ევრო 2016. ისლანდია: მე არ ვარ გმირი, გმირი ნელსონ მანდელაა

AutoSharing Option
ისლანდიაში სულ 329 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ასეთი ქვეყნის ეროვნული გუნდი ყაზახებთან ფრის შემდეგ გახდა მეორე ნაკრები ფეხბურთის სამშობლო ინგლისის შემდეგ, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე მიზანს მიაღწია - ევრო 2016-ზე თამაშის უფლება მიიღო.

ისლანდია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე პატარა ქვეყანაა (მოსახლეობა იგულისხმება), რომელმაც კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ბუნებრივია, ეს მიღწევა ისლანდიის ისტორიაში პირველია...

ყაზახეთთან მატჩის შემდეგ რეიკიავიკის ქუჩებში და კუნძულის სხვა ქალაქებშიც ნამდვილი ზეიმი მოეწყო. ხუმრობა საქმე როდია, ქვეყანამ, სადაც მხოლოდ 21 ათასი ფეხბურთელია რეგისტრირებული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოყვარულია,
ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ისტორიაში პირველად.

წვიმიან ამინდში, "ლაუგარდალსვოლურზე", 10 ათასი კაცის თვალწინ ისლანდიის ნაკრები მოედნის ცენტრში ზეიმობდა ამ მიღწევას და ამის მთავარი შემოქმედი მწვრთნელი ლარს ლაგერბაკი ცდილობდა, მოქმედების ცენტრში არ მოხვედრილიყო. მან ჩამოიფხატა ქუდი, აიწია ქურთუკის საყელოები და ნელ-ნელა გაემართა თავისი ბიჭებისკენ.

"ვიღაცამ თქვა, რომ ეს ნამდვილი ზღაპარია, მაგრამ ეს მოსაზრება მხოლოდ ერთი მხრივ არის მართალი. სინამდვილეში ეს ზღაპარი უამრავი ადამიანის მუხლჩაუხრელი შრომით გახდა სინამდვილე. ყველამ მოინდომა.

ბევრი ლაპარაკობს ჩემს როლზე ამ წარმატებაში, თითქოს, მე ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გავხდე, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ადამიანების ჯგუფის შრომა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს", - ამბობს 67 წლის შვედი მწვრთნელი და მართალიცაა - ისლანდიას ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, როგორებიც "სუონსის" შემტევი ნახევარმცველი გილფი სიგურდსონია, რომელიც ქვეყნის მთავარი მეგოლეა შესარჩევ ეტაპზე ხუთი გოლით, ან კაპიტანი არონ გუნარსონი "კარდიფ სიტიდან". ამ ორზე ყველაზე მეტს ლაპარაკობენ, მაგრამ არც სხვები დავივიწყოთ - ჰანეს ჰალდორსონი (ნეიმეგენი) კარში, კარი არნასონი (მალმიო) დაცვაში, ბირკირ ბიარნასონი (ბაზელი) შუახაზში და კოლბეინ სიგტორსონი (ნანტი) შეტევაში. ისევ თამაშობს უბერებელი ეიდურ გუდიონსენი, თუმცა მისი როლი უკვე ეპიზოდურია.

ლაგერბაკმა ისლანდიის ნაკრები 2011 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. ისლანდიისთვის ევრო 2012-ის კამპანია ისევე ცუდად დასრულდა, როგორც ყველა წინამორბედი. ამ დროს გუნდში შვედეთისა და ნიგერიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს დაუძახეს. როცა შვედი დანიშნეს, ისლანდიას 8 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა, შინ კვიპროსთან.

ლაგერბაკის მოსვლა გუნდს მაშინვე დაეტყო, 2014 წლის მუნდიალზე ისლანდია მხოლოდ იმიტომ ვერ წავიდა, რომ პლეი ოფში ხორვატიასთან დამარცხდა.

ლაგერბაკი მართალია, როცა ამბობს, რომ ისლანდიელთა წარმატებაში ბევრს მიუძღვის წვლილი. ერთ-ერთი ფეხბურთის ასოციაციაა, რომელმაც საფეხბურთო ინფრასტრუქტურა გამოასწორა. ადრე ისლანდიაში, მხოლოდ 4-5 თვე შეიძლებოდა ფეხბურთის თამაში და ვარჯიში, ეს კი ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდას ხელს ნამდვილად უშლიდა. საუკუნეების მიჯნაზე ამას მიხვდნენ ასოციაციაში და დაიწყეს ინფრასტრუქტურის განვითარება.

აშენდა შვიდი დახურული საფეხბურთო მოედანი, 20 ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, მალე ხელოვნურსაფარიან მოედანთა რიცხვმა კუნძულზე 130-ს მიაღწია. დახურული მოედნები დილიდან შუაღამემდე გახსნილია ყველასთვის, ვისაც ფეხბურთის თამაში სურს. შედეგად, ისლანდიაში გამოჩნდნენ ტექნიკური ბიჭუნები, არადა, აქამდე ამით ისლანდიური ფეხბურთი ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა. ახლა კი სწორედ ეს ბიჭუნები გაიზარდნენ...

ფანებიც უნდა ვახსენოთ. ახლახან ჰოლანდიური სასწაულის გამოჭედვა 3 ათასი ფანის დამსახურებაცაა, რომლებიც ნაკრებს "ამსტერდამ არენაზე" გამოჰყვნენ. შეიძლება 3 ათასი ბევრი არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ქვეყნის მოსახლეობის 1%-ია. წარმოიდგინეთ, ინგლისის ნაკრებს საგარეო მატჩზე მოსახლეობის 1% რომ გაჰყოლოდა... ნახევარმილიონიანი ტრიბუნები არ ეყოფოდა.

"დიახ, შვედეთი არაერთხელ გამიყვანია ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ეს სულ სხვა შეგრძნებაა, თავს ამაყად ვგრძნობ. და მაინც, არ ვარ მე გმირი, მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა... ესენი იყვნენ ნამდვილი გმირები".

ისლანდიის ნაკრების იდეალური 11-ეული დღეისთვის: ჰალდორსონი - სავარსონი, რ. სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი - გუნარსონი, ჰალფრედსონი, გ. სიგურდსონი, ბიარნასონი - სიგტორსონი, გუდმუნდსონი.

ისლანდიის ნაკრები
თიკუნი: Strakarnir okkar ("ჩვენი ბიჭები")
კონფედერაცია: უეფა, 1954 წლიდან
მწვრთნელები: ლარს ლაგერბაკი (შვედეთი), ჰეიმირ ჰალგრიმსონი
ყველაზე მეტი თამაში: რუნარ კრისტინსონი (104)
ყველაზე მეტი გოლი: ეიდურ გუდიონსენი (25)
ფიფას რეიტინგი: 23
პირველი ოფიციალური მატჩი: ისლანდია-დანია 0:3 (1946)
ყველაზე დიდი გამარჯვება: მალტა - 5:0 (2000)
ყველაზე დიდი მარცხი: დანია - 2:14 (1967)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Unknown ჩვენ რაც უნდა გვყავდეს ზუსტად ის გვყავს არც მეტი არც ნაკლები
აქსიომა
14:27 09-09-2015
0
რა უნდა მიბაძონ თუ ძმა ხარ, ჩვენთან ქეცბაიას ხელფასით რამდენი სკოლა გაკეთდებოდა, სადაც გაჭირვებული ოჯახის შვილები უფასოდ ივარჯიშებდნენ იცი? მარტო დომენტის და რიჟას რამდენი ექნებათ შეჭმული, მათ წინამორბედებს რომ თავი დავანებოთ, ახლა კიდე იმ ბინძურ ხალხს უნდა სფფ-ს სათავეში დარჩენა. არ ეშველება ამ ქვეყანას არაფერი
SOSO-s
14:45 09-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული