ანტონიო კონტე: ჯადოსნური ოჯახი გვყავდა და სამწუხაროა, რომ ეს დასრულდა

AutoSharing Option
გუშინ, 2 ივლისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალური შეხვედრის შემდეგ, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალში იტალიელთა მეტოქე გერმანიის ნაკრები იყო, რომლებთანაც კონტეს შეგირდები პენალტების სერიაში ანგარიშით 5:6 დამარცხდნენ.

- ევრო 2016. გერმანიის ნაკრები ნახევარფინალშია! [VIDEO]

"ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ჩემპიონებმა ჩვენს წინააღმდეგ სათამაშო სტილი შეცვალეს, ჩვენდამი პატივისცემაზე მეტყველებს. ფეხბურთელებისთვის ყველა ასპექტში რთული შეხვედრა გამოდგა. სამწუხაროა, რომ ჩემპიონატის დატოვება ასე, პენალტების სერიით გვიწევს. თანაც, მეოთხე პენალტის წინ უპირატესობა ჩვენ მხარეს იყო. მაგრამ გერმანიის
ნაკრები მსოფლიოში უძლიერესი ნაკრებია!

გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო, ამიტომ გასახდელში ბევრი გულდაწყვეტილია. გვჯეროდა ჩვენი ოცნების და მივისწრაფოდით მისკენ. ფეხბურთს ზოგჯერ იმედგაცრუებაც მოაქვს...

ფეხბურთელებს შინ დაბრუნება სუფთა სინდისით შეუძლიათ. ისინი ჩემს გულში დარჩებიან. ერთად ორი ფანტასტიური წელი გავატარეთ და ყოველთვის მადლიერი ვიქნები როგორც ფეხბურთელების, ისე სამწვრთნელო შტაბის, მენეჯერებისა და... ყველასი! ჯადოსნური ოჯახი გვყავდა და სამწუხაროა, რომ დღეს ეს დასრულდა.

ნაკრების დატოვების შესახებად გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. ბევრჯერ დარჩენაზეც მიფიქრია მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. ჩვენ კვალი დავტოვეთ, რომლისგანაც იმედია, რაღაც გამოვა. რამდენიმე ფეხბურთელისთვის ეს ჩემპიონატი პირველი იყო და მათ დიდი გამოცდილება მიიღეს. ახლა მთავარია, სწორად გამოიყენონ ის.

როცა მოედანზე თავს არ ზოგავ, არავის აზრად არ მოსდის შენი კრიტიკა. ამ ბიჭებმა იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე ვალი მოითხოვდა და ვფიქრობ, ხალხი ხედავს ამას. იმედის თვალით ვუყურებ იტალიური ფეხბურთის მომავალს.

ახლა ერთ კვირას დავისვენებ, წაგების შემდეგ გონს მოვეგები, შემდეგ კი "ჩელსისკენ" გავემართები. ვიცი, რთული იქნება, მაგრამ ასეთი სირთულეები მიყვარს!", - ციტირებს კონტეს უეფას ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ცნობილი გახდა, მისი დასრულების შემდეგ ანტონიო კონტე ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი გახდებოდა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ალბათ შენ ბაჯოს იტალიისთვის არ გიყურებია 94 ში :)
GEO-ს
14:23 04-07-2016
0
არასდროს არ მიგულშემატკივრია იტალიისთვის და არც არასდროს მოწონდა იტალიური ფეხბურთი (გემოვნების საკითხია). თუმცა წელს ნამდვილად სხვა იტალია იყო, ტრადიციულად ძლიერი დაცვით თუმცა ლამაზი ფეხბურთით და შეტევებით. პირველად მწყდება გული, რომ იტალია ნახევარფინალში ვერ გავიდა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული