ევრო 2016. ინგლისის ნაკრები: შანსი რაშფორდს

AutoSharing Option
* როი ჰოჯსონმა ინგლისის ნაკრების სია გამოაქვეყნა.
* სიაში მოხვდა 18 წლის მარკუს რაშფორდი.
* როი ჰოჯსონი საბოლოოდ სამ ფეხბურთელს გაცხრილავს.

გუშინ ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა დაასახელა ეროვნული ნაკრების 26-კაციანი სია. ამ შემადგენლობიდან 23 საფრანგეთში ევრო 2016-ზე ითამაშებს, გასაცხრილი კი მხოლოდ სამია.

ყველაზე დიდი სიურპრიზი მაინც "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის ფორვარდის, მარკუს რაშფორდის სიაში შეყვანაა. 2016 წლამდე რაშფორდის შესახებ მხოლოდ "მანჩესტერის" თავგადაკლულმა ფანებმა და საფეხბურთო სპეციალისტებმა თუ იცოდნენ, საფეხბურთო გურმანებისთვის კი ის სრულიად უცნობი იყო.

რაშფორდმა ძალიან კარგად გამოიყენა
უეინ რუნის ტრავმა, მას ლუი ვან გაალიც ენდო და ახალგაზრდა ფორვარდი ისე ათამაშდა, რომ ჰოჯსონმა ის ევროპის ჩემპიონატის რაზმისთვის შეიგულა. არადა, რაშფორდის დებიუტი "მანჩესტერ იუნაიტედში" თებერვალში შედგა, ხოლო ეროვნულ გუნდში მას ჯერ არც უთამაშია.

გამართლდა ჟურნალისტთა მოლოდინები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ჰოჯსონი გამოჯანმრთელებულ ჯეკ უილშირსა და ჯორდან ჰენდერსონს აუცილებლად დაუძახებდა. არსენალელიცა და ლივერპულელიც 26-კაციან სიაშია.

ყველაზე მეტად გასაკვირი ისაა, რომ სიაში ვერ მოხვდნენ თეო უოლკოტი და მცველი ფილ ჯაგიელკა. ცოტათი მოულოდნელი სიაში ანდროს თაუნსენდის მოხვედრაა, რომელიც ბოლოს გავარდნილ "ნიუკასლში" თამაშობდა. ჯაგიელკას გარდა, სიაში არ არიან ლეიტონ ბეინესი და მაიკლ კერიკი.

"მარკუს რაშფორდს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი აქვს. მან კარგად იცის, რომ კონკურენცია ძალიან დიდია, მაგრამ მარკუსი გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრას აუცილებლად იმსახურებდა. ახლა ვნახოთ, რა შეუძლია მას. შესაძლოა, ამისთვის ერთი კვირა საკმარისი არ არის, მაგრამ სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. ბიჭს კი ფანტასტიკური სეზონის დასასრული გამოუვიდა", - განაცხადა როი ჰოჯსონმა.

ყველას გაახსენდა, რომ სწორედ 18 წლის ასაკში ჩაჯდა ეროვნულ გუნდში რუნი, რომელიც ინგლისის ნაკრებს ევრო 2004-ის მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა.

ახლა კი რაშფორდი რუნის კონკურენტია და შესაძლოა, გამოცდილი ფეხბურთელი შინაც დატოვოს. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ თეორიულად, რადგან ჰოჯსონი კაპიტანს ევრო 2016-ზე აუცილებლად წაიყვანს. აი, სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა კი 30 წლის უეინს უკვე აღარ აქვს გარანტირებული.

"უეინ რუნი ჩვენი კაპიტანია და მას ნაკრებისთვის ბევრი აქვს გაკეთებული. მან 109 სანაკრებო მატჩში 51 გოლი გაიტანა. ევროპაში ასეთი წარმატებული ფეხბურთელი ბევრი არ არის. ეს ბიჭები გამოცდას თურქეთთან, პორტუგალიასთან და ავსტრალიასთან გაივლიან", - განაცხადა ჰოჯსონმა.

ინგლისის ნაკრები
მეკარეები: ფრეიზერ ფორსტერი (საუთჰემპტონი), ჯო ჰარტი (სიტი), ტომ ჰიტონი (ბარნლი)

მცველები: რაიან ბერტრანდი (საუთჰემპტონი), გარი კეჰილი (ჩელსი), ნათანიელ კლაინი (ლივერპული), დენი როუზი, კაილ უოლკერი (ტოტენჰემი), კრის სმოლინგი (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (ევერტონი)

ნახევარმცველები: დელე ალი, ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), როს ბარკლი (ევერტონი), ფაბიან დელფი, რაჰიმ სტერლინგი (სიტი), დენი დრინკუოტერი (ლესტერი), ჯორდან ჰენდერსონი, ადამ ლალანა, ჯეიმს მილნერი (ლივერპული), ანდროს თაუნსენდი (ნიუკასლი), ჯეკ უილშირი (არსენალი)

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რაშფორდი, უეინ რუნი (მანჩესტერი), დანიელ სტარიჯი (ლივერპული), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული