ევრო 2016: უეფას ექსპერტთა რჩეულები ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
უეფას ტექნიკურ მიმომხილველთა სპეციალურმა ჯგუფმა ევრო 2016-ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ანტუან გრიზმანი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა შემტევმა 6 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან "ოქროს ბუციც" მიიღო, მაგრამ მისმა გუნდმა ფინალი დათმო და ელზასელს სრული ტრიუმფი არ გამოუვიდა.

25 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე, 6 გოლის გარდა, 2 საგოლე პასიცაა.

მოკლედ, "ატლეტიკოს" შემტევმა თავი დიდებულად წარმოაჩინა და მხოლოდ მისი ბრალი არ არის, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ვერ შეძლო ფინალში პორტუგალიის დამარცხება. ანტუანი განსაკუთრებით პლეი ოფის სტადიაზე იყო პროდუქტიული - მან მერვედფინალში
ირლანდიის ნაკრების კარში დუბლი შეასრულა. იგივე მან ნახევარფინალში, გერმანიის ნაკრებთან თამაშში გაიმეორა.

"ანტუან გრიზმანი ყოველ მატჩში საფრთხეს წარმოადგენდა მეტოქის მცველებისთვის. ის ძალიან ბევრს მუშაობს გუნდისთვის, დიდებულ ტექნიკას ფლობს, კარგად ხედავს მოედანს და გოლის ალღოც აქვს. ტექნიკური ჯგუფის ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ის ამ ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთელი იყო", - განაცხადა უეფას ტექნიკური ჯგუფის შეფმა იოან ლუპესკუმ.

ჩამოვთვლით იმათ, ვინც 13-კაციან ჯგუფში შედიოდა. ჟიური საკმაოდ წარმომადგენლობითია: სერ ალექს ფერგიუსონი, ალან ჟირესი, დევიდ მოიესი, პეკი ბონერი, მიქსუ პაატალაინენი, სავო მილოშევიჩი, პეტერ რუდბეკი, გარეთ საუთგეიტი, თომას შააფი, იან-ფრანსუა დომერგი, ხინეს მელენდესი და ჟან-პოლ ბრიგერი.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2012-ის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა დაასახელეს, ევრო 2008-ზე კი ჩავი ერნანდესმა გაიმარჯვა. პორტუგალიაში გამართულ ევროპის პირველობაზე, 2004 წელს გაიმარჯვა ბერძენმა თეოდოროს ზაგორაკისმა, ოთხი წლით ადრე კი საუკეთესო ზინედინ ზიდანი იყო.

რაც შეეხება ბომბარდირის "ოქროს ბუცს", გრიზმანმა ის ფერნანდო ტორესისგან გადაიბარა, რომელმაც ევრო 2012-ზე იყოჩაღა (3 გოლი), ევრო 2008-ის ბომბარდირი კი კიდევ ერთი ესპანელი, დავიდ ვილია (4) იყო. ევრო 2004-ზე ბომბარდირთა დავა ჩეხმა მილან ბაროშმა მოიგო, 2000 წელს კი პატრიკ კლუივერტმა (ჰოლანდია) და სავო მილოშევიჩმა (იუგოსლავია) - 5-5 გოლით.

* * *
იმავე ტექნიკურმა ჯგუფმა დაასახელა ტურნირის სიმბოლური ნაკრებიც. ჯერ თავად ნაკრებს შემოგთავაზებთ: რუი პატრისიო (პორტუგალია), ჯოშუა კიმიხი (გერმანია), ჟერომ ბოატენგი (გერმანია), პეპე (პორტუგალია), რაფაელ გერეირო (პორტუგალია), ტონი კროოსი (გერმანია), ჯო ალენი (უელსი), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი), აარონ რემზი (უელსი), დმიტრი პაიე (საფრანგეთი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია).

* * *
შეგახსენებთ, რომ ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი პორტუგალიელი რენატო სანჩესი გახდა, რომლის ასაკმაც (18 წლის არის) ამდენი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ევროპის ჩემპიონატზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული