ევრო 2016. შესარჩევი. IV ტურის წინ: დიდი ჯახი და დიდი უთანასწორობა

AutoSharing Option
ფოტოზე: გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ფეხბურთელებს მეტოქის "გასაჯიჯგნად" გეშავს
14 ნოემბერს "დინამო არენაზე" საქართველო-პოლონეთის თამაშით იწყება ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის IV ტურის შეხვედრები. ტური სამ დღეზეა გაწერილი - დღეს, 14 ნოემბერს იწყება და კვირას, 16 ნოემბერს დასრულდება. სანაკრებო ბატალიები წლეულს ამით დაგვემშვიდობება.

ჩვენი გუნდის წინასამატჩო ამბებს ამ ბმულზე გაეცნობით: საქართველო VS პოლონეთი - სასწაულის მოლოდინში

ვნახოთ, რა ხდება სხვა დაპირისპირებებში. ბუნებრივია, ეს ტური ვერაფერს გა
დაწყვეტს, თუმცა ევრო-2016-ის რაღაც კონტურები შესაძლოა, უკვე გამოჩნდეს.

D ჯგუფი: დიდი ჯახი და დიდი უთანასწორობა
პარასკევი. 14 ნოემბერი
საქართველო-პოლონეთი 21:00
გერმანია-გიბრალტარი 23:45
შოტლანდია-ირლანდია 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პოლონეთი 3 2 1 0 11-2 7
2. ირლანდია 3 2 1 0 10-2 7
3. გერმანია 3 1 1 1 3-4 4
4. შოტლანდია 3 1 1 1 4-4 4
5. საქართველო 3 1 0 2 4-3 3
6. გიბრალტარი 3 0 0 3 0-17 0

ჩვენს ჯგუფში, ალბათ, კონტინენტის ყველაზე უთანასწორო ბრძოლა გაიმართება - მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ნიურნბერგში მასპინძლობს დებიუტანტ გიბრალტარის ნაკრებს, რომელსაც 3 თამაშში 17 ბურთი აქვს გაშვებული (ბოლო 3 საქართველოს ნაკრებისგან).

თან, იოახიმ ლიოვის გუნდს სულაც არა აქვს ჯგუფში დალხენილად საქმე - სამიდან მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო.

მოკლედ, მტერს არ ვუსურვებთ, რაც წესით, გიბრალტარის ნაკრებს ბავარიაში ელის.

გერმანელთათვის ნიურნბერგის "ფრანკენშტადიონი" იღბლიანია ბოლო დროს. რაც გუნდმა 2005 წელს კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში ბრაზილიასთან 2:3 წააგო, ამ სტადიონზე სულ იგებს. მასპინძლებს როისი, ხედირა, ჰიოვედესი და იოზილი დააკლდებიან.

აი, ჯგუფის მესამე შეხვედრა გლაზგოს "სელტიკ პარკზე" კი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია - შოტლანდიის ნაკრები ირლანდიას მასპინძლობს. იცით, რამდენი ხანია არ მოუგიათ სკოტებს ირლანდიელებისთვის შინ? 53 წელი! ბოლოს ეს 1961 წლის მაისში მოხდა.

შოტლანდიელებმა ბოლოს ირლანდიელებს დუბლინში ამხანაგურ შეხვედრაში მოუგეს - ეს ამბავიც კარგა ხნისაა, მას მერე 14 წელიწადი გავიდა. სულ ურთიერთშეხვედრებში კი ასეთი სიტუაციაა: 9-დან 4 მატჩი ირლანდიამ მოიგო, 3 შოტლანდიამ, 2 ფრედ დასრულდა.

სხვათა შორის, 2005 წელს შოტლანდიელთა ამჟამინდელმა ბოსმა გორდონ სტრაჩანმა "სელტიკში" ირლანდიელთა ახლანდელი მწვრთნელი მარტინ ონილი შეცვალა.

ირლანდიელთა ვეტერანი ფორვარდი რობი კინი II ტურში გიბრალტარის ნაკრების კარში შესრულებული ჰეთ-თრიქით ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ციკლის რეკორდსმენი გახდა - მან 21 გოლი გაიტანა.

მასპინძლებს მაკგრეგორი, მელგრიუ და ჰენლი აკლიათ, ირლანდიელებს - მაკარტი და კოულმენი.

F ჯგუფი: ლიდერთა ჯახი ბუქარესტში
პარასკევი. 14 ნოემბერი
საბერძნეთი-ფარერები 23:45
უნგრეთი-ფინეთი 23:45
რუმინეთი-ჩრდ. ირლანდია 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩრდ. ირლანდია 3 3 0 0 6-1 9
2. რუმინეთი 3 2 1 0 4-1 7
3. ფინეთი 3 1 1 1 4-4 4
4. უნგრეთი 3 1 1 1 3-3 4
5. საბერძნეთი 3 0 1 2 1-4 1
6. ფარერები 3 0 0 3 1-6 0

ბუქარესტში ჯგუფის ლიდერთა მატჩია. რუმინეთის ნაკრები, ანგელ იორდანესკუს ხელმძღვანელობით, ტურნირის მოულოდნელ პირველადგილოსან ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ხვდება. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, რუმინეთის ნაკრები ამ შეხვედრის აშკარა ფავორიტია.

რუმინელებს ენაჩე, გოიანი, ტამაში და მარიკა არ ეყოლებათ, თუმცა ყველაზე დიდი დანაკლისი ფორვარდი რაულ რუსესკუა. სტუმრები ჯიმი უარდის გარეშე უნდა გავიდნენ ფონს.

უნგრულ-ფინური ჯახი "გრუპამა არენაზე" შედგება. ორივე ნაკრებს 4-4 ქულა აქვს. ბოლოს ეს ნაკრებები ერთმანეთს მარტში ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. ქალაქ დიორში მიქსუ პაატალაინენის გუნდმა 2:1 მოიგო.

უნგრეთის ნაკრების განაცხადში არ არიან ვინჩაკი, ლიპტაკი და ბალოგი. ფინელებს ალექსანდერ რინგი ჰყავთ დისკვალიფიცირებული.

საბერძნეთის ნაკრებმა ძალიან ცუდად დაიწყო საკვალიფიკაციო ეტაპი - გუნდს სამი მატჩიდან მხოლოდ ქულა აქვს და ახლა შინ აუტსაიდერ ფარერის კუნძულებს უმასპინძლებს.

ევრო-96-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორივე მატჩი ბერძნებმა დიდი ანგარიშით მოიგეს, 5:0 და 5:1. და ახლაც არა გვგონია, პრობლემა შეხვდეთ.

I ჯგუფი: ნაომარ ველზე
პარასკევი. 14 ნოემბერი
პორტუგალია-სომხეთი 23:45
სერბეთი-დანია 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 3 1 1 1 3-3 4
2. ალბანეთი 2 1 1 0 2-1 4
3. პორტუგალია 2 1 0 1 1-1 3
4. სერბეთი 1 0 1 0 1-1 1
5. სომხეთი 2 0 1 1 2-3 1

შენიშვნა: სერბეთსა და ალბანეთს შორის ჩაშლილ შეხვედრაში სერბეთს 3:0 გამარჯვება ჩაეთვალა, მაგრამ ჩამოაკლდა 3 ქულა. ეს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ის ცხრილში არ აისახება.

ალბათ, ყველას ახსოვს წინა ტურში დატრიალებული არასაფეხბურთო ამბები - ბელგრადში სერბებს ალბანელებმა "დიდი ალბანეთის" დროშა უფრიალეს, თანაც ეს მეტად ორიგინალურად მოახერხეს - უპილოტო საფრენი აპარატით, რასაც მოჰყვა ამ დროშის ჩამოხევა და დაპირისპირება ჯერ ფეხბურთელებს შორის, შემდეგ კი ფანებსა და სტუმარ ალბანელებს შორის.

თამაში, რა თქმა უნდა, ჩაიშალა და უეფამ სერბებს მოგება ჩაუთვალა, თუმცა ის სამი ქულა ჩამოაკლო. ახლა ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, თუმცა არა გვგონია, შერბილდეს.

სერბეთი "პარტიზანზე" დანიის ნაკრებს მასპინძლობს. მართალია, სერბეთი და დანია ერთმანეთს პირველად ხვდებიან, მაგრამ იუგოსლავიის ნაკრებსა და დანიას შორის თამაშები ყოფილა. დანიელებს კარგად ახსოვთ სერბთა დისკვალიფიკაცია, რისი წყალობით დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა და მერე იქ სენსაციურად იმარჯვა.

სერბებს კოლაროვი არ ეყოლებათ, ხოლო სტუმრებს - აგერი და შიონე.

ფარუში, "ესტადიუ ალგარვეზე", სადაც ოქტომბერში საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები 3:0 დაამარცხა, სომხეთის გუნდი ჩადის. პორტუგალია არცთუ კარგ ფორმაშია, რაც სტუმრებს შანსს აძლევს.

ისე, ეს გუნდები 4-ჯერ შეხვდნენ და 2-ჯერ პორტუგალიელებმა მოიგეს, 2-ჯერ ფრედ დასრულდა.

პორტუგალიელთა მთავარი დანაკლისი ფაბიო კოენტრაო და რიკარდო კოშტა არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული