ევრო 2016-ის ამბები: დარჩენილები და გავარდნილები

AutoSharing Option
რუნის პენალტების სერია არ უნდ
ინგლისის ნაკრების ლიდერმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ მას ძალიან არ უნდა, ისლანდიასთან მერვედფინალურ მატჩში საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდეს. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს სწორედ ეს ნაკრებები შეხვდებიან. შეხვედრა 27 ივნისს, ნიცაში გაიმართება.

"ჩვენთვის სულ ერთია, რომელ გუნდს ვეთამაშებით პლეი ოფში. გასაგებია, რომ სტატუსით ისლანდია ბევრ ნაკრებს ჩამორჩება, მაგრამ ეს მთავარი არ არის. ძალიან უხერხული მეტოქეა. მთელი გუნდით თავს იცავენ და ამას დამაჯერებლად აკეთებენ. ჩვენ ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრაში ვდომინირებდით და დიდი იმედი მაქვს, რომ პლეი
ოფშიც ასე იქნება. ერთი ეგაა, საგოლე მომენტები უკეთესად უნდა გამოვიყენოთ.

თერთმეტმეტრიანების შესრულებაზე ვვარჯიშობთ, მაგრამ ძალიან არ მინდა, ჩვენი და ისლანდიის თამაშის ბედი პენალტებმა გადაწყვიტოს. იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა", - განაცხადა ინგლისელთა კაპიტანმა.

იარმოლენკოს ბოდიში
უკრაინის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრი იარმოლენკომ გულშემატკივარს მიმართა და დაჰპირდა მათ, რომ უახლოეს მომავალში გაცილებით ძლიერ უკრაინას იხილავენ. შეგახსენებთ, რომ მიხაილო ფომენკოს გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი უქულოდ და უგოლოდ დაასრულეს.

"გპირდებით, რომ მალე უფრო ძლიერები ვიქნებით. ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეული ჩავარდნაა, მაგრამ ყველაფერს გავუძლებთ და გადავლახავთ. უკრაინის ნაკრები კიდევ იტყვის თავის სიტყვას. მანამდე კი ბოდიში და გჯეროდეთ ჩვენი", - ეს კიევის "დინამოს" ფეხბურთელის სიტყვებია.

დელ ბოსკე: კასილიასი დისკომფორტს გრძნობს!
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ იკერ კასილიასი, "ფურია როხასა" და "პორტუს" მეკარე, გვარიან დისკომფორტს განიცდის, რაკი ევროფორუმზე "მანჩესტერის" ლიდერის, დავიდ დე ხეას სათადარიგოა.

"იკერი დისკომფორტს განიცდის, როცა სათადარიგოთა სკამზე ზის, მაგრამ ის საკუთარ თავში ახერხებს ყველაფრის გადახარშვას", - თქვა დელ ბოსკემ.

დონ ვისენტემ ისიც თქვა, რომ ფეხბურთში პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა. "ფეხბურთი არ არის ჩოგბურთი. ფავორიტები აქ არ არსებობენ. ვინ იტყვის, რომ გერმანია სლოვაკეთს აუცილებლად მოუგებს?" - თქვა ესპანელთა დამრიგებელმა.

ვერტონგენი: ინგლისი და საფრანგეთი მთავარი ფავორიტები არიან
ბელგიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა იან ვერტონგენმა ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებზე ისაუბრა. "ესპანეთი ძალიან კარგია. მასთან ერთად, გერმანიასაც ფავორიტთა რიგებს მივაკუთვნებდი. და მაინც, თუ მთავარი ფავორიტების დასახელებაა საჭირო, მე ვასახელებ ინგლისს და საფრანგეთს", - თქვა ვერტონგენმა.

ინიესტა: დაივიწყეთ ხორვატია!
ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მისმა პარტნიორებმა სასწრაფოდ უნდა დაივიწყონ ხორვატიასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი.

"ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ წარმატებისთვის, არამედ ჩავარდნებისათვისაც. ახლა ჩვენ ეს მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ. ხორვატებთან თამაშზე ფიქრის დრო არ არის. სულ მალე იტალიასთან გველის მერვედფინალური მატჩი. რთული მეტოქეა, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავიმარჯვოთ. ჩვენ ესპანეთის ნაკრები ვართ", - აღნიშნა "ბარსელონას" ვარსკვლავმა.

ბუხვალდი: კიმიხი პატარა ლამია
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, 1990 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა გვიდო ბუხვალდმა კომპლიმენტები არ დაიშურა ეროვნული გუნდის ახალგაზრდა წევრის, ჯოშუა კიმიხის მიმართ:

"ევროპის ჩემპიონატზე კიმიხი ისე თამაშობს, როგორც პატარა ფილიპ ლამი თამაშობდა. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ის შესანიშნავია და ორთაბრძოლებშიც უშიშრად შედის. ჯერ ჯოშუას არ ჰყოლია განსაკუთრებული მოწინააღმდეგე, მაგრამ მისი საიმედოობა მაინც მისასალმებელია", - თქვა ბუხვალდმა.

უკრაინა პრემიების გარეშე დარჩა
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილო ფომენკომ განაცხადა, რომ მისი გაწვრთნილი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისათვის პრემიებს ვერ მიიღებენ. უკრაინამ ჯგუფში სამივე მატჩი წააგო - გერმანიასთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და პოლონეთთან.

"ჩვენ არ დაგვიმსახურებია პრემიები და მათ ვერც მივიღებთ. პრემიები ეკუთვნის იმას, ვინც იგებს და არა იმას, ვინც მხოლოდ მონაწილეობს და მეტი არაფერი", - განაცხადა ფომენკომ.

ბოატენგი: სლოვაკეთთან აუცილებლად ვითამაშებ!
გერმანიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა განაცხადა, რომ აუცილებლად ითამაშებს სლოვაკეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში. ბოატენგმა ტრავმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში მიიღო, რომლითაც გერმანიამ ჯგუფური ეტაპი დაასრულა.

"კუნთი ჯერ კიდევ არ არის იდეალურ მდგომარეობაში, მაგრამ ექიმები მუშაობენ. ვიღებ შესაბამის წამალს და დარწმუნებული ვარ, კვირას სრულ მზადყოფნაში ვიქნები. სლოვაკეთთან უსათუოდ ვითამაშებ", - უთხრა "ბილდს" ბოატენგმა.

რონალდოს მონანიებას სთხოვენ
გაზეთი "კორეირო დე მანია" ოფიციალურად ითხოვს კრიშტიანო რონალდოსაგან თავისი საქციელის მონანიებას. სწორედ ამ გაზეთს წარმოადგენდა ჟურნალისტი, რომელსაც კრიშტიანომ ტბაში გადაუგდო მიკროფონი.

გაზეთთან ერთად არსებობს ტელევიზიაც. მოკლედ, ეს დიდი ჰოლდინგია. მისმა დირექტორმა კარლუშ როდრიგეშმა თქვა: "ეს მთელი ერის დიდი შეურაცხყოფაა. ყველაზე მცირე, რაც შეიძლება რონალდომ გააკეთოს, ბოდიშის მოხდა და მონანიებაა. რონალდო ნაკრების კაპიტანია. ის ერის სახეა და ესეც არ იყოს, მას გარკვეული ვალდებულებები აქვს, როგორც პორტუგალიის ნაკრების წევრს", - განაცხადა როდრიგეშმა.

იბრა: ვამაყობ ნაკრებით!
34 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ბელგიასთან (0:1) ზლატანისათვის შვედეთის პირველი გუნდის შემადგენლობაში ბოლო გამოდგა.

"შვედეთის ნაკრები ძალიან ძვირფასი გუნდია ჩემთვის. ვამაყობ ნაკრებით და იმითაც, რასაც მივაღწიე. ბევრი ვერ წამოიდგენდა, რომ მალმეს პატარა რაიონში დაბადებული ბიჭი ამას შეძლებდა, მაგრამ მან ეს შეძლო", - თქვა ზლატანმა.

თერიმმა ფანებს უჩივლა
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა სასამართლოში ერთბაშად 21 ფანს უჩივლა. ესპანეთთან მატჩის შემდეგ, რომელიც თურქეთმა 0:3 დათმო, არაერთმა ადამიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით შეურაცხყო "იმპერატორი" და მისი ოჯახი. თერიმმა სასამართლოს მიმართა. ახლა ამ საქმეზე სტამბოლის პროკურატურა მუშაობს.

ფომენკო წავიდა
67 წლის მიხაილო ფომენკომ უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის მიზეზი გახდა უკრაინელთა სუსტი ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე. მათ ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგეს.

"ნაკრებში მუშაობის გაგრძელების უფლება აღარ მაქვს. ჩვენ ძალიან სუსტად ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. მე ვარ მთავარი მწვრთნელი და მე უნდა ავიღო იმ შედეგზე პასუხისმგებლობა, რომელიც დაფიქსირდა. დიდი მადლობა ფეხბურთელებს, ფედერაციას და ქომაგებს", - თქვა ფომენკომ.
გამოცდილმა სპეციალისტმა, ლანჩხუთის "გურიის" ყოფილმა დამრიგებელმა უკრაინის ნაკრები 2012 წლის შემოდგომაზე ჩაიბარა.

პოლიცია ფანების ამოცნობას იწყებს
ინგლისის ნაკრების ორ ფანს 5-5 წლით აუკრძალეს საფეხბურთო სტადიონებზე დასწრება. ერთ-ერთი ფანი 34 წლისაა, მეორე 24 წლის, მათი გვარები არ სახელდება. ორივემ მონაწილეობა მარსელის არეულობაში მიიღო, როცა ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების ფანებმა იჩხუბეს. ამასთან, ბრიტანეთის პოლიციამ 73 ფანის ფოტო გამოამზეურა და ხალხს მათზე ინფორმაციის მოწოდება სთხოვა. ეს ფანები მარსელის არეულობებში არიან შემჩნეულები.

ვრბა რჩება
მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის ნაკრები უსახელოდ დაემშვიდობა ევრო 2016-ს, გუნდის თავკაცი, 52 წლის პაველ ვრბა მაინც თავის პოსტზე დარჩება. ეს ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა მიროსლავ პელტამ განაცხადა.

"მე დაინტერესებული ვარ, რომ ვრბა დარჩეს ნაკრების მესაჭედ. მან გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უნდა მოუტანოს. ჩემი აზრით, მწვრთნელთა შტაბი კარგად მუშაობდა, პრობლემა სხვა რამეშია", - თქვა პელტამ. ვრბას კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული