ანტონიო კონტე: გვინდოდა და მოვიგეთ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 7 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და არც ერთი არ წაუგია. ამასთან, "სკუადრა აძურას" უკვე 50 მატჩია, შესარჩევ ეტაპზე არ წაუგია, რაც მსოფლიოს რეკორდია.

ბოლო თამაში იტალიელებმა ნორვეგიასთან გამართეს და მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტის პირველობაზე უკვე განაღდებული ჰქონდათ გასვლა, ფეარ პლეის პრინციპები არ დაარღვიეს, ბოლომდე იბრძოლეს და სძლიეს კიდეც სკანდინავიელებს.

არადა, ნორვეგიელები გაცილებით მოტივირებულები იყვნენ, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე გადიოდნენ, ამ რეალობით კი პლეი ოფში მოუწევთ ასპარეზობა. მოკლედ, იტალიამ მოვალეობა პირნათლად შეასრულა, მატჩის
შემდეგ კი საინტერესო კომენტარები გაკეთდა...

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "კმაყოფილი ვარ როგორც შედეგით, ისე თამაშით. ყველა კომპონენტში ვაჯობეთ მეტოქეს და დამსაახურებულად გავიმარჯვეთ.

საწყენია, რომ ნორვეგიის ძალიან კარგ გუნდს პლეი ოფში მოუწევს ასპარეზობა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. გვინდოდა მოგება და მოვიგეთ. მომეწონა ჩემი შეგირდების დამოკიდებულება საქმისადმი და ის, თუ როგორ გადაეწყვნენ ახალ ტაქტიკაზე თამაშის მსვლელობისას.

სწორი რეაგირება მოვახდინეთ გაშვებული გოლის შემდეგ და მაშინაც არ გავტყდით, როდესაც თამაშის 3/4 მიიწურა და მიუხედავად უამრავი მომენტისა, ანგარიში ვერაფრით გავქვითეთ.

ეს იყო კარგი მატჩი, რომელმაც გვანახა, რომ იტალიას ძლიერი ნაკრები ჰყავს. ევროპის ჩემპიონატის წილისყრისას მეორე კალათაში ვიქნებით? - ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და თამაში არ წაგვიგია, დანარჩენი კი ჩემი გადასაწყვეტი არაა".

სებასტიან ჯოვინკო: "ძალიან რთული მატჩი იყო, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ჩემთვის დიდი პატივია იტალიის ნაკრების მაისურით თამაში და ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მეძლევა. მზად ვარ, გადმოვფრინდე ერთი კონტინენტიდან მეორეზე თუნდაც იმიტომ, რომ ეროვნულ გუნდში 10 ან 15 წუთი ვითამაშო.

თუმცა ჩემი მიზანია, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი და ნაკრებს მეტი სარგებელი მოვუტანო. რას ვიტყოდი "ბარსელონაში" ჩემი შესაძლო გადაბარგების შესახებ? - "ტორონტოში" თავს კარგად ვგრძნობ და ჯერჯერობით, არსად წასვლას არ ვაპირებ".

გრაციანო პელე: "გოლი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში უნდა გამეტანა, მაგრამ რამდენიმე კარგი შანსი გავუშვი ხელიდან. თამაშის დიდი ნაწილი ფატალურად არ გვიმართლებდა, მაგრამ ბოლოს მაინც გავტეხეთ მეტოქე და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. იტალიის ნაკრების მაისურით მეოთხე გოლი გავიტანე და იმედია, ასევე გავაგრძელებ. წინ ევროპის ჩემპიონატია და ჩვენი მიზანი იქაც გამარჯვებაა".

ჯანლუიჯი ბუფონი: "საინტერესო და ემოციებით აღსავსე მატჩი იყო, რადგან არ გვსურდა საკუთარ კედლებში წაგება და ამისთვის ბევრი შრომა დაგვჭირდა. მეტოქეს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს და მოტივირებული იყო, თუმცა არც ჩვენ ვაპირებდით უკან დახევას.

ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ, ასეთ იტალიას კი ვერავინ დაამარცხებს. ევროპის ჩემპიონატის საგზური მოპოვებულია და მთავარია, რომ კონტინენტის პირველობას ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული