ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი: ინგლისის ნაკრები - Perfect Ten

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი 10-დან 10 მოგებით დაასრულა. ეს შესანიშნავი შედეგი ნაკრების რეკორდია - ინგლისელებს მიჯრით ათი ოფიციალური შეხვედრა აქამდე არასოდეს მოუგიათ.

შემდეგი ოფიციალური თამაში როი ჰოჯსონის გუნდს უკვე საფრანგეთში, ევროპის ჩემპიონატზე ექნება...

"ეს დიდი მიღწევაა. ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელების თამაშით. უდიდესი და რთული სამუშაო გავწიეთ. თამაშის ხარისხიც მოსაწონი გახლდათ. 10 მატჩიდან 10 მოგება ძალიან სასიამოვნოა და ამით უნდა ვიამაყოთ.

ტრავმების გამო ჩვენ ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოვცადეთ და თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა საერთო საქმეში. ყველას თამაში და შრომა დაფასდება.
გარანტიას ვერავის მივცემ, მაგრამ შანსი ყველას ექნება.

ამხანაგური მატჩები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ვცადოთ, ჩვენი თამაში შევინარჩუნოთ. ამ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაშის შესაძლებლობა გვექნება" - თქვა როი ჰოჯსონმა.

"შესანიშნავი შედეგია, ყველანი გახარებულნი ვართ და ვამაყობთ, მაგრამ ცაში არავინ დაფრინავს. ვიაზრებთ, რომ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და ამხანაგური მატჩებიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ბოლო შეხვედრებში რამდენჯერმე არ გამიმართლა, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებ და გოლებიც აუცილებლად მოვა" - განაცხადა ინგლისელთა მეგოლე ჰარი კეინმა.

ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი: "შესარჩევი ციკლის წინ ზუსტად ამ ამოცანას ვისახავდით - ათივე მატჩის მოგებას - და შესანიშნავია, რომ მიზანი შევასრულეთ. ნაკრები ვითარდება, კონკურენციაც დიდია. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მთავარია, კონცენტრაცია შევინარჩუნოთ".

"ინგლისის ნაკრების მოგებების რეგულარულობა უკვე მოსაწყენი ხდება. ჩვენ ახალი გერმანია ვართ" - ტრადიციულად ორაზროვანი და ენაკვიმატი გახლდათ გარი ლინეკერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული