* გარეთ ბეილმა უკვე ორი გოლი გაიტანა პირდაპირ ჯარიმიდან. ბოლოს მსგავსი რამ ევროპის ჩემპიონატზე 1992 წელს გერმანელთა თომას ჰესლერმა შეძლო.
* ბეილი პირველი უელსელია მარკ ჰიუზის მერე (1984 წ.), რომელმაც ინგლისს გოლი გაუტანა.
* ჯეიმი ვარდიმ ინგლისის ნაკრებში ჩატარებული ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა. უელსს მან ბურთთან მესამე შეხების მერე შეუგდო.
* მარკუს რაშფორდი (18 წლის და 228 დღის) გახდა ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი, რომელმაც ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე
მოვესწარით, ვეღირსეთ, ინგლისმა მოიგო! ვარდიმაც ითამაშა და გაიტანა კიდეც, სტარიჯმაც. დრამაც იყო, სანახაობაც და ყველაფერი. უელსიც შეგვეცოდა, მაგრამ ეს ინგლისის დღე გახლდათ.
ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ძალიან მოულოდნელი გახლდათ ის, რომ როი ჰოჯსონი ზუსტად იმ თერთმეტეულით გავიდა მინდორზე, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა. ერთადერთი, რაც შეიცვალა, იყო ის, რომ კუთხურებს ჰარი კეინის ნაცვლად უეინ რუნი აწვდიდა. ჰოჯსონი ბოლომდე აღარ გაჯიუტდა და მას მერე, რაც უელსთან ტაიმი წააგო, მისტერ როი ცოტათი გათამამდა და კვლავაც პასიური კეინისა და არაპროდუქტიული რაჰიმ სტერლინგის ნაცვლად დანიელ სტარიჯსა და ჯეიმი ვარდის მისცა შანსი… და ეს გადამწყვეტი გამოდგა. მოგვიანებით ჰოჯსონმა მარკუს რაშფორდიც დაამატა და მოკლედ, ვა-ბანკზე წავიდა.უელსელთა შემადგენლობაში მთავარი ცვლილება ის გახლდათ, რომ კრის კოულმენმა კარში დენიელ უორდის ნაცვლად უეინ ჰენესი დააყენა. გარდა ამისა, ძირითადში ვიხილეთ ჰალ რობსონ-კანუ, რომელმაც პირველ შეხვედრაში შეცვლაზე შემოსვლის მერე გამარჯვების გოლი გაიტანა და ჯოზეფ ლედლი, მაგრამ ჯო მეორე ნახევარში დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. კოულმენმა ტაქტიკაც შეცვალა და გაცილებით მოზომილ-ფრთხილი იყო, ვიდრე სლოვაკეთთან შეხვედრაში, პერიოდულად კი მწვავედ იკბინებოდა.
გოლები
0:1 - გარეთ ბეილმა ზედიზედ მეორე მატჩში მეორე ჯარიმა გაიტანა, თანაც, ინგლისთან! უელსელთა სუპერვარსკვლავმა საკმაოდ შორიდან ნამდვილად კარგად დაარტყა. მისი ოსტატობის დაკნინება დაუშვებელია, მაგრამ გოლი დიდწილად, მაინც ჯო ჰარტის სინდისზეა, რომელსაც ბურთი აუსხლტა. აბა, ისე როგორ იქნებოდა, ინგლისის მეკარეს დიდ ტურნირზე შეცდომა არ დაეშვა.1:1 - უელსელებმა მეტოქის შეტევა თითქოს, მოიგერიეს და ხიფათმაც ჩაიარა, მაგრამ ინგლისელებმა შეტევა გააგრძელეს, უელსელთა კაპიტანმა ეშლი უილიამსმა ბურთი საშინლად "მოიგერია" და ჯეიმი ვარდიმ ახლოდან ადვილად გაიტანა. ბეილი გაოგნებული ედავებოდა ლაინსმენს, თამაშგარე იყოო, მაგრამ არა, ვარდის ბურთი უილიამსისგან მიუვიდა.
2:1 - მატჩის დამთავრებას თითქოსდა, აღარაფერი აკლდა, როდესაც ბურთი უელსელთა საჯარიმოში აღმოჩნდა, ვარდიმ დელე ალის უპასა, რომელმაც ვარდნაში მოასწრო და სტარიჯს გაუგორა. "ლივერპულის" შემტევი როგორღაც დაუძვრა მცველს და ძალიან ჭკვიანურად დაარტყა ახლო კუთხეში, მერე კი თავისებურად წაიცეკვა. რუნიმ კამერას ჩაღრიალა. ბიჭებთან ჰარტმაც ჩამოირბინა. ინგლისმა მოიგო.
მატჩის შემდეგ
როი ჰოჯსონი (ინგლისი): "ჩვენ უფრო ტემპში გვმართებდა თამაში და ბიჭებს ვუთხარი, რომ უფრო თავდაჯერებულები ყოფილიყვნენ და გარკვეულ რისკზე წასულიყვნენ. დიახ, გოლი ემოციურად აღვნიშნეთ, რადგან ბოლო წუთზე გატანა ყოველთვის სასიხარულოა, თანაც ასეთი მნიშვნელოვანი გოლის. შეიძლებოდა, თავიც მიგვერტყა, ისე წამოვხტით. ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო ორმაგი ცვლილება იყო? არ ვიცი, როდესაც ათწლეულები ხარ ამ საქმეში, ყველაფერს ვერ დაიმახსოვრებ, მაგრამ მთავარია, გავიმარჯვეთ.
კეინი ცოტა დაღლილი ჩანდა, მან პირველ შეხვედრაში ძალიან ბევრი იმუშავა და დატვირთული სეზონი ჰქონდა. სამაგიეროდ და საბედნიეროდ, გვყავს ვარდი, სტარიჯი და რაშფორდი, რომელთა იმედზე ყოფნაც ყოველთვის შეიძლება.
ვარდი ძალიან თავდაჯერებული და შემართულია, მუდამ მზა არის და როდესაც მინდორზე გამყავდა, ეჭვიც არ მეპარებოდა მის შესაძლებლობებში".
კრის კოულმენი (უელსი): "ჩემმა ბიჭებმა დიდი შემართებით ითამაშეს და ფანტასტიკურები იყვნენ. უეინ ჰენესის ბურთი-ბურთზე მოგერიება სულაც არ უხდებოდა, მიუხედავად მეტოქის გარკვეული უპირატესობისა.
ცოტათი არ გაგვიმართლა და "ბრიტანული ბრძოლა" წავაგეთ, მაგრამ წინ რუსეთთან მატჩია, რომლისთვისაც მზადება აქედანვე უნდა დავიწყოთ. ცხადია, ვფიქრობთ ხარვეზების გამოსწორებაზეც. ზოგჯერ ზედმეტად ვჩქარობდით და შეცდომებს ვუშვებდით. ხანდახან გარეთ ბეილი იზოლირებული იყო, დანარჩენი გუნდისგან მოწყვეტილი. ამ ყველაფერს გავაანალიზებთ".
მატჩის გმირი
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კაილ უოკერი დასახელდა. "ტოტენჰემის" ფლანგის მცველმა ამჯერადაც ძალიან აქტიურად და კარგად ითამაშა და ის ჩვენ პირველ შეხვედრაშიც გამოვარჩიეთ. თუმცა საუკეთესოდ აღიარება დანიელ სტარიჯს მარტო იმ მოხერხებული დარტყმის გამო ეკუთვნის, რომელიც ბოლო წამებზე შემოგვთავაზა და რომელმაც შესაძლოა, ინგლისი ისე დაქოქოს, რომ ჰოჯსონის გუნდის გაჩერება ძალიან ძნელი გახდეს. თანაც, სტარიჯმა პირველი გოლშიც შეიტანა თავისი წვლილი, რადგან ყველაფერი მის ჩაწოდებას მოჰყვა. კარგი მატჩი ჩაატარა უეინ რუნიმაც.მსაჯი
ამ ევროპის ჩემპიონატზე წვრილ-წვრილი შეცდომები უკვე იყო, მაგრამ სხვაგვარად, აბა, როგორ? მთავარია, მსხვილი მარცვლები არ შემოგვეპაროს. გერმანელი ფელიქს ბრიხის ბრიგადა ნორმალურად გამოიყურებოდა. ერთი საკამათო ეპიზოდი მაინც ვნახეთ, როდესაც უელსის კარში პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა.ანალიზი
ინგლისს რომ მეტი სითამამე სჭირდებოდა, ეს პირველი შეხვედრის მერეც ვთქვით და, როგორც ჩანს, ჰოჯსონიც მივიდა ამ დასკვნამდე. კარგია, რომ გუნდი მაქსიმალურად აქტიურად იყენებს ფლანგებს და ცუდია, რომ ჯერჯერობით, თამაში არ წაუვიდათ სტერლინგსა და კეინს. თუმცა მისტერ როის დიდი არჩევანი აქვს.საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთთან მატჩისგან განსხვავებით, ჩვენ ვნახეთ ინგლისი, რომელიც აგებდა და რომელიც ვალდებული იყო, გოლი გაეტანა. რუსებთან ნაკრებმა ბოლოს გაუშვა და დროც აღარ დარჩა, ახლა კი გუნდი გაიხსნა და თითქოს, დაძაბულობაც მოიხსნა.
მართალია, უპირატესობას ინგლისელები ფლობდნენ, მაგრამ უკრაინამ მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და შესაძლოა, იმაზე კარგიც, ვიდრე სლოვაკეთთან მოგებულ შეხვედრაში. გარეთ ბეილი ძალიან შემართულია და კრის კოულმენიც კარგად უძღვება თავის საქმეს. უელსს ჯგუფიდან გასვლისთვის ყველაფერი აქვს, მთავარია, პოტენციალი გამოიყენოს.
დასკვნა
ინგლისს სლოვაკეთთან ადვილი მატჩი არ ექნება, მაგრამ ფავორიტია და საინტერესოა, როგორ ითამაშებს; ასევე - როგორი შემადგენლობით. წესით, "ლომებმა" ჯგუფი პირველ ადგილზე უნდა ჩაამთავრონ. უელსი კი თავის თავზეა დამოკიდებული, მოუგებს რუსეთს და ნამდვილად გავა.
whoscored.com-ის ტოპ-5
გარეთ ბეილი უელ. 8,0დელე ალი ინგ. 7,9
უეინ რუნი ინგ. 7,8
დანიელ სტარიჯი ინგ. 7,7
გარი კეჰილი ინგ. 7,3
ინგლისი-უელსი 2:1
გოლები: 0:1 ბეილი (42), 1:1 ვარდი (56), 2:1 სტარიჯი (92. ალი)
ინგლისი (4-3-3): ჰარტი - უოკერი, კეჰილი, სმოლინგი, როუზი - ალი, დაიერი, რუნი - ლალანა (73. რაშფორდი), სტერლინგი (46. სტარიჯი), კეინი (46. ვარდი)
უელსი (5-3-2): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი, დევისი, ტეილორი - ალენი, ლედლი (67. ედვარდსი), რემზი - რობსონ-კანუ (72. ჯ. უილიამსი), ბეილი
გაფრთხილება: - დევისი
კარში დარტყმა: 21-7 (4-2) კუთხური: 9-3 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 10-9 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 34 033
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 2 1 1 0 3-2 4
2. უელსი 2 1 0 0 3-3 3
3. სლოვაკეთი 2 1 0 1 3-3 3
4. რუსეთი 2 0 1 1 2-3 1
III ტური
20 ივნისი
სლოვაკეთი-ინგლისი 23:00
რუსეთი-უელსი 23:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"