საქმე ისაა, რომ დებულების თანახმად, მერვედფინალში 6 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის. უნგრეთს, რომელიც ახლა ჯგუფის ლიდერია, შეუძლია მესამეზე დაქვეითება, მაგრამ ამ შემთხვევაში, 4-ქულიანი უნგრეთი უკვე უსწრებს სხვა ორი ჯგუფის მესამეადგილოსნებს (ალბანეთი და ჩრდილოეთი ირლანდია). ასე რომ, გუნდი, რომლისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ, ორი ტურის შემდეგ იბევებს პლეი ოფში ადგილს!
მოკლედ, დღეს ლიონში უნგრეთის ნაკრებს პორტუგალიასთან მატჩში სულ სხვა სახის ამოცანა აქვს
სრულიად განსხვავებული სიტუაციაა პორტუგალიის ნაკრების ბანაკში. ფერნანდო სანტუშის გუნდმა ვერ შეძლო მოგება, არც წაუგია, მაგრამ მესამე ფრის შემთხვევაში, სასურველი მესამე ადგილით გადის მერვედფინალში. ცალკე მოსაყოლია კრიშტიანო რონალდოს მდგომარეობა, რომელმაც ვერაფრით გაიტანა გოლი ამ ევროზე, არადა, ერთხელ პენალტიც კი დაარტყა.
უნგრელებს მცველი ატილა ფიოლა უეჭველი დააკლდებათ, ხოლო "ფერენცვაროშის" ფორვარდ დანიელ ბიოდეს თამაში საეჭვოა. საკადრო პრობლემები აქვს ფერნანდო სანტუშსაც - საეჭვოა რაფაელ გერეიროსა და ანდრე გომეშის თამაში. ორივე ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა პორტუგალიის ნაკრებში. გერეიროს, ალბათ, ვეტერანი ელიზეუ შეცვლის, აი, "ვალენსიას" ნახევარმცველ გომეშის ჩასანაცვლებად მწვრთნელი, ალბათ, ტაქტიკურ სქემას შეცვლის და სასტარტოში "ბაიერნის" ახალწვეულ რენატო სანჩესს ვიხილავთ.
ურთიერთშეხვედრებში იბერიის ნახევარკუნძულის მკვიდრთა უპირატესობა აშკარაა - ხუთივე დაპირისპირება პორტუგალიის ნაკრებმა მოიგო. ბოლო ორი გამარჯვება კრიშტიანო რონალდომ და კომპანიამ უნგრეთზე 2010 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებში იზეიმეს. და კიდევ ერთი დეტალი - ეს ორი ნაკრები 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ ჯგუფშია.
ოთხ უნგრელს ფრთხილად ყოფნას ვურჩევდით - კადარი, კლაინჰაისლერი, ნადი და ნემეტი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მერვედფინალს გამოტოვებენ. პორტუგალიას ჯერ ასე დალხენილად არ აქვს საქმე, მაგრამ პეპე და კვარეშმა ფრთხილად უნდა იყვნენ.
ბერნდ შტორკი (უნგრეთი): "ვინ წარმოიდგენდა ევრო 2016-ის დაწყებამდე, რომ ჩვენ პირველზე ვიქნებოდით, ხოლო პორტუგალიას პლეი ოფის საგზური ჯერ განაღდებული არ ექნებოდა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისე თამაში, როგორც წინა ორ შეხვედრაში, მკაცრად დაცვაში, კონტრშეტევების იმედზე.
მეტოქეს უმაღლესი კლასის ვარსკვლავები ჰყავს და ეს ძალიან სახიფათოა. ყველა კრიშტიანო რონალდოს ახსენებს, მაგრამ პორტუგალიას სხვა ვარსკვლავებიც ჰყავს. ჩვენ გუნდურად უნდა ვითამაშოთ და უნდა ვიყოთ გაბედულები. არ უნდა შეგვეშინდეს არც მათი შვიდი ნომრის, არც სხვისი. მეტოქე გავაანალიზეთ, ჩემმა ბიჭებმა უკვე კარგად იციან, რას უნდა ელოდონ პორტუგალიელებისგან".
ფერნანდო სანტუში (პორტუგალია): "ჩემი ფეხბურთელების მჯერა და ყოველთვის მჯეროდა, რატომ უნდა გავხდე მაინცდამაინც ახლა პესიმისტი? ავსტრიასთან მართლა კარგად ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, შემდეგ ეტაპზე გავალთ.
იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ კრიშტიანო თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს და გოლებს გაიტანს. რა თქმა უნდა, სტანდარტულებს ისევ რონალდო შეასრულებს. არა მგონია, რომ უნგრეთი დაცვიდან გვეთამაშება, მათი ყველაზე დიდი უპირატესობა გუნდურობაა".
* * *
ევრო 2016-ის დებიუტანტი ისლანდიის ნაკრები, გამარჯვების შემთხვევაში, პლეი ოფში გავა, მაგრამ არც ავსტრიას დაუკარგავს შანსი, გამარჯვება ამ გუნდსაც ჰყოფნის მიზნის მისაღწევად. ისლანდიის ნაკრებს ჯერ არასოდეს მოუგია ავსტრიისთვის, მათი უკანასკნელი თამაში კი ფრედ დასრულდა - 2014 წლის მაისში გუნდებმა ამხანაგურად 1:1 ითამაშეს. ავსტრიის ნაკრებს "სტად დე ფრანსზე" თამაშის გამოცდილებაც აქვს - 1998 წლის მუნდიალზე ამ გუნდმა აქ იტალიასთან 1:2 დათმო. გუნდებს თითო ფეხბურთელი ჰყავთ ტრავმირებული. თუ კუნძულელთა კაპიტანი არონ გუნარსონი, ალბათ, მაინც ითამაშებს, უფრო რთულადაა ავსტრიელი ზლატკო იუნუზოვიჩის საქმე. აი, ისლანდიელთა ფორვარდი ალფრედ ფინბოგასონი დისკვალიფიცირებულია.
ლარს ლაგერბაკი (ისლანდია): "დარწმუნებული ვარ ჩვენს წარმატებაში, ბიჭები მოწადინებულნი არიან. უნდა მოვუმატოთ და შევუტიოთ. ფეხბურთელების სასაყვედურო არაფერი მაქვს, ისლანდიის ნაკრები ისე თამაშობს, როგორც ტოპ-კლასის გუნდი. მთავარია, სულელური შეცდომები არ დავუშვათ ავსტრიასთან თამაშში".
მარსელ კოლერი (ავსტრია): "ძალიან დაძაბული მატჩი გველის, ორივე გუნდის მიზანი ერთია - გამარჯვება. ისლანდიის ნაკრები კომპაქტურად თამაშობს, გუნდი ძალიან მოწადინებულია, მაგრამ ამით მისი დადებითი თვისებები არ ამოიწურება, ისლანდიელებს ფეხბურთის თამაშიც შეუძლიათ. ჩვენი მიზანი გოლის გატანაა. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი სახით გადაკვეთავს ბურთი ხაზს, მთავარია, ეს მოხდეს. ავსტრიის ნაკრები ჯგუფური ეტაპიდან არასოდეს გასულა და ეს დიდი წარმატება იქნება ქვეყნისთვის".
22 ივნისი. სენ დენი. "სტად დე ფრანსი"
ისლანდია-ავსტრია 20:00
ტრავმა: გუნარსონი (?) - იუნუზოვიჩი (?)
ისლანდია (სავარაუდო): ჰალდორსონი - სევარსონი, რ. სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი - გუდმუნდსონი, გუნარსონი, გ. სიგურდსონი, ბ. ბიარნასონი - სიგტორსონი, ბოდვარსონი
ავსტრია (სავარაუდო): ალმერი - კლაინი, პრიოდლი, დრაგოვიჩი, ფუხსი - ბაუმარტლინგერი, ალაბა - ჰარნიკი, შიოპფი, არნაუტოვიჩი - იანკო
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
22 ივნისი. ლიონი, "სტად დე ლიონი"
უნგრეთი-პორტუგალია 20:00
ტრავმა: ფიოლა, ბიოდე (?) - ანდრე გომეში (?), გერეირო (?)
უნგრეთი (სავარაუდო): კირაი - ლანგი, გუზმიჩი, იუჰასი, კადარი - ნადი, გერა - ჯუჯაკი, კლაინჰაისლერი, ლოვრენჩიჩი - სალაი
პორტუგალია (სავარაუდო): რუი პატრისიო - ვიერინია, რიკარდო კარვალიო, პეპე, ელიზეუ - ვილიამ კარვალიო, ჟოაო მოუტინიო, რენატო სანჩესი - კვარეჟმა, რონალდო, ნანი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. უნგრეთი 2 1 1 0 3-1 4
2. ისლანდია 2 0 2 0 2-2 2
3. პორტუგალია 2 0 2 0 1-1 2
4. ავსტრია 2 0 1 1 0-2 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"