ევრო 2016: როგორ გადაურჩა იტალია ხორვატიას

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ხორვატიასთან (1:1) მატჩი ყველაზე მძიმე გამოდგა ანტონიო კონტეს ფორმაციის იტალიისთვის. გადაჭედილ "სან სიროზე" ჯგუფის ლიდერთა ჯახი ვიხილეთ, ემოციები კი მართლაც დუღდა, როგორც მინდორზე, ისე ტრიბუნებზე...

თამაში
თამაშმა გვიჩვენა, რომ დღეს ხორვატებს უფრო დალაგებული და შეთამაშებული გუნდი ჰყავთ. აი, ანტონიო კონტეს კი დიდძალი სამუშაო აქვს შესასრულებელი. სტატისტიკიდან ნათლად ჩანს, რომ მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა - ბურთის ფლობა: 40%-60%, კარში დარტყმები: 2-7, კუთხურები: 0:5...

დროის უდიდესი ნაწილი ბურთს სწორედ ხორვატები ფლობდნენ და დარჩა შთაბეჭდილება, რომ უფრო მეტი სითამამე შეტევაში
მათი უპირობო გამარჯვების საწინდარი იქნებოდა. იტალიელებს ჰქონდათ რამდენიმე გამონათება, მთლიანობაში ალბათ 20-25 წუთი, როდესაც შეტევაში აქტიურობდნენ და მეტოქის კართან მომენტებს ქმნიდნენ.

მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი ივან რაკიტიჩი იყო და იტალიელთა ბედი, რომ ჯერ კიდევ 28-ე წუთზე ტრავმის გამო ლუკა მოდრიჩი შესაცვლელი გახდა. სანამ რაკიტიჩი და მოდრიჩი ერთად იყვნენ მოედანზე, "აძურას" შუახაზელებს ბურთთან მიკარებაც კი უჭირდათ. მოკლედ, ხორვატებმა თამაშით აჯობეს მეტოქეს და ეს ნამატჩევს ყველამ აღიარა.

სანამ კომენტარებს გავეცნობოდეთ, აღვნიშნოთ, რომ ანტონიო კონტემ მატჩის მსვლელობისას 3 ტაქტიკური მონახაზი გამოიყენა: ჯერ 3-5-2, შემდეგ 4-4-2 და ბოლოს 4-3-3. ყველაზე უკეთ "აძურა" 4-4-2-ის დროს გამოიყურებოდა, სხვა შემთხვევებში კი ხორვატია აშკარად დომინირებდა.

ანტონიო კონტე: "უმძიმესი მატჩი იყო, რომელშიც შეიძლებოდა წაგვეგო. ვიცოდით, რომ ძალიან ძლიერ მეტოქეს ვხვდებოდით უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით. ხორვატებს საუცხოო შემადგენლობა ჰყავთ და დღეს უფრო კარგად ორგანიზებული და შეთამაშებული გუნდია.

მიუხედავად ყველაფრისა, კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით, რადგან უბრძოლველად არაფერი დათმეს. მთავარია ჯგუფური ეტაპის დაძლევა და ეს ახალი გუნდის ჩამოყალიბების პროცესში უნდა მოვახერხოთ".

დანიელე დე როსი: "ხორვატები ჩვენს დონეზე თამაშობენ და ამიტომ შედეგი დადებითად შეგვიძლია მივიჩნიოთ. იტალია ყოველთვის მოსაგებად თამაშობს, მაგრამ ასეთ ძლიერ მეტოქესთან ფრეც არაა ურიგო.

ხორვატებს ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ და უნდა ვაღიაროთ, რომ თავიანთი თამაში მოგვახვიეს თავს. დავინახეთ, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო და დარწმუნებული ვარ, ანტონიო კონტე სწორ დასკვნებს გამოიტანს. სატურნირო ცხრილში ყველაფერი რიგზეა, თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად კი დრო ბევრი გვაქვს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხორვატებმა აურიეს
თამაშს დაახლოებით 5 000 ხორვატი გულშემატკივარი დაესწრო, რომლებიც პერმანენტულად მინდორზე პეტარდებს ისროდნენ, მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე კი არბიტრი იძულებული გახდა, თამაში შეეჩერებინა და ფეხბურთელები გასახდელში გაეხმო.

მატჩი დაახლოებით 15 წუთით იყო შეჩერებული და მას შემდეგ განახლდა, რაც განსაკუთრებით აგრესიული ხორვატი ქომაგები კარაბინიერებმა ტრიბუნიდან გაიყვანეს - ბუნებრივია, მათი გაყვანა მარტივი არ გამოდგა, პოლიციას და სტუმარ ულტრასებს შორის კი ჩხუბი გაჩაღდა.

საბოლოოდ, ვითარება ჩაწყნარდა და თამაში განახლდა, მატჩის დასკვნითი ნაწილი კი ხორვატებმა შედარებით სუსტად ჩაატარეს - არადა, თამაშის შეწყვეტამდე მათი დომინირება კულმინაციას აღწევდა და თითქოს გოლიც მომწიფებული იყო. მოკლედ, ხორვატმა ქომაგებმა მეთორმეტე ფეხბურთელის როლი იტალიელთათვის შეასრულეს.

უეფას შესაბამისი ორგანოები აუცილებლად იმსჯელებენ ამ თემაზე და ხორვატებს სანქციები არ ასცდებათ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა კი თანამემამულე გულშემატკივრების ნაცვლად ბოდიში მოიხადა:

"მინდა ბოდიში მოვიხადო იმ ქომაგების ნაცვლად, რომლებმაც სტადიონზე არეულობა მოაწყვეს. ხორვატები ასეთები არ ვართ და გული დამწყდა, რომ მოვლენები ასე განვითარდა. დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამ არასდროს განმეორდება".
იტალია-ხორვატიის მატჩზე ფანები მოედანზე პეტარდებს ისროდნენ
Sportall.Ge

ახალი სახეები "აძურაში"
დღეს იტალიის ნაკრები ამხანაგურად ალბანეთს გაეჯიბრება და ანტონიო კონტე ექსპერიმენტულ შემადგენლობას დაეყრდნობა. "სკუადრა აძურას" თავკაცმა გამოცდილი ფეხბურთელები სახლში გაუშვა და გუნდი იმ ფეხბურთელებით დააკომპლექტა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობით განებივრებულნი არ არიან.

მეკარეები: სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), პერინი (ჯენოა).
მცველები: აჩერბი (სასუოლო), ბონუჩი (იუვენტუსი), მორეტი (ტორინო), როსეტინი (კალიარი), რუგანი (ემპოლი), კრიშიტო (ზენიტი), ანტონელი (ჯენოა), დე სილვესტრი (სამპდორია).
ნახევარმცველები: აკვილანი (ფიორენტინა), ბერტოლაჩი (ჯენოა), ბონავენტურა (მილანი), პაროლო (ლაციო), პოლი (მილანი), სტურარო (ჯენოა).
თავდამსხმელები: დესტრო (რომა), ჯოვინკო (იუვენტუსი), მატრი (ჯენოა), ოკაკა (სამპდორია), გაბიადინი (სამპდორია), ჩერჩი (ატლეტიკო, ესპანეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული