* "ლომებმა" მეტოქის კარისკენ 27-ჯერ დაარტყეს (ზუსტად მხოლოდ 5-ჯერ). ამით ინგლისმა პორტუგალიის შედეგი გაიმეორა, რომელმაც ისლანდიას კარისკენ ასევე 27-ჯერ დაურტყა, ხოლო ავსტრიას - 23-ჯერ. საინტერესოა, რომ ვერც ინგლისმა იმარჯვა და ვერც პორტუგალიელებმა მოიგეს ხსენებული მატჩები.
* ინგლისისთვის ეს მე-3 ფრე იყო უკანასკნელ 24 მატჩში (2 წაგება 19 მოგება).
* სლოვაკეთი ბოლო 11 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა (უელსთან).
პირველი ორი მატჩის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინგლისის ნაკრებმა ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა. მიუხედავად ამისა, ინგლისი
ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
როი ჰოჯსონმა შემადგენლობა გემრიელად გადაახალისა. ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჰარი კეინი, კაილ უოკერი, დენი როუზი, რაჰიმ სტერლინგი, დელე ალი და უეინ რუნი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ჩამოთვლილი ყველა მოთამაშე პირველ ორ მატჩში ძირითადში იყო. გადახალისებული ფლანგებიდან ნათანიელ კლაინი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც ძალიან აქტიური იყო, მწვავე მომენტების შექმნას ცდილობდა და ერთი შანსი თავადაც ჰქონდა, როდესაც კოზაჩიკმა აუღო, არადა, იმ მომენტში ვარდიზე პასის გაკეთებაც შეიძლებოდა. აი, ბერტრანდი კი იმდენად აქტიური ვერ გახლდათ და უფრო უხეშობით გამოირჩეოდა. ჰენერდსონი მშვენივრად გამოიყურებოდა, ბევრს მუშაობდა.
სტარიჯი კი, ამჯერად, ბევრს ვერაფერს გვთავაზობდა. ვარდის ერთი-ორი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მოგვიანებით ჰოჯსონმა ალი, რუნი და მერე, კეინი დაამატა. ალი და რუნი ენერგიულად ჩაერთვნენ. შემოსვლისთანავე მომენტის მაგვარი ჰქონდა კეინსაც, რომელიც, რაც ყველაზე საინტერესოა, სტარიჯის ნაცვლად გამოვიდა და ბოლო დაახლოებით 15 წუთში ის და ვარდი ერთად იყვნენ მინდორზე.
იან კოზაკი აშკარად ქულაზე თამაშობდა. მან ნახევარდაცვა მაქსიმალურად დაამძიმა და ფრთხილი ტაქტიკა, 4-5-1 აირჩია. ვერ ვიტყვით, რომ სლოვაკები უნაკლოდ თამაშობდნენ და ხარვეზები არ ჰქონდათ, მაგრამ ცუდად გუნდი ნამდვილად არ თამაშობდა. შეტევისკენ სლოვაკები თითქმის არ იყურებოდნენ, მაგრამ ერთი-ორჯერ მეტოქე მაინც ანერვიულეს.
ერთხელ ამაში კოზაკის გუნდს თავად ინგლისელები დაეხმარნენ, როდესაც კრის სმოლინგმა ბურთი უყურადღებოდ დაუგდო ჯო ჰარტს და მაკს ფეხი ნორმალურად რომ გაექნია…
მარეკ ჰამშიკს, ამჯერად, შეტევებისთვის ნაკლებად ეცალა და უფრო შავ სამუშაოს ასრულებდა. მთავარი "მუშა" კი "ლივერპულის" მცველი მარტინ შკრტელი გახლდათ, რომელმაც რამდენჯერმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა, მეკარე კოზაჩიკისა არ იყოს.
მატჩის შემდეგ
იან კოზაკი (სლოვაკეთი): "ტურნირამდე გამოთვლები გავაკეთე და ვფიქრობდი, რომ 4 ქულა მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნებოდა, თუ უელსს დავამარცხებდით. თუმცა ფეხბურთში ასეა, ძნელია რამე გათვალო. ძალიან მიხარია, რომ 4 ქულა ავიღეთ, ახლა სხვა მატჩების შედეგებს უნდა დაველოდოთ. თუ მერვედფინალში გავალთ, ბედნიერი ვიქნები. ეს შეხვედრა ძალიან ჰგავდა ესპანეთთან სალვალიფიკაციო ეტაპის მატჩს. მეტოქეს შემტევი შემადგენლობა ჰყავდა და მარჯვენა ფლანგიდან აქტიურობდა, რის გამოც თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ გავძელით".როი ჰოჯსონი (ინგლისი): "არა მგონია, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ვერმოგებაში რუნის, ალის ან უოკერის თადარიგში დატოვება იყოს. პრობლემა იმ მხრივ არ გვქონია, რომ შანსებს ვერ ვქმნიდით. ვქმნიდით, მაგრამ გატანა ვერ შევძელით".
მატჩის გმირი
სლოვაკთა მეკარე მატუშ კოზაჩიკმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და მატჩი უშეცდომოდ ჩაატარა. სწორედ ამიტომ უნდა დავეთანხმოთ უეფას და საუკეთესოდ ის დავასახელოთ და არა მაგალითად, მარტინ შკრტელი, რომელიც ასევე ძალიან კარგი გახლდათ, მაგრამ სლოვაკთა დაცვაში რამდენიმე ხარვეზი მაინც იყო და კოზაჩიკამდე სწორედ ამიტომ მიდიოდა ბურთი.მსაჯი
გამოცდილ ესპანელ არბიტრ კარლოს ველასკო კარვალიოს ერთი-ორი წვრილმანი შეცდომა გამოეპარა, ერთი-ორი ჯარიმა ვერ დაინახა, მაგრამ მთლიანობაში სერიოზული შეცდომა არ დაუშვია და არც "მატჩი გაუფუჭებია", არც ბევრი ყვითელი დაურიგებია, რასაც ედავებიან ხოლმე კიდეც ესპანელ მსაჯებს.ანალიზი
ინგლისი პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში A, C ან D ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდებოდა და ეს ალბათ, ერჩივნა, მაგრამ არც მეორე ადგილი იყო ტრაგედია, რადგან მეორე პოზიცია F ჯგუფის მეორეადგილოსანზე გადის, რომელიც თეორიულად შეიძლება პორტუგალია იყოს, მაგრამ ამის ალბათობა მაინც არც ისე დიდია. სხვა საკითხია ის, რომ ვაიდა, სლოვაკებს გაეტანათ, ინგლისი უკვე მესამეზე გადავიდოდა და ეს არც ისე კარგი ამბავი იქნებოდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ინგლისელები ამ რისკზე წავიდნენ და პრინციპში, აკონტროლებდნენ კიდეც მატჩის მსვლელობას. ჰოჯსონმა გუნდს ცოტა დასვენების უფლება მისცა და სხვადასხვა მოთამაშეს შანსი აჩუქა. ამდენი ცვლილების ფონზე, არც არის გასაკვირი, რომ ინგლისელთა თამაში ცოტა ქაოსური გახლდათ.
სლოვაკებს კი ფრე ხელს აძლევდათ და ისე ითამაშეს, როგორც საჭირო იყო, გაიტანეს კიდეც თავისი. კოზაკის სწორმა ტაქტიკამ და კოზაჩიკის კარგმა თამაშმა სლოვაკეთი სკუპ-სკუპით წაიყვანა პლეი ოფისკენ. შექება სლოვაკებს მართლაც ეკუთვნით, რადგან შეცდომებისა და გარკვეული პრობლემების მიუხედავად, ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და თანაც, იგრძნობა, რომ სლოვაკებს მეტი შეუძლიათ. მათ რეალურ ძალას მერვედფინალში ვნახავთ.
დასკვნა
ფრე ინგლისისთვის ტრაგედია არ არის, თუ მაინცდამაინც მისთვის უხერხული მეტოქე პორტუგალია არ შეხვდა, მაგრამ სამაგიეროდ, თუ ჰოჯსონის ბიჭები მერვედფინალში მოიგებენ, მეოთხედფინალში, წესით, მასპინძელ საფრანგეთთან მოუწევთ ჭიდილი. აი, ეს კი უკვე პრობლემაა.სლოვაკები კი დღევანდელ მატჩებს დაელოდებიან და მერვედფინალში თავიანთი მეტოქის ვინაობასაც გაიგებენ.
whoscored.com-ის ტოპ-5
მარტინ შკრტელი სლო. 8,3მატუშ კოზაჩიკი სლო. 8,3
ნათანიელ კლაინი ინგ. 8,1
ერიკ დაიერი ინგ. 7,5
ტომაშ ჰუბოჩანი სლო. 7,5
20 ივნისი. სენტ ეტიენი. "სტად ჟოფრუა გიშარი"
სლოვაკეთი-ინგლისი 0:0
სლოვაკეთი (4-5-1): კოზაჩიკი - პეკარიკი, შკრტელი, დიურიცა, ჰუბოჩანი - პეჩოვსკი (67. გიომბერი), კუცკა, ჰამშიკი, ვაისი (78. შკრინიარი), მაკი - დუდა (57. შვენტო)
ინგლისი (4-3-3): ჰარტი - კლაინი, კეჰილი, სმოლინგი, ბერტრანდი - ჰენდერსონი, დაიერი, უილშირი (56. რუნი) - ლალანა (60. ალი), სტარიჯი (76. კეინი), ვარდი
გაფრთხილება: პეჩოვსკი - ბერტრანდი
კარში დარტყმა: 4-27 (2-5) კუთხური: 0-11 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 7-12 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 39 051
თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 3 2 0 0 6-3 6
2. ინგლისი 3 1 2 0 3-2 5
3. სლოვაკეთი 3 1 1 1 3-3 4
4. რუსეთი 3 0 1 2 2-6 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"