ევრო 2016-ის ამბები: მესუთ იოზილი საუკეთესოა...

AutoSharing Option
გერმანელებმა იოზილი გამოარჩიე
გერმანიის ფეხბურთის კავშირის ვებსაიტზე მოწყობილ გამოკითხვაში ნაკრების ფანებმა ბუნდესგუნდის საუკეთესო ფეხბურთელი შეარჩიეს ევროპის ჩემპიონატზე. გაიმარჯვა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა, რომელმაც ხმების 25,2% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა მცველი ჟერომ ბოატენგი 23,1%-ით, მესამეა ტონი კროოსი - 18,9%.

ევრო 2016-ზე იოზილმა 6 მატჩი გამართა, მის ანგარიშზე თითო გოლი და საგოლე პასია. ასევე, მან ორი გაფრთხილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ნახევარფინალში გავიდა, სადაც მასპინძელთან, საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა - 0:2.

გერას გოლი აირჩიეს
უეფას ვებსაიტმა დაასრულა მკითხველთა გამოკითხვა, რომელთაც ევრო 2016-ის საუკეთესო გოლი
დაასახელეს. გაიმარჯვა უნგრელი შემტევის, ზოლტან გერას გოლმა პორტუგალიის ნაკრების კარში (3:3). იმ ეპიზოდში პორტუგალიელებმა თითქოს მოიგერიეს უელსელთა შეტევა, მაგრამ ბურთი გერას მიუვიდა და... ამ გოლმა ხმების 32% მიიღო.

გერას გოლმა გაიმარჯვა ჯგუფური ეტაპის გოლებს შორისაც. მერვედფინალის საუკეთესო გოლად აირჩიეს ჯერდან შაქირის (შვეიცარია) გოლი პოლონეთის ნაკრების კარში. მეოთხედფინალის გოლებში ყველას უელსელი ჰალ რობსონ-კანუს გოლმა აჯობა ბელგიელთა კარში. ნახევარფინალის გოლებში კრიშტიანო რონალდოს (პორტუგალია) თავურმა გაიმარჯვა უელსის ნაკრების კარში.

ეს მოსაწყენი ევრო
29 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ხავი გარსიამ, რომელიც "ზენიტში" თამაშობს, ევრო 2016-ს მოსაწყენი უწოდა. "ძალიან ბევრი იყო ისეთი თამაში, სადაც პრაგმატიზმი პირველ რიგში იყო, ყველა დაცვაში თამაშობდა, არ იყო ბევრი სახიფათო მომენტი. მე ეს ევრო მომეჩვენა ძალიან, ძალიან, ძალიან მოსაწყენად. გამონაკლისი იყო ფინალი, რომელიც საინტერესოდ წარიმართა. მომენტებიც ბევრი იყო და სხვა გამოსარჩევი ფაქტებიც. მოკლედ, ფინალი გამორჩეული იყო", - განაცხადა გარსიამ.

ვერნბლუმი წავიდა
შვედმა პონტუს ვერნბლუმმა საერთაშორისო კარიერის დასრულება გამოაცხადა. "გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ევრო 2016-ის მიმდინარეობისას მივიღე, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა ვიტყვი. ნაკრებიდან მივდივარ და მეტ დროს გავატარებ ჩემს ოჯახთან ერთად. ნაკრების აღდგენა, სულ მცირე, ორ წელს მაინც მოითხოვს, მე კიდევ არა მგონია, რომ საამისო ენერგია კიდევ მქონდეს შერჩენილი", - განაცხადა მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველმა. 30 წლის ვერნბლუმმა შვედეთის ნაკრებში პირველად 2007 წელს ითამაშა და მას მერე 51 მატჩი დაუგროვდა ქვეყნის უპირველეს გუნდში. ევრო 2016-ზე მას მოედანზე გასვლის შანსი არ მისცემია.

პორტუგალიაში დაპატიჟეს
მთელი მსოფლიო მოიარა კადრებმა, როცა პატარა პორტუგალიელი ბიჭუნა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ იხუტებს საფრანგეთის ნაკრების ფანს, რომელიც ტირის. ბიჭუნას საქციელი ყველამ მოუწონა, თუმცა ამ ისტორიას გაგრძელება აქვს - პორტუგალიის ტურიზმის დეპარტამენტმა ქვეყანაში დაპატიჟა ფრანგი ფანი. პორტუგალიელები სთხოვენ ყველას, რომ ამოიცნონ ფრანგი ფანი, რათა მას მოსაწვევი გაუგზავნონ. სხვათა შორის, ქვეყანაშია დაპატიჟებული ის ბიჭუნაც. დიახ, აღმოჩნდა, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეა, უბრალოდ, პორტუგალიელი მშობლები ჰყავს და ამიტომ გულშემატკივრობდა პორტუგალიის ნაკრებს.

"სქაის" უჩვეულო არჩევანი
"სქაი სპორტსის" ვებსაიტის მკითხველებმა ევრო 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელად ისლანდიელი ფორვარდი კოლბეინ სიგტორსონი დაასახელეს. მან 13 ათასი ხმით აჯობა ფრანგ შემტევს, ანტუან გრიზმანს, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს ოფიციალური ვერსიით. სიგტორსონმა 34 ათასი ხმა მოაგროვა, გრიზმანმა - 21 ათასი. მესამე ადგილზე გავიდა უელსელი ნახევარმცველი აარონ რემზი - 9,7 ათასი ხმით. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდო მხოლოდ მეექვსე იყო 4,2 ათასი ხმით.

ყველაზე ყურებადი მატჩი
ევრო 2016-ის ფინალი ESPN-ზე ყველაზე ყურებადი საფეხბურთო მატჩი გამოდგა (მხოლოდ ევროპული ფეხბურთი ითვლება). ჯამში პორტუგალიისა და საფრანგეთის ფინალურ დაპირისპირებას 5,9 მილიონმა ადამიანმა უყურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული