ამ ფონზე, გადავხედოთ იტალიის ნაკრების 10 საუკეთესო შეხვედრას 21-ე საუკუნეში და გავიხსენოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც "აძურაში" ბრწყინავდნენ და დიდ გამარჯვებებს ჭედდნენ. საგულისხმოა, რომ ტოპ 10 მატჩიდან იტალიას 4 გერმანიასთან აქვს მოგებული და ისიც დავამატოთ, რომ ოფიციალურ შეხვედრებში, იტალიას პრინციპულ მეტოქესთან არასდროს წაუგია.
10. გერმანია-იტალია 0:1
(2003 წლის 20 აგვისტო, ამხანაგური მატჩი)
იტალია გერმანიას ესტუმრა, ჯოვანი ტრაპატონიმ კი მოულოდნელად, ძირითად შემადგენლობაში სამი გამოკვეთილი შემტევი დააყენა: ალესანდრო დელ პიერო, ფრანჩესკო ტოტი და კრისტიან ვიერი. სწორედ ამ სამეულმა გაითამაშა საგოლე კომბინაცია, რომელიც ვიერის უზუსტესი დარტყმით დაგვირგვინდა.
გერმანელებს ჰქონდათ რამდენიმე კარგი მომენტი, როდესაც ჯანლუიჯი ბუფონმა გამოავლინა ოსტატობა, მაგრამ მთლიანობაში, იტალია სჯობდა მეტოქეს და უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოგება.
9. იტალია-უკრაინა 3:0
(2006 წლის 30 ივნისი, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალი)
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, იტალიის ნაკრებს ყველაზე იოლი მატჩი მეოთხედფინალში ჰქონდა. "სკუადრა აძურამ" სამი უპასუხო გოლი გაუტანა უკრაინას და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გავიდა ნახევარფინალში.
მეორე ნახევარში, მარჩელო ლიპიმ წამყვანი ფეხბურთელებიც კი დაასვენა და ბრძოლაში ღრმა სათადარიგოები: სიმონე ბარონე, კრისტიან ძაკარდო და მასიმო ოდო ჩართო. იტალიელთა რიგებში ორჯერ ლუკა ტონი გამოირჩა, ერთხელ ჯანლუკა ძამბროტა, მთლიანობაში კი "აძურამ" შთამბეჭდავად ითამაშა.
8. იტალია-უელსი 4:0
(2003 წლის 6 სექტემბერი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი)
რაიან გიგსის უელსი შესარჩევ ეტაპზე შესანისნავად ასპარეზობდა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებდა. ბრიტანელებს მილანში უნდა დაემტკიცებინათ ამბიციები, მაგრამ ბრძოლა არ შედგა - იტალიამ გადათელა მეტოქე და ოთხი უპასუხო გოლით მოიგო.
ფილიპო ინძაგი ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიკის ავტორი გახდა იტალიის ნაკრების ისტორიაში, ერთი გოლი კი ალესანდრო დელ პიერომ მიითვალა აქტივში. საგულისხმოა, რომ როგორც ამ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში, ისე შესარჩევ ეტაპზე, ინძაგი ბრწყინვალე იყო, თუმცა მწვრთნელმა პიპო ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა და მიზეზად მაღალი კონკურენცია დაასახელა.
7. ჰოლანდია-იტალია 1:3
(2005 წლის 15 ნოემბერი, ამხანაგური მატჩი)
იტალიის ნაკრები ამსტერდამში ჰოლანდიას ესტუმრა, მარჩელო ლიპიმ კი მარკო ვან ბასტენს საფეხბურთო მასტერკლასი ჩაუტარა. "სკუადრა აძურა" მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და კიდევ უფრო დიდი ანგარიშით შეეძლო მოგება. ეს უკვე ის იტალიაა, სადაც შეტევაში ალესანდრო დელ პიეროს და ფრანჩესკო ტოტის გარდა, ლუკა ტონი და ალბერტო ჯილარდინო ბრწყინავენ.
სწორედ მათ იფრინეს ამსტერდამში და მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს. ამ შეხვედრაში, ბრწყინვალედ წარმოჩინდა ფაბიო გროსო, რომელიც მომდევნო წელს, ზაფხულში დიდ ამბებს დაატრიალებს.
6. იტალია-ესპანეთი 2:1
(2011 წლის 10 აგვისტო, ამხანაგური მატჩი)
ეს ის პერიოდია, როდესაც ფლანგებს კრისტიან მაჯო და დომენიკო კრიშიტო ამაგრებენ, მათზე კი დიდი იმედები მყარდება. "სკუადრა აძურას" ქომაგებს იმისიც სჯერათ, რომ ანდრეა რანოკია ახალი ალესანდრო ნესტაა, ალბერტო აკვილანი და რიკარდო მონტოლივო კი ანდრეა პირლოს დონეზე ითამაშებენ.
არც ჯუზეპე როსი დავივიწყოთ, რომელიც იტალიის ნაკრების ახალი ლიდერი უნდა გამხდარიყო და მარიო ბალოტელისთან ერთად, შეტევაში სუპერ-ტანდემი შეექმნა. მოკლედ, ეს იყო მოლოდინების და როგორც შემდეგ გამოჩნდა, ფუჭად გაცემული ავანსების პერიოდი. მაშინ, "აძურას" ჩეზარე პრანდელი წვრთიდა, რომელზეც ასევე დიდი იმედები მყარდებოდა.
ესპანეთთან ამხანაგური შეხვედრა ბარიში შედგა, გადაჭედილ სტადიონზე კი "აძურამ" დაჯაბნა მრისხანე მეტოქე და დამსახურებულად მოიგო - 2:1. გოლები ორივე გუნდიდან ნახევარმცველებმა: მონტოლივომ, ჩაბი ალონსომ და აკვილანიმ შეაგდეს.
5. საფრანგეთი-იტალია 0:2
(2008 წლის 17 ივნისი, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფი)
იტალიის ნაკრებს 30 წელი არ ჰყავდა საფრანგეთი დამარცხებული, ნავსი კი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გატყდა. "სკუადრა აძურას" პლეი ოფში გასასვლელად მოგება აწყობდა, ფრე კი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პარარელურ პაექრობაში, უმოტივაციო ჰოლანდია მოტივირებულ რუმინეთს არ მოაგებინებდა.
იტალიამ შესანიშნავად ითამაშა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს - ერთი ალესანდრო დელ პიერომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით და მეორე, დანიელე დე როსიმ, რომელმაც ჩვეული, ძლიერი დარტყმით უწია მიზანს. რობერტო დონადონის გუნდი გავიდა მეოთხედფინალში, იქ კი თერთმეტმეტრიანების სერიაში ესპანეთთან დამარცხდა.
4. ესპანეთი-იტალია 0:0 პენ. 7:6
(2013 წლის 27 ივნისი, კონფედერაციათა თასის ნახევარფინალი)
ევროპის ჩემპიონატის ფინალში განადგურების შემდეგ, იტალიისთვის ფსიქოლოგიურად რთული იყო ისევ ესპანეთთან დაპირისპირება და ამჯერად, კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში. ბევრისთვის მოულოდნელად, "სკუადრა აძურამ" თამაშით აჯობა მეტოქეს და მთლიანობაში, ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.
იტალიელებს ფატალურად არ უმართლებდათ დამაგვირგვინებელ ფაზაში და გოლის გატანა ვერ შეძლეს - არადა, თამაშის მიხედვით, დიდი ანგარიშით შეეძლოთ და მართებდათ კიდეც მოგება. საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, იქ კი გამარჯვება ესპანელებს დარჩა.
3. იტალია-გერმანია 4:1
(2006 წლის 1 მარტი, ამხანაგური მატჩი)
გენერალური რეპეტიცია 2006 წლის მუნდიალის წინ - ფლორენციაში იტალიამ გერმანიას უმასპინძლა და პრინციპული მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 4:1. ალესანდრო დელ პიერომ, ლუკა ტონიმ და ალბერტო ჯილარდინომ გააწამეს სტუმართა მცველები და თითო გოლი შეაგდეს, მეოთხე შედეგიანი დარტყმა კი დანიელე დე როსის ანგარიშზეა. იტალიამ გადაურბინა მეტოქეს, ყველა კომპონენტში დაჯაბნა და ყველას აჩვენა, რომ მუნდიალისთვის სრულ მზადყოფნაში იყო.
2. გერმანია-იტალია 1:2
(2012 წლის 28 ივნისი, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი)
მატჩის წინ, გერმანიის ნაკრები აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ასპარეზობდა და ტურნირის მოგების უმთავრესი პრეტენდენტი იყო.
იტალიამ მეოთხედფინალში ინგლისთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ იქამდე დიდი ვერაფერი და ზოგადად, გერმანიაზე სუსტ გუნდად ითვლებოდა. თანაც, ნახევარფინალურ მატჩამდე გერმანელებმა ორი დღით მეტი დაისვენეს და ეს მაშინ, როდესაც იტალიამ ინგლისთან 120-წუთიანი დრამა გამოიარა.
მოკლედ, ყველა ლოგიკით გერმანიას უნდა მოეგო, მაგრამ მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდება, როდესაც ოფიციალურ შეხვედრებში ერთმანეთს გერმანია და იტალია ეთამაშებიან. მოიგო "სკუადრა აძურამ" - მოიგო ისე, რომ ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებულად გავიდა ფინალში. მარიო ბალოტელის ორი გოლი და საფირმო აღნიშვნა წესით კარგად უნდა გახსოვდეთ.
1. გერმანია-იტალია 0:0 დ.დ. 0:2
(2006 წლის 4 ივლისი, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი)
მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, დაძაბული და დრამატული შეხვედრა, რომელიც დორტმუნდში ჩატარდა და იტალიელთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა მასპინზელ გერმანიასთან. აქაც, ფავორიტად გერმანია იყო მიჩნეული - ნახევარფინალში ერთი ამოსუნთქვით გავიდა და თანაც, საკუთარ კედლებში თამაშობდა, მაგრამ გამარჯვება ამჯერადაც "სკუადრა აძურამ" მოიპოვა და თანაც, საოცრად დრამატულ ვითარებაში.
დამატებული დროის ბოლო წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ანდრეა პირლომ ფაბიო გროსოს შესანიშნავი პასი მისცა, ამ უკანასკნელმა კი მოჭრილი დარტყმით ბურთი იენს ლემანის კარის ბადეში გაახვია. კომპენსირებულ დროში, ალესანდრო დელ პიერომ მეორე შეაგდო და იტალია ფინალში გავიდა. მარჩელო ლიპის გუნდმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა და ისეთი გამარჯვება გამოჭედა, რომლის შემდეგაც არ ჰქონდა უფლება, რომ ფინალში წაეგო. არც წაუგია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"