ევრო 2016. A ჯგუფი. საფრანგეთი-ალბანეთის წინ: "ველოდრომზე" დაბრუნება

AutoSharing Option
დიდიე დეშამი "ველოდრომზე" ბრუნდება და ამის მოხარულია, მის გუნდს დიდებული შესაძლებლობა აქვს ჯგუფური ეტაპიდან პლეი-ოფში გასვლის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნას.

ალბანეთის ნაკრების იტალიელ თავკაც ჯანი დი ბიაზის თავსატეხს რა გამოულევს - ტრავმირებულია კაჩე, კიდევ უფრო დიდი დანაკლისია გუნდის კაპიტანი ლორიკ ცანა, რომელმაც შვეიცარიასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

დიდიე დეშამმა ფეხბურთელობისას და მწვრთნელობისას ლიგა 1-ის ტიტულები მოიგო, ამას დავუმატოთ 1993 წლის ჩემპიონთა თასი. მოკლედ, დეშამს მარსელში სიხარულით ხვდებიან და თავადაც გახარებულია.

სხვათა შორის, ალბანეთის ნაკრები საფრანგეთისთვის უხერხული მეტოქეა -
ბოლო ორ წელიწადში საფრანგეთი და ალბანეთი ორჯერ შეხვდნენ, ალბანეთში მასპინძლებმა იმარჯვეს, სტუმრად კი ფრეს მიაღწიეს. თუმცა იმავეს გამეორება "შკიპერიას" ძალიან გაუჭირდება - "სამფეროვნებმა" ბოლო 11 მატჩიდან 10 მოიგეს.

დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "ველოდრომზე" დიდებული საფეხბურთო ატმოსფეროა, ეს ნამდვილი საფეხბურთო სტადიონია. ხვალ აქ დიდი ხმაური იქნება.

ყოველთვის მიხარია "ველოდრომზე" დაბრუნება. ბოლოს აქ 2014 წელს ვიყავი. მაშინ სტადიონი ჯერ კიდევ ახლდებოდა. ძალიან მიხარია ნაცნობი სახეების ნახვა, რომლებთან ერთადაც დიდი დრო მიტარებია, როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს. 1998 წელსაც დიდი ამბავი იყო აქ. მართალია, იმ წლის ისტორიის ნაწილი ვიყავი, მაგრამ ბიჭებს 98 წელზე არ ვუყვები ხოლმე. მათ თავიანთი ისტორია უნდა დაწერონ.

ალბანეთის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია, მას ეტყობა მწვრთნელის ხელი. ალბანელი ფეხბურთელები ელვისებურად უტევენ. შვეიცარიასთან თამაშში ისინი ანგარიშის გათანაბრებას იმსახურებდნენ".

ჯანი დი ბიაზი (ალბანეთი): "საფრანგეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. ეს გუნდი შინ თამაშობს და ფანების მხარდაჭერით, ფრთები გამოესხმება. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია".

15 ივნისი. მარსელი. "ველოდრომი"
საფრანგეთი-ალბანეთი 23:00
ტრავმა: კაჩე (ალბანეთი)
დისკვალიფიკაცია: ცანა (ალბანეთი)
საფრანგეთი (სავარაუდო): ლორისი - სანია, რამი, კოსიელნი, ევრა - კანტე, მატუიდი - კომანი, პაიე, მარსიალი - ჟირუ
ალბანეთი (სავარაუდო): ბერიშა - ჰიუსაი, აიერი, მავრაი, აგოლი - კუკელი, ჯაკა - როში, არბაში, ლენიანი - სადიკუ
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შვედეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული