* ინგლისს ბოლო 18 საერთაშორისო მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული - 14 მოგება და 3 ფრე.
* ჰარი კეინმა პირველი გოლი გაიტანა იმ შეხვედრაში, რომელიც ძირითადში დაიწყო. მან წინა სამი გოლი შეცვლებზე შესვლის მერე გაიტანა. რასაკვირველია, სანაკრებო მატჩებს ვგულისხმობთ.
* ინგლისს გერმანიასთან ბოლო 7 დაპირისპირებიდან არც ერთში არ შეუნახავს კარი მშრალად.
* გერმანიამ ამ შეხვედრაში ზუსტად ორჯერ დაარტყა და ორივეჯერ გაიტანა.
* მარიო გომესმა გერმანიის ნაკრების მაისურით გოლი 2012 წლის ივნისის მერე პირველად გაიტანა.
* ინგლისის ნაკრების ბოლო ცხრა გოლი სხვადასხვა ფეხბურთელს აქვს გატანილი - დაიერი, ვარდი, კეინი, რუნი, ალი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ბარკლი, სტერლინგი, უოლკოტი.
ინგლისისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და პრინციპული დუელია. რასაკვირველია, ამხანაგური თამაშითა და მით უმეტეს, ასეთი შეხვედრის შედეგით, შორს მიმავალ და სერიოზულ დასკვნებს ვერ გააკეთებ, მაგრამ რაღაც-რაღაცები ჩანს და ბერლინში, "ოლიმპიაშტადიონზე" გამართულმა შეხვედრამაც გვიჩვენა, რომ ინგლისელებს მშვენიერი ნაკრები ჰყავთ.
როი ჰოჯსონის ბიჭებისგან ევროპის ჩემპიონატზე გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. ეგებ, ინგლისმა ახლა მაინც გაამართლოს სტატუსი და ფანები კარგი თამაშით გაახაროს. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონისგან კი ისედაც ველით კარგ თამაშს, მაგრამ შესარჩევ ეტაპზეც გერმანელებს პატარა ხარვეზები შეენიშნებოდათ და მოტივაციის დაბრუნებაზე იოახიმ ლიოვი საკმაო ხანია, მუშაობს. აბა, ვის გაუგია, გერმანია 2:0-ს იგებდეს და წააგოს, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში.
ინგლისელები უფრო ცოცხლად და სხარტად გამოიყურებოდნენ. განსაკუთრებით კარგები ნათანიელ კლაინი, დელე ალი, დენი უელბეკი და ერიკ დაიერი იყვნენ. არც დენი როუზსა და ჰარი კეინს დაეწუნებოდათ რამე. თუმცა, დაწინაურება მაინც გერმანიამ შეძლო, როდესაც ტაიმის მიწურულს მესუთ იოზილმა ტონი კროოსს უპასა, ხოლო მან უცნაურად დაარტყა და ტრავმირებული ჯო ჰარტის არყოფნაში კარში ჩამდგარმა ჯეკ ბატლენდმა ახლო კუთხეში გაუშვა.
თუმცა იმ მომენტში ბატლენდიც დაშავებული გახლდათ და მეორე ტაიმისთვის კარში უკვე ფრეიზერ ფორსტერი ჩადგა. ამის გათვალისწინებით, მით უფრო საინტერესოა, რომ როი ჰოჯსონმა მხოლოდ სამი ცვლილება გამოიყენა და ფორსტერის გარდა, მინდორზე ჯეიმი ვარდი და როს ბარკლი შემოუშვა.
იქამდე კი, სამი ხედირას გამოზომილი, ლამაზი ჩაწოდების მერე, მარიო გომესმა მშვენიერი თავურით ანგარიში 2:0 გახადა. ინგლისელთა დაცვა ისევ ჩავარდა. უკანა ხაზში ჰოჯსონის გუნდს ყველაზე მეტი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ნაციონალმანშაფტს ბევრი მომენტი ჰქონდაო, ამასაც ვერ ვიტყვით. სამაგიეროდ, "ოლიმპიაშტადიონის" სტუმრებმა დაიწყეს მომენტების შექმნა და...
ჰარი კეინმა დიდებულად მოატყუა ორი მცველი და დაბალ კუთხეში მოზომილი დარტყმით ჩასვა ბურთი. ამაზე უფრო ლამაზი გამოვიდა ვარდის სადებიუტო სანაკრებო გოლი. მან მინდორზე შემოსვლიდან პირველივე შეხებით გაიტანა, თანაც, ქუსლით. თვით მანუელ ნოიერიც უძლური გახლდათ. ამ ეპიზოდში კლაინის აქტიურობა და პასიც გამოვარჩიოთ. ბოლოს კი უფრო "მშიერმა" და "მოწყურებულმა" ინგლისელებმა გამარჯვებისაც შეაგდეს - ჯორდან ჰენდერსონის კუთხურიდან მოწოდებულს ერიკ დაიერი დაუხვდა და კოხტადაც ურქინა.
ამ შემართებით, ინგლისელები ბევრს შეუქმნიან პრობლემებს. გერმანელებს კი, როგორც ვთქვით, ის მუხტი აქვთ დასაბრუნებელი, რომელიც მათზე მეტად ამ შეხვედრაში ინგლისს ჰქონდა.
"არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ამხანაგური მატჩია. თუმცა აქამდე ძალიან დიდხანს მოვდიოდით და დიდი სამუშაო გავწიეთ, რომ გერმანიის დარი ნაკრები, რომელმაც ამდენს მიაღწია, დაგვემარცხებინა. არც ის დავივიწყოთ, რომ ინგლისის ნაკრები ჯერ კიდევ შენების პროცესშია და პროგრესი უნდა ჰქონდეს, უნდა მოუმატოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, როგორ მოეკიდები ასეთ დაპირისპირებებს.
ჩვენ კიდევ 4 ამხანაგური მატჩი გველოდება და ორთვენახევარი გვაქვს, რომ მოვემზადოთ ევრო 2016-ის პირველ მატჩამდე, რომელიც მარსელში რუსეთთან გვაქვს. შრომა უნდა გავაგრძელოთ და ასეთივე შემართულები დავრჩეთ.
ბოლო წუთზე გერმანიას რომ გაეტანა და მოეგო, მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი ჩვენი თამაშით, რადგან ბიჭებმა მართლაც კარგად ითამაშეს. ეს ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის ჩემს პერიოდში საუკეთესო საღამო იყო" - თქვა 68 წლის ჰოჯსონმა.
26 მარტი
გერმანია-ინგლისი 2:3
გოლები: 1:0 კროოსი (43), 2:0 გომესი (57), 2:1 კეინი (61), 2:2 ვარდი (74), 2:3 დაიერი (91)
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ჯანი, რიუდიგერი, ჰუმელსი (46. თაა), ჰექტორი - ხედირა, კროოსი - მიულერი (75. პოდოლსკი), იოზილი, როისი (64. შიურლე) - გომესი (79. გიოტცე)
ინგლისი (4-2-3-1): ბატლენდი (45. ფორსტერი) - კლაინი, სმოლინგი, კეჰილი, როუზი - დაიერი, ჰენდერსონი - ლალანა (71. ბარკლი), ალი, უელბეკი (71. ვარდი) - კეინი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
12:18 28-03-2016
ბერლინური სასწაული და ჰოჯსონის საუკეთესო საღამო [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული