ინგლისი-ჰოლანდია. გამოხმაურება: ინგლისი "უემბლიზე" მიწაზე დაუშვეს

AutoSharing Option
AUTO PLAY
* ვარდის გოლი იყო ინგლისის ნაკრების მე-100 ბურთი ჰოჯსონის ხელმძღვანელობით.

* ინგლისმა პენალტით 2008 წლის მერე პირველად გაუშვა. მაშინ "ლომებს" ფრანკ რიბერიმ გაუტანა.

* იანსენის თერთმეტმეტრიანით გატანილი ბურთი იყო პირველი, რომელიც ინგლისელებმა 443-წუთიანი პაუზის მერე გაუშვეს.

* "უემბლიზე" ორი გოლი ინგლისისთვის 2013 წლის ნოემბრის მერე არავის გაეტანა. მაშინ ეს ჩილემ გააკეთა.

* ინგლისს ჰოლანდიისთვის 7 მატჩია, არ მოუგია - 4 ფრე, 3 წაგება.

ფანებს ინგლისის ნაკრების ამ თამაშშიც ეიმედებოდათ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის მერე გუნდი დიდებულად გამოიყურება და გერმანიასთანაც 0:2-დან მოახერხა
მატჩის მობრუნება და მოგება, რაც ძალიან ძნელი გასაკეთებელია.

თუმცა, ჰოლანდიასთან შეხვედრა ცოტა უცნაური გამოვიდა. ალბათ, ინგლისელები არ ელოდნენ, რომ ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე და გარდამავალ საფეხურზე მყოფი ჰოლანდია ასე თამამად ითამაშებდა და თავიდანვე პრესინგს მიმართავდა.

დანი ბლინდის ბიჭებმა მეტოქე დააბნიეს. არადა, ანგარიში როი ჰოჯსონის გუნდმა გახსნა - გოლი მშვენიერი კომბინაციის შემდეგ ჯეიმი ვარდიმ გაიტანა. "ლესტერის" თავდამსხმელმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და მასპინძლებიც ამის მერეც ცდილობდნენ გაეტანათ, მაგრამ... საინტერესოა, რომ ზუსტად ამ მატჩის წინ ჰოჯსონმა ჯონ სტოუნსის გასაგონად საჯაროდ თქვა - ჯონი ძალიან ნიჭიერია და მისი დიდი იმედი მაქვს, მაგრამ მან უნდა გაიაზროს, რომ უმაღლესი კლასის მცველი ამდენ შეცდომას არ უნდა უშვებდესო.

სტოუნსი კი, ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში, საკუთარ საჯარიმოსთან დაენარცხა, ბურთი დაკარგა და ამას საბოლოოდ პენალტის დანიშვნა მოჰყვა, რადგან ჰოლანდიელებმა შეტევა გააგრძელეს და როუზს ბურთი ხელზე მოხვდა. მერე კი სტუმრებმა ცოტა საკამათო სიტუაციაში მეორეც გაიტანეს და იმარჯვეს.

ჰოჯსონის გუნდს უშუალოდ ამ მატჩში ყველაზე მეტად დაცვაში გაუჭირდა. საუკეთესო ვარდი გახლდათ. ჯეიმის კარგი პრესა ჰქონდა, დამსახურებულადაც. სხვათა შორის, არც ჯო ჰარტისა და ჯეკ ბატლენდის არყოფნაში კარში მდგომ ფრეიზერ ფორსტერს დაეწუნებოდა რამე. მან რამდენჯერმე კარგი "სეივი" შემოგვთავაზა. ვთქვათ ისიც, რომ მე-14 წუთზე ამ შეხვედრაშიც ფეხზე წამოდგნენ და აპლოდისმენტებით პატივი მიაგეს ლეგენდარული იოჰან კრუიფის ხსოვნას.

"ეს არ იყო ის თამაში, რომელიც გეგმის მიხედვით უნდა გვეჩვენებინა და რომელსაც ველოდი. ისეთი ინტენსიურები ვერ ვიყავით, როგორც გერმანიასთან და ტემპს ვერ ვაძლევდით. კრეატიულობაშიც მოვიკოჭლებდით, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში, მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით.

კარგი თამაშის მერე ჩავარდნა გამოგვივიდა. თუმცა, არ მგონია, რომ წაგება გვეკუთვნოდა. მატჩის ბედი მსაჯის ორმა ქმედებამ გადაწყვიტა, რომლებიც ჩვენ საწინააღმდეგოდ იყო. მეორეზე საუბარიც არ არის, ფილ ჯაგიელკაზე აშკარა ჯარიმა იყო, რომელიც არ დაინიშნა და ამას ჰოლანდიელთა გამარჯვების გოლი მოჰყვა.

პირველ ეპიზოდში კი პენალტი დაინიშნა ისეთ სიტუაციაში, როგორშიც თერთმეტმეტრიანების დანიშვნას კატეგორიულად არ ვემხრობი. ჩემი აზრით, ხელით თამაში მხოლოდ მაშინ უნდა დაფიქსირდეს, როდესაც ეს აშკარად განზრახ ხდება და არა მაშინ, როდესაც მოთამაშე ჩაწოდების ჩაჭრას ცდილობს და ბურთი ხელზე ხვდება. თუმცა დინოზავრივით ვიქნები, რომ ვამტკიცო, ეს პენალტი არ უნდა დანიშნულიყო-მეთქი, რადგან თანამედროვე ფეხბურთში ასეთ სიტუაციებში ნიშნავენ ხოლმე თერთმეტმეტრიანებს" - თქვა ჰოჯსონმა.

68 წლის სპეციალისტი ევრო 2016-ის განაცხადს 12 მაისს დაასახელებს. შემადგენლობის გამომზეურებიდან 10 დღეში მას "ეტიჰადზე" თურქეთთან ამხანაგური მატჩი ელოდება. 27 მაისს ინგლისი "სანდერლენდის" "ლაითზე" ავსტრალიას უმასპინძლებს, ხოლო 2 ივნისს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე უკანასკნელ ამხანაგურ თამაშს "უემბლიზე" პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

"ამ პერიოდში ძალიან ბევრ ფეხბურთელს მივეცი თავის გამოჩენის შანსი. შემადგენლობა მართლაც გადავახალისე და თუ გენებოთ, გავანიავე. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ დამეხმარება სამომავლოდ, როდესაც ვიფიქრებ ფეხბურთელებსა და შემადგენლობის შერჩევაზე" - დასძინა ჰოჯსონმა.

ინგლისელები ბებერი კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპს 10 ივნისს რუსეთთან დაპირისპირებით იწყებენ. ამას 16 ივნისს უელსთან და 20 ივნისს სლოვაკეთთან შეხვედრები მოჰყვება.

ჰოლანდიაზე კი რა ვთქვათ, საფრანგეთთან და ინგლისთან სპარინგებისას რამდენიმე ახალგაზრდამ ან აქამდე ჩრდილში მყოფმა ფეხბურთელმა თავი მშვენივრად წარმოაჩინა.

სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია იმისთვის, რომ "ნარინჯისფერები" კრიზისიდან გამოვიდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპამდე, ანუ სექტემბრამდე მათ კიდევ 3 ამხანაგური მატჩი აქვთ ჩანიშნული - 27 მაისს ირლანდიასთან, 1-ელ ივნისს პოლონეთთან და 4 ივნისს ავსტრიასთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გერმანია-იტალიას არ ქონდა გამოხმაურება ?
giga
16:33 31-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული