ევრო 2016-ის ამბები: ლაგერბაკმა ყველაფერი გაარკვია

AutoSharing Option
ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ევრო 2016-ზე დასწრებას არ აპირებს. მიზეზი კი ისაა, რომ შვეიცარიელს ეშინია, საფრანგეთში არ დააპატიმრონ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ხელისუფლება ბლატერის დაკავებას მოითხოვს: "ამ სიტუაციაში საფრანგეთში ჩასვლას ვერ გავბედავ. მართალია, საფრანგეთის მთავრობას ჩემთან კითხვები არა აქვს, მაგრამ სანამ ამერიკელები თავიანთ გამოძიებას არ მორჩებიან, ვერ გავრისკავ. გამონაკლისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუშვებთ, თუ საფრანგეთის ფედერაცია ოფიციალურად დამპატიჟებს ევრო 2016-ზე", - განაცხადა ბლატერმა.

მინუს ერთი ვარსკვლავი
ევრო 2016-ს კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა - ინგლისის ნაკრებს ფონს გასვლა დენი უელბეკის გარეშე მოუწევს.
ფორვარდმა ტრავმა "სიტისთან" 2:2 დასრულებულ მატჩში მიიღო. მუხლის მორჩენას კი, "გოლის" ინფორმაციით, 3-დან 5 თვემდე დასჭირდება. ასე რომ, "არსენალის" ვარსკვლავს არა მარტო ევროპის ჩემპიონატის, მომდევნო სეზონის დასაწყისის გამოტოვება მოუწევს.

ინგლისელებს შემადგენლობა გაეპარათ
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის საიტმა შეცდომით ნაადრევად გამოაქვეყნა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა. მართალია, ეს შეცდომა უმალ გამოასწორეს, მაგრამ ევრო 2016-ისთვის როი ჰოჯსონის გუნდის შემადგენლობის ნახვა ბევრმა მოასწრო. მას ჩვენც გთავაზობთ:

მეკარეები: ჰარტი, ჰიტონი, ფორსტერი
მცველები: ბერტრანდი, კეჰილი, კლაინი, ჯაგიელკა, სტოუნსი, შოუ, სმოლინგი
ნახევარმცველები: ალი, დაიერი, ბარკლი, დრინკუოტერი, ჰენდერსონი, ლალანა, მილნერი, სტერლინგი, უილშირი
ფორვარდები: კეინი, რუნი, სტარიჯი, ვარდი.
რეზერვი: რადი, როუზი, უოლკერი, ოლბრაიტონი, დელფი, ნოუბლი, კეროლი, დეფო.

ლაგერბაკმა ყველაფერი გაარკვია
ისლანდიის ნაკრების თავკაცმა ლარს ლაგერბაკმა ევროპის ჩემპიონატისთვის 23-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა. შემადგენლობაში მოხვდა გუნდის 37 წლის ვეტერანი ეიდურ გუდიონსენიც, რომელიც ახლა "მიოლდეში" თამაშობს.

ამასთან, 67 წლის შვედმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ევრო 2016-ის შემდეგ ისლანდიის ნაკრებს დატოვებს: "ეს რთული გადაწყვეტილება იყო. 2012 წლიდან ამ გუნდში ვარ და აქ დიდებული დრო გავატარე. ჩემი წასვლის მიზეზი კი ისაა, რომ საკმაოდ დიდი ხნის წინათ დავიბადე, წლები გადის და ჩვენ არ ვახალგაზრდავდებით".

ისლანდიის ნაკრების განაცხადი
მეკარეები: ჰალდორსონი, კრისტონსონი, იონსონი
მცველები: სკულასონი, მაგნუსონი, ჰერმანსონი, რ. სიგურდსონი, არნასონი, ინგასონი, სევარსონი
ნახევარმცველები: ჰალფრედსონი, გ. სიგურდსონი, გუნარსონი, ე. ბიარნასონი, ტრაუსტასონი, ბ. ბიარნასონი, გუდმუნდსონი, გუდიონსენი, სიგურიონსონი
ფორვარდები: სიგტორსონი, ფინბოგასონი, ბოდვარსონი.

რანიერი იტალიის ნაკრებში?
ინგლისურ "ფორ ფორ თუსთან" ინტერვიუში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ განაცხადა, რომ დიდი იმედი აქვს, რომ ერთ დროს, კლაუდიო რანიერი "სკუადრა აძურასთან" ერთად მსოფლიოს ჩემპიონობას იზეიმებს. მედიაში ეს სიტყვები მინიშნებად მიიჩნიეს. მოგეხსენებათ, ანტონიო კონტე ევრო 2016-ის შემდეგ მიდის და იტალიის ნაკრების თავკაცის ადგილი ვაკანტური რჩება.

ბასლერმა შვაინი და პოდლი ჩამოწერა
წარსულში ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა მარიო ბასლერმა განაცხადა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი და ლუკას პოდოლსკი ისეთი ტურნირისათვის, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, გადაბერებულები არიან და ბუნდესგუნდს ევრო 2016-ზე სარგებელს ვერ მოუტანენ.

"მე არ წავიყვანდი შვაინშტაიგერს ევროზე. ის ახლა 25 წლის ბიჭი აღარ არის, ის უკვე ბებერია. ის საფრანგეთშიც ტრავმას მიიღებს. რაც შეეხება პოდოლსკის, ჩვენ გვყავს უფრო ახალგაზრდა და პერპსპექტიული ფორვარდები. დრაქსლერი თუ მზად იქნა, პოდოლსკიმ ის შემადგენლობიდან როგორ უნდა ამოაგდოს", - განაცხადა სუპერმარიომ.

უნგრელთა 30-იანი ცნობილია
უნგრეთის ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია, რომელთაგანაც საბოლოოდ 23 ფეხბურთელს შეარჩევენ. აღსანიშნავია, რომ უნგრელთა შემადგენლობაში მოხვდნენ ბალაშ ჯუჯაკი, ტამაშ პრისკინი და ნემანია ნიკოლიჩი. ჯუჯაკი ახლა თურქულ "ბურსაში" თამაშობს, ნიკოლიჩის ამჟამინდელი გუნდი კი პოლონური "ლეგიაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული