* ესპანეთის ნაკრებმა ნაადრევად გაინაღდა პლეი ოფის საგზური.
* ალვარო მორატა პირველი ფეხბურთელია, ვინც ევრო 2016-ზე დუბლი შეასრულა.
* ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მე-7 მატჩში არ გაუშვა გოლი.
ძალიან ლამაზი სტადიონია ნიცის "ალიანზ რივიერა" და ძალიან მოუხდა ამ არენას ანდრეს ინიესტას თამაში. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა უმაღლესი კლასი აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მთავარი ფავორიტია და ტიტულს იოლად არ დათმობს.
ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ფათიჰ თერიმმა სასტარტოში დააბრუნდა ცენტრფორვარდი ბურაქ ილმაზი, რომელმაც მანამდე ბოლო 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით. თერიმმა შესვენებაზევე შეცვალა ჩალჰანოღლუ, რადგან ესპანელებმა ის ძალიან დაჩაგრეს.ვისენტე დელ ბოსკემ ხელი არ ახლო სასტარტო თერთმეტეულს და ზუსტად ის გუნდი გამოიყვანა, რომლითაც გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაამარცხა ჩეხეთის ნაკრები. 4-3-3 მათი შეტევისას 3-4-3-დ გარდაიქმნებოდა - ფლანგის მცველები წინ მიდიოდნენ და მათ უკან ბუსკეტსი აზღვევდა.
გოლები
1:0 - 34-ე წუთზე ნოლიტოს ჩაწოდებულს თავით ალვარო მორატა გამოეხმაურა.2:0 - 37-ე წუთზე ფაბრეგასის პასი ხეირიანად ვერ მოიგერია თოფალმა და იქვე ჩასაფრებულმა ნოლიტომ გაიტანა.
3:0 - 48-ე წუთზე ინიესტამ პასი ალბას გაუჭრა, რომელმაც მორატა მოძებნა.
მატჩის შემდეგ
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "პირველ მიზანს მივაღწიეთ, პლეი ოფის საგზური გავინაღდეთ. კარგი თამაში იყო, 90 წუთი ინიციატივა ჩვენ გვქონდა და მატჩსაც სრულად ვაკონტროლებდით. ბოლოს გოლის გატანა გვიჭირდა, დღეს კი სამი გოლი გავიტანეთ".ფათიჰ თერიმი (თურქეთი): "ორი გოლი ინდივიდუალური შეცდომების გამო გავუშვით. განსაკუთრებით ერთი იყო საოცარი, ასეთი შეცდომის დაშვება ევროპის ჩემპიონატზე როგორ შეიძლება? როცა ესპანეთის წინააღმდეგ შანსი გაქვს, უნდა გაიტანო, სხვანაირად, ძალიან დაიჩაგრები. ნაკრები წელში მეორე გაშვებულმა ბურთმა გაწყვიტა. პირველი 30 წუთი გავძელით, მერე კი ვერ ვითამაშებთ. ვულოცავ ესპანეთის ნაკრებს, ეს განსაკუთრებული გუნდია".
მატჩის გმირი
საოცარია, მაგრამ მას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, მაგრამ მაინც ერთი თავით მაღლა იდგა სხვებზე, ის უკეთესი იყო, ვიდრე ჩემპიონატის პირველი დუბლის ავტორი მორატა. რა თქმა უნდა ანდრეს ინიესტას ვგულისხმობთ, რომელიც უხილავი ფუნჯით "ხატავდა" "ალიანზ რივიერას" მოედანზე. მის ანგარიშზე 93 ზუსტი პასია, აქედან 40 მეტოქის მესამედზე, მაგრამ სტატისტიკა უძლურია, ზუსტად შეაფასოს მისი როლი ამ თამაშში. მსაჯი
სერბი მილორად მაჟიჩის ასისტენტს უნდა შეემჩნია, რომ მესამე გოლისას ჟორდი ალბა თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლი არ უნდა ჩაეთვალა. ანალიზი
ესპანეთის ჩამოწერა, რისი მცდელობებიც ჩეხეთთან მძიმე მატჩის შემდეგ აშკარად იყო, ძალიან ნაადრევია. თურქეთთან ევროპის ჩემპიონმა დაამტკიცა, რომ ჯერაც დიდი ძალაა ევროპულ ფეხბურთში. დელ ბოსკემ სტილს უერთგულა, უბრალოდ, მისი გუნდი უფრო მოტივირებული ჩანდა, ტემპში თამაშობდა და კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა ანდრეს ინიესტა. თურქეთის ნაკრებმა თავისივე შემოთავაზებულ ტემპსა და პრესინგს ვერ გაუძლო და ინიესტასა და კომპანიის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.
დასკვნა
მესამე ტურში ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრა ნაკლებად მნიშვნელოვანია სატურნირო თვალსაზრისით, მაგრამ ერთმანეთს ორი ის გუნდი ხვდება, რომელთაც თამაშით ყველაზე მეტად დაამახსოვრეს თავი ფანებს. whoscored.com-ის ტოპ-5
ალვარო მორატა ესპ. 9,1ნოლიტო ესპ. 8,5
ანდრეს ინიესტა ესპ. 7,9
დავიდ სილვა ესპ. 7,6
ჟერარდ პიკე ესპ. 7,5
17 ივნისი. ნიცა. ალიანზ რივიერა
ესპანეთი-თურქეთი 3:0
გოლები: 1:0 მორატა (34. ნოლიტო), 2:0 ნოლიტო (37. ფაბრეგასი), 3:0 მორატა (48. ალბა)
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ხუანფრანი, პიკე, ს. რამოსი, ალბა (81. ასპილიკუეტა) - ფაბრეგასი (71. კოკე), ბუსკეტსი, ინიესტა - დ. სილვა (64. ბრუნო სორიანო), მორატა, ნოლიტო
თურქეთი (4-3-3): ბაბაჯანი - გიონული, თოფალი, ბალთა, ერკინი - თუფანი, ინანი (70. მალი), იოზიაკუპი (62. შაჰანი) - ჩალჰანოღლუ (46. შაჰინი), ილმაზი, არდა თურანი
გაფრთხილება: რამოსი - ილმაზი, თუფანი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 18-8 (6-0); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 33 409
თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 2 2 0 0 4-0 6
2. ხორვატია 2 1 1 0 3-2 4
3. ჩეხეთი 2 0 1 1 2-3 1
4. თურქეთი 2 0 0 2 0-4 0
III ტური
21 ივნისი
ხორვატია-ესპანეთი 23:00
ჩეხეთი-თურქეთი 23:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"