ევრო 2016: ოლსენი, იბრა, კირაი და სხვები - პლეი ოფის გმირები

AutoSharing Option
მაშ ასე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, რომელიც გასული წლის 7 სექტემბერს დაიწყო, დასრულებულია. უკან დარჩა 266 თამაში, რომლებშიც 694 გოლი გავიდა (2,61 საშუალოდ მატჩში).

უეფას 53 წევრი ქვეყნიდან გამოვლინდა 23 საუკეთესო, რომლებიც მასპინძელ საფრანგეთს შეუერთდებიან და ზაფხულში მილიონობით გულშემატკივარს საინტერესო ევრო 2016-ს გვაჩუქებენ.

სამწუხაროა, რომ კვლავ ვერ ასრულდა ქართული ოცნება და დიდი საფეხბურთო ტურნირი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მიუღწეველ მიზნად დარჩა. ჩვენი გუნდი მიზანთან ახლოსაც არ ყოფილა და შესარჩევ ჯგუფშიც მოკრძალებული ადგილი დაიკავა.

გუნდების გაზრდამ ფინალურ ეტაპზე ის შედეგი მოგვცა, რომ
დასავლეთ ევროპიდან ევრო 2016-ზე მხოლოდ ჰოლანდიას, დანიას და შოტლანდიას ვერ ვნახავთ (რა თქმა უნდა, ჯუჯა-ქვეყნებს სათვალავში არ ვიღებთ).

ჰოლანდიის ნაკრების კრახი მთავარი შოკია - რობენი, დეპაი, ვან პერსი, ბლინდი და სხვები მხოლოდ ტელევიზიით ან ტურისტის სტატუსით თუ ნახავენ ევროპირველობას. ჰოლანდიის მერე, ყველაზე მოულოდნელი ევროფორუმის მიღმა დანიელთა, სერბთა და ბერძენთა დარჩენა იყო.

ველით პარიზს
შესარჩევი ციკლი წარსულია, ახლა ვნახოთ, რა გველის უახლოეს მომავალში. ევრო 2016 10 ივნისს იწყება და ზუსტად ერთ თვეში, 10 ივლისს დასრულდება.

მანამდე კი ყველაზე საინტერესო ფინალური ეტაპის კენჭისყრაა, რომელიც სულ მალე გველის. 12 დეკემბერს პარიზი, რომელმაც ახლახან ტერორისტული შეტევების დიდი ტალღა გადაიტანა, რომელიც გარკვეულწილად, ფეხბურთსაც შეეხო, ევრო 2016-ის ექვსივე ქვეჯგუფის შემადგენლობებს გვაცნობს.

23 გუნდი, რომელიც ფინალურ ეტაპზე გავიდა, 4 კალათაშია გადანაწილებული. ეს მოხდა უეფას ნაკრებთა ბოლო კოეფიციენტების მიხედვით. ეს განთესვა არ შეეხო ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს. მას გარანტირებული ჰქონდა ადგილი ნომერ პირველ კალათაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ესპანეთის ნაკრები ისედაც მოხვდებოდა იქ კოეფიციენტების მიხედვით.

საფრანგეთის ნაკრებს კი კალათებში საერთოდ არ ჩასვამენ, მისი პოზიცია გარკვეულია - A1, ანუ "სამფეროვნებს" გარანტირებული აქვთ, რომ A ჯგუფში იასპარეზებენ, რომ იქ პირველ ნომრად ჩაეწერებიან და პარიზში გახსნის მატჩშიც მიიღებენ მონაწილეობას.

გუნდები 6 ქვეჯგუფში გადანაწილდებიან ამ ოთხი კალათიდან. კენჭისყრა ჯერ პირველი კალათის გუნდების ჯგუფებში ჩასმით დაიწყება. პირველი კალათის გუნდები, საფრანგეთის მსგავსად, ჯგუფებში ნუმერაციის სათავეში მოექცევიან. შემდეგ კი გუნდებს ჯერ უსუსტესი კალათიდან გაანაწილებენ, შემდეგ მე-3 კალათიდან და ბოლოს მეორე კალათიდან.

უეფას კოეფიციენტების მიხედვით, "სიკვდილის ჯგუფი" ასეთი იქნება: გერმანია, იტალია, ჩეხეთი და თურქეთი.

ევროპის ჩემპიონატზე 6 ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები, ასევე, 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი პლეი ოფში, ანუ მერვედფინალში გავლენ.

კალათები, კალათები
მაშ ასე, კალათები განაწილდა უეფას კოეფიციენტის მიხედვით. გრანდებიდან იტალიის ნაკრები ვერ მოხვდა პირველ კალათში. ვნახოთ კალათები:

I: ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, პორტუგალია, ბელგია.
II: იტალია, რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია, ხორვატია, უკრაინა.
III: ჩეხეთი, შვედეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.
IV: თურქეთი, ირლანდია, ისლანდია, უელსი, ალბანეთი, ჩრ. ირლანდია.

აღსანიშნავია, რომ 24-ე გუნდი, რომელმაც ყველაზე ბოლოს მოიპოვა საგზური - უკრაინა - II კალათში მოხვდა, ხოლო ბოლო კალათში პლეი ოფებიდან გასულთაგან მხოლოდ ირლანდიის ნაკრებია.

პლეი ოფის ნომინანტები
უეფას ოფიციალურმა საიტმა პლეი ოფის სტადიის ნომინანტები და სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

პლეი ოფის საუკეთესო მოთამაშედ უნგრეთის ნაკრების ვეტერანი მეკარე გაბორ კირაი დასახელდა, რომელსაც ნორვეგიასთან საგარეო მატჩში მე-100 სანაკრებო კეპი შეევსო. უნგრეთის ნაკრებში მასზე მეტი მატჩი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს ჩატარებული. მან ბრწყინვალედ ითამაშა ორივე მატჩში.

კირაი 1-ელ აპრილს 40 წლის გახდება და თუ ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებს, გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ცხოვრების მე-5 ათწლეულში მოუწევს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში.

საუკეთესო გოლად დასახელდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი დანიელთა კარში საჯარიმო დარტყმით.

ესეც პლეი ოფის სიმბოლური ნაკრები:
კირაი (უნგრეთი) - შევჩუკი (უკრაინა), ცეზარი (სლოვენია), ფედეცკი (უკრაინა), კიოგი (ირლანდია) - იარმოლენკო (უკრაინა), მაკარტი (ირლანდია), ფორსბერგი (შვედეთი), სელეზნიოვი (უკრაინა) - იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), უოლტერსი (ირლანდია).

მორტენ ოლსენის წასვლა
"დღეს ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ამ დარბაზში შემოსვლა", - განაცხადა დანიელთა თავკაცმა მორტენ ოლსენმა, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი 15-წლიანი თავკაცობა გუნდში დასრულდა.

"ძალიან მტკივნეულია ასე დასრულება, მაგრამ ამ წაგებაში, პირველ რიგში, ჩემი პასუხისმგებლობაც არის. დანიის ნაკრებისთვის 24-გუნდიან ევროპის ჩემპიონატზე ვერმოხვედრა სირცხვილია და ეს ჩემი ბრალია", - განაცხადა ოლსენმა, რომელმაც სანაკრებო მწვრთნელობაში იშვიათად დიდხანს იმუშავა ერთ თანამდებობაზე.

15 წელიწადი შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს რეკორდი სულაც არ არის. 1929-48 წლებში, ანუ 19 წელიწადი, იტალიის ნაკრებს სათავეში ვიტორიო პოცო ედგა. პოცომ იტალია ორჯერ გახადა მსოფლიოს ჩემპიონი. პოცო ნამდვილი პიონერი იყო ბევრ საკითხში, მაგალითად, მან დაიწყო პირველად საწვრთნელი შეკრებები მნიშვნელოვანი მატჩების წინ.

18 წელი წვრთნიდა ავსტრიის ნაკრებს ჰუგო მაიზლი, 16 - პოლ ფილიპსი ლუქსემბურგს, ამდენივე - ინგლისს უოლტერ ვინტერბოტომი. აი, ამათ აჯობეს მორტენ ოლსენს.

ზლატანის გედის სიმღერა
პლეი ოფის მთავარი პერსონა ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო, რომელმაც თავად არ დატოვა ევრო 2016 უზლატანოდ, ორ მატჩში სამი გოლი გაუტანა დანიას და შვედეთს საფრანგეთის საგზური მოუპოვა.

"ეს სასწაულია, ნამდვილი სასწაული. მე საფრანგეთში ვთამაშობ და გაისად, ჩემი ქვეყნის ნაკრებთან ერთად ვითამაშებ ევროპის ჩემპიონატზე. ეს იქნება, სავარაუდოდ, ჩემი უკანასკნელი ტურნირი ეროვნულ ნაკრებში. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მოხუცისთვის მეტისმეტად კარგი ფეხბურთელი ვარ.

ძალიან გახარებული ვარ, რადგან დანიასთან მატჩის წინ ბევრი წერდა, რომ ჩვენ არ შეგვეძლო მათი დამარცხება. ჩვენ კი ფანტასტიკურად ვითამაშეთ და ეს ექსპერტები შევარცხვინეთ. დანია ბურთს უკეთ აკონტროლებდა, მაგრამ აქედან სარგებელი ჩვენ უფრო გამოგვქონდა.

ევრო 2016-ზე რა ვთქვა - ასეთ ტურნირებზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა 34 წლის ზლატანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული