ევრო 2016. 1/8-ფინალი. შვეიცარია-პოლონეთი: ფაბიანსკიმ და იღბალმა პოლონეთი მეოთხედფინალში გაიყვანეს [VIDEO]

AutoSharing Option
* ევრო 2016-ზე პენალტების სერია პლეი ოფის პირველსავე მატჩში დაინიშნა.
* ორივე ნაკრები პირველად თამაშობდა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში. ასე რომ, პოლონეთის ნაკრები მეოთხედფინალში პირველად გავიდა.
* რობერტ ლევანდოვსკის უკვე 7 თამაშია, ეროვნული ნაკრების მაისურით გოლი არ გაუტანია.
* იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ 18 გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით. როცა მას გოლი გააქვს, პოლონეთის ნაკრები არასოდეს აგებს.
* 30 ივნისს პოლონეთის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება.

თუ რომელიმე მერვედფინალურ წყვილზე ითქმის, თანაბარი წყვილიაო, შვეიცარიისა და პოლონეთის ნაკრებებზე. შემთხვევითი არ არის, რომ სპეციალისტები იმთავითვე თანაბრად აფასებდნენ ორივე
გუნდის შანსებს. მცირე უპირატესობა პოლონეთს ენიჭებოდა. მიზეზი, ცხადია, "ბაიერნის" სუპერფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი იყო.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
არავითარი ექსპერიმენტი. პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ და შვეიცარიის უპირველესი გუნდის დამრიგებელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ის სათამაშო სქემა აირჩიეს, რომელსაც ისინი მთელი ჯგუფური ეტაპის განმავლობაში ეყრდნობოდნენ.

ცხადი იყო, შვეიცარიელთა მთავარი კოზირი ისევ ფლანგური შეტევები და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა იქნებოდა. პოლონეთს საქმე გაურთულა დისკვალიფიკაციამ და ტრავმამ. ამ მიზეზით იუქმეს კაპუსტკამ და, რაც ყველაზე მთავარია, გუნდის ძირითადმა მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ.

შჩესნი ლუკაშ ფაბიანსკიმ შეცვალა. რაც შეეხება პოლონელთა სასტარტო განლაგებას, ეს იყო კლასიკური 4-4-2 სათამაშო სქემა. შვეიცარიელებმა კი პოლონელთა კარზე ერთადერთი ფორვარდი მიუშვეს. რა თქმა უნდა, ჰარის სეფეროვიჩს უკეთ გარჯა მართებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპის მატჩებში სეფეროვიჩმა უამრავი შენსი გაატანა ქარს, პეტკოვიჩი მას მაინც ენდო. მოკლედ, თავიდანვე სანახაობრივი, დაძაბული თამაშის საცქერად განვეწყვეთ.

გოლები
0:1 - პოლონეთის სწრაფი შეტევა გოლით დასრულდა. კამილ გროსიცკიმ, რომელმაც თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა, შესანიშნავი პასი უბოძა კუბა ბლაშჩიკოვსკის, ვინც აუღელვებლად შეაგდო.

1:1 - გოლი-სასწაული: ჯერდან შაქირის არნახული "მაკრატელა". თუ სასწაული არ მოხდა, ეს გოლი ევროფორუმზე საუკეთესო უნდა გახდეს. ამ გოლის აღწერა არ შეიძლება, ის უნდა ნახოთ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ადამ ნავალკა (პოლონეთი): "ჩვენი დღევანდელი გამარჯვება არის ისტორიული. ჩვენ ვეთამაშეთ მეტოქეს, რომელიც მსოფლიო კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. დიდებული შეხვედრა გამოვიდა, რომელიც შეიძლებოდა, ნებისმიერ შედეგით დასრულებულიყო. ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან კონცენტრირებულნი ვიყავით. რაც შეეხება ლევანდოვსკის, არ მესმის, როგორ შეიძლება მისი კრიტიკა. რობერტმა დიდებულად ითამაშა. მან ფენომენალური სამუშაო გასწია".

იან ზომერი (შვეიცარია): "ეს უსამართლობაა. შვეიცარიის ნაკრები იმსახურებდა მეოთხედფინალში გასვლას და ამაში ყველა დამეთანხმება. ჩემი აზრით, დღეს ჩვენ ბედმა ზურგი გვაქცია. თამაშის უდიდესი ნაწილი ჩვენ უკეთესები ვიყავით და უნდა მოგვეგო. ყველანი ძალიან ვართ იმედგაცრუებულები. შვეიცარიამ ვერ მიიღო ამ ჩემპიონატში ის, რასაც იმსახურებდა".

ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარია): "ძალიან მოწყენილი ვარ. დღეს შვეიცარიამ კარგად ითამაშა და მარცხს არ იმსახურებდა. თავიდან ცოტა ვინერვიულეთ, მაგრამ მერე დავლაგდით. რაც შეეხება შაქირის გოლს, მე მას შესვენებაზე ვუთხარი, რომ ხშირად შეეცვალა პოზიციები. საერთოდ, როცა პენალტების სერიამდე მიდის თამაში, იქ იღბალი გჭირდება. დღეს ჩვენ ყველანი ჯაკას გვერდით ვართ".

ანალიზი
ძალიან დაძაბული თამაში იყო. ჩვენ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვნახეთ დამატებითი დრო და თერთმეტმეტრიანების სერია. არ ვიცით, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ პირადად მე მგონია: საფეხბურთო ფორტუნამ მაინც უმართებულოდ განსაჯა ლატარიაში. თუ ვინმეს ეკუთვნოდა მეოთხედფინალის საგზური, ეს შვეიცარიის ნაკრები იყო.

არადა, პირველი ტაიმის განმავლობაში პოლონეთი სჯობდა მეტოქეს. პოლონელებმა ჯილდოდ გოლი მიიღეს და ამის შემდეგ ძალიან დაიხიეს უკან. ყოველივე ამას თან დაერთო შვეიცარიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიერ განხორციელებული გონივრული შეცვლები.

მთელი მეორე ტაიმი და დამატებითი დრო შვეიცარიის კარნახით მიდიოდა. მათ ბევრი საგოლე მომენტი გაატანეს ქარს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეცვლაზე შესული ერენ დერდიოკის მიერ გაფლანგული ორი საგოლე შანსი.

რომ არა დერდიოკის ფატალური უიღბლობა და ლუკაშ ფაბიანსკის დიდებული თამაში, პოლონეთი მეოთხედფინალში ვერაფრით გავიდოდა. გაამართლა შვეიცარიელთა სამწვრთნელო შტაბის მიერ გაკეთებულმა შეცვლებმაც, თუმცა ყველაფერი მაინც თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა.

როგორც ჩანს, პენალტების სერიაში ორივე გუნდმა მაგრად ივარჯიშა. თუ არ ჩავთვლით არსენალელი გრანიტ ჯაკას აცილებულს, ყველა დარტყმული ზუსტი იყო. საბოლოოდ მოიგო იმან, ვინც ერთი შეცდომაც კი არ დაუშვა.

მატჩის გმირი
ამ შემთხვევაში უეფას ოფიციალურ საიტს თან უნდა დავეთანხმოთ და თან არა. მისი ვერსიით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე შვეიცარიის ნაკრების ლიდერი ჯერდან შაქირი გახდა. შაქირიმ დიდებულად ითამაშა, მისი გოლი კი ენითაუწერელი სილამაზისა იყო, მაგრამ პოლონეთმა გაიმარჯვა და ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახლდათ ნაკრების მეორე მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი, ვინც დიდებულად შეცვალა ტრავმირებული ვოიცეხ შჩესნი.

ალბათ, მკითხველი არ გვიწყენს, თუ გმირის მანტიას ორივე ფეხბურთელს თანაბრად მოვასხამთ. მით უმეტეს, ამას ორივე ალალად იმსახურებს.

მსაჯი
41 წლის გამოცდილმა ინგლისელმა არბიტრმა მარკ კლატენბურგმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. მას წამითაც არ გაქცევია ხელიდან თამაშის სადავეები. მის კომპეტენტურობაზე ისიც მეტყველებს, რომ არბიტრის გადაწყვეტილებებს ფეხბურთელები ყოველგვარი კამათის გარეშე ხვდებოდნენ.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს თამაში არც იყო განსაკუთრებით რთული სამსაჯო, მაგრამ მატჩს მაინც ახლდა თან საპლეიოფო მღელვარება.

დასკვნა
სანამ არსებობს ასეთი ფორმატი, სულ ვისაუბრებთ იღბალსა და უიღბლობაზე. ამ შემთხვევაში ფორტუნამ პოლონელთა მხარე დაიჭირა. ცოტა უსამართლოდ, მაგრამ მაინც. ისე, პენალტების სერიის ნაცვლად ვინმე რამეს რომ მოიფიქრებდეს, ცუდი არ იქნებოდა.

whoscored.com-ის ტოპ-5
იაკუბ ბლაშჩიკოვსკი პოლ. 9,0
ჯერდან შაქირი შვე. 8,6
რიკარდო როდრიგესი შვე. 8,3
ჰარის სეფეროვიჩი შვე. 7,5
ფაბიან შერი შვე. 7,4

25 ივნისი. სენტ ეტიენი. "სტად ჟოფრუა გიშარი"
შვეიცარია - პოლონეთი 1:1 (4:5,პენ)
გოლები: 0:1 ბლაშჩიკოვსკი (39. გროსიცკი), 1:1 შაქირი (82. დერდიოკი)
შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი - ბეჰრამი (77. ფერნანდეში), ჯაკა - შაქირი, ჯემაილი (58. ემბოლო), მეჰმედი (70. დერდიოკი) - სეფეროვიჩი
პოლონეთი (4-4-2): ფაბიანსკი - პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, იენჯეიჩიკი - ბლაშჩიკოვსკი, კრიხოვიაკი, მონჩინსკი (101. იოდლოვიეცი), გროსიცკი (104. პეშკო)- მილიკი, ლევანდოვსკი
გაფრთხილება: შაქირი, ჯურუ - იენჯეიჩიკი, პაზდანი
კარში დარტყმა: 10 (7)-12 (5); კუთხური: 13-5; ჯარიმა:16-14; თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 38 842

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული