენგმა.

მოგეხსენებათ, პერმანენტულად ვრცელდება ცნობები, რომ ტერორისტები კონტინენტის პირველობის მსვლელობის დროს მასშტაბურ აფეთქებებს აპირებენ.

სმოლინგი რუსეთისთვის მზად არის
კრის სმოლინგს მუხლის ტრავმა აწუხებდა და იყო საფრთხე, რომ მას სულ მინიმუმ, ინგლისის ნაკრების პირველი მატჩი გამოეტოვებინა ჯგუფურ ეტაპზე.

თუმცა, ექიმების თქმით, ყველაფერი რიგზეა, მედიკოსებმა "მანჩესტერის" მცველს რუსეთთან თამაშის უფლება მისცეს. დანარჩენი უკვე როი ჰოჯსონზეა, ინგლისელთა მწვრთნელმა სმოლინგს, გარი კეჰილსა და ჯონ სტოუნსს შორის ორი უნდა გამოარჩიოს.

ეიფელის კოშკი ჩაიკეტა
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე პარიზში ეიფელის კოშკის მოედანი სანახევროდ გადაიკეტა. მიზეზი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომებია. ტერიტორია უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის დაცული, რომლის შემადგენლობაშიც ძალიან ბევრია ჩეჩნეთიდან 2000-იან წლებში საფრანგეთში გადასული ადამიანი. სულ საფრანგეთში ევრო 2016-ის უსაფრთხოებას 87 ათასი ადამიანი დაიცავს, რომელთაგანაც 42 ათასი პოლიციელია, 30 ათასი ჟანდარმი, სამხედროები და უშიშროების თანამშრომლები.

სტარიჯი იმედიანადაა
დანიელ სტარიჯი ფანებს ჰპირდება, რომ ნაკრები ბოლომდე დაიხარჯება და პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებს. 25 წლის შემტევი კონკრეტულად საკუთარი პოტენციალის გამოვლენის იმედადაცაა. მას ბოლო პერიოდში ქრონიკული ტრავმიანობა აწუხებს და იყო შანსი, რომ ჰოჯსონს ამის გამო საფრანგეთში არ წაეყვანა.

"ვიცით, რომ ყველა ჩვენ გვაკვირდება. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ვეცდებით, ეს წნეხი დადებითად გამოვიყენოთ და მინდორზე საკუთარი პოტენციალი სრულად გამოვიყენოთ და გამოვავლინოთ. ყველანი ბოლომდე დავიხარჯებით" - თქვა "ლივერპულის" ფეხბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული