ევრო 2016. დარჩა 24 დღე: გოლი, გოლი, კიდევ გოლი...

AutoSharing Option
1960 წლიდან 2012 წლამდე ევროპის ჩემპიონატებზე 579 გოლია გასული (მათ შორის, ავტოგოლები). ბურთი შეაგდო 347-მა ფეხბურთელმა 29 ქვეყნიდან.

როგორც წესი, ევროპული გუნდები ამერიკულებსა და აფრიკულებზე ორგანიზებულები არიან, დაცვასაც მეტ ყურადღებას უთმობენ და ევროპის ჩემპიონატებზე სტატისტიკურად ნაკლები გოლი გადის.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თემაზე საწერი არაფერია. პირიქით, ისტორიას თუ გადავხედავთ, გოლებთან და მეგოლეებთან დაკავშირებით მეტად საინტერესო ამბებს გადავაწყდებით.

გადავშალოთ ევროპირველობების ისტორიის პირველი ფურცელი. 1960 წელს ყველაზე შედეგიანი იუგოსლავიის ნაკრები იყო, რომელმაც ორ მატჩში (გუნდებმა 2-2 შეხვედრა ჩაატარეს) 6
გოლი გაიტანა. ამ რეკორდმა თითქმის საუკუნის მეოთხედი იცოცხლა.

მის დამხობასთან ახლოს ორჯერ იყვნენ გერმანელები - 1976 წელს 6 გოლი გაიტანეს, 1980 წელსაც იგივე გაიმეორეს, თუმცა იუგოსლავიელებს მაინც ვერ აჯობეს. არადა, ევრო 1980-ზე ორჯერ მეტი მატჩი ჩაატარეს და ჩემპიონებიც გახდნენ.

დადგა 1984 წელი და მოვიდა მიშელ პლატინის დრო. რაც გუნდებმა ვერ შეძლეს, ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ მარტომ გააკეთა.

19 ივნისს საფრანგეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩაატარა. შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე მუსიე მიშელმა ერთი დარტყმით ორი კურდღელი დაიჭირა: ეს გოლი საფრანგეთის ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე მეშვიდე იყო და, ბოლოს და ბოლოს, დაემხო 1960 წლის იუგოსლავიის რეკორდი. და მეორე - ეს იყო პლატინის მეხუთე გოლი ევრო 1984-ზე.

მანამდე ერთ შეჯიბრებაში ყველაზე მეტი გერმანელ გერდ მიულერს ჰქონდა გატანილი - 1972 წელს 4-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. პლატინი უქმად არც ზემოხსენებული მატჩის ბოლოს ყოფილა - კიდევ ორი მიამატა და ევრო 1984-ის ჯგუფურ ეტაპზე საკუთარი აქტივი 7-ით შეავსო. ალბათ, გაინტერესებთ, საფრანგეთის ნაკრების ათიანმა რომელ გუნდთან შეასრულა ჰეთ თრიკი. ეს იყო იუგოსლავია. დიახ, სწორედ იუგებთან დაამხო იუგოსლავიის რეკორდი.

ევრო 1984-ზე მიშელ პლატინიმ 9 გოლი გაიტანა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებმა - 14. სხვათა შორის, პლატინის ცხრა და "სამფეროვნების" თოთხმეტი გოლი დღემდე მიუღწეველი შედეგია. 2000 წლის ევროპირველობაზე ფრანგების რეკორდი ბეწვზე ეკიდა: ჰოლანდიის ნაკრები ნახევარფინალამდე 13 გოლით მივიდა, თუმცა იქ 0:0 ითამაშა იტალიასთან, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერია "სკუადრა აძურამ" მოიგო.

ახლა სტატისტიკას მივხედოთ.

ყველაზე შედეგიანი ნაკრებები ცალკეული ჩემპიონატების მიხედვით:
1. საფრანგეთი - 14 (1984)
2. ჰოლანდია - 13 (2000)
საფრანგეთი - 13 (2000)
3. ესპანეთი - 12 (2008)
ესპანეთი - 12 (2012)

ნომინაციაში "მიღებულ-გატანილი ბურთების სხვაობა" პირველები ესპანელები არიან, რომლებმაც 2012 წელს 12 გოლი შეაგდეს, საკუთარ კარში კი 1 მიიღეს. მანამდე +10 საფრანგეთის ნაკრებს ჰქონდა - 1984 წელს 14 გაიტანა და 4 მიიღო.

საერთო შედეგიანობა:
1. გფრ (გერმანია) - 65
2. ჰოლანდია - 57
3. ესპანეთი - 50
4. საფრანგეთი - 49
5. ჩეხოსლოვაკია (ჩეხეთი) - 40
პორტუგალია - 40.

გოლების საერთო რაოდენობა (საშუალოდ):
1. ჰოლანდია - 1.63
2. იუგოსლავია - 1.57
3. საფრანგეთი - 1.53
4. გფრ (გერმანია) - 1.51
5. პორტუგალია - 1.43

აღმართისა და დაღმართის ამბავი ხომ გაგიგიათ? ასეა ფეხბურთშიც - ერთი თუ იტანს, მეორე - უშვებს. თუ გაინტერესებთ, ჩამოგითვლით, რომელმა გუნდმა გაუშვა ყველაზე მეტი გოლი. ერთი ტურნირის მიხედვით:
1. იუგოსლავია - 13 (2000)
2. იუგოსლავია - 10 (1984)
3. ბულგარეთი - 9 (2004)
თურქეთი - 9 (2008)
ირლანდია - 9 (2012)

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაშვებული აქვს გერმანიას - 45...
1. გფრ (გერმანია) - 45
2. დანია - 43
3. იუგოსლავია - 39
საფრანგეთი - 39
5. ჩეხოსლოვაკია (ჩეხეთი) - 38

საშუალოდ მატჩში გატანილი გოლების მიხედვით (ხუთზე მეტი თამაში უნდა ჰქონდეს ჩატარებული):
1. იუგოსლავია - 2.79
2. ბულგარეთი - 2.17
3. ირლანდია - 1.83
4. ბელგია - 1.67
5. რუსეთი - 1.64

დუბლები
ევროპის ჩემპიონატებზე 49 დუბლი დაგროვდა. ...46 ავტორი, 19 გუნდი. ლიდერობენ ალემანები - 10 დუბლი. მათ საკმაოდ ჩამორჩებიან დანიელები (5), ფრანგები (4) და ინგლისელები (4). ესპანელებს, პორტუგალიელებსა და ჰოლანდიელებს სამ-სამი აქვთ შესრულებული.

ერთ მატჩში დუბლი ოთხჯერ შესრულდა: 1960 წელს საფრანგეთი-იუგოსლავიის შეხვედრაში გაიტანეს ერკოვიჩმა (იუგოსლავია) და ეტმა (საფრანგეთი). 1984 წელს, ნახევარფინალში ფრანგმა დომერგმა და ჯორდანმა შეასრულეს დუბლები. 1996 ინგლისი-ჰოლანდია, შირერი - 2, შერინგემი - 2. ინგლისმა 4:1 მოიგო. 2000 წელს მეზობლებმა, იუგოსლავმა მილოშევიჩმა და სლოვენიელმა ზახოვიჩმა შეასრულეს დუბლები. მატჩი კი 3:3 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატების ფინალებში დუბლები მხოლოდ გერმანელებს აქვთ შესრულებული: 1972 წელს მიულერს, 1980 წელს - ჰრუბეშს, 1996 წელს - ბირჰოფს.

ჰეთ თრიკები
ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში ევროპის ჩემპიონატებზე 8 ჰეთ თრიკი დაფიქსირდა. პირველი მიულერს ეკუთვნის, ოღონდ არა გერდს, არამედ დიტერს - 1976 წელს. ოთხი წლის შემდეგ თანამემამულის მიღწევა გაიმეორა ალოფსმა, 1984 წელს პლატინიმ სამ-სამი გოლი გაუტანა იუგოსლავიასა და ბელგიას. 1988 წელს გრაფიკს არ ჩამორჩა ჰოლანდიელი ვან ბასტენი - ინგლისის ნაკრების მეკარე შილტონი სამჯერ დაამწუხრა.

ამის შემდეგ 12-წლიანი პაუზა იყო, რომელიც 2000 წელს პორტუგალიელმა კონსეისაომ და ჰოლანდიელმა კლუივერტმა დაარღვიეს. პირველმა გერმანელ კანს გაუტანა სამი გოლი, მეორემ - იუგოსლავიელ კრალის. ბოლო ჰეთ თრიკი ესპანელი დავიდ ვილიას ანგარიშზეა, რომელსაც აკინფეევი და რუსეთის ნაკრები ემსხვერპლნენ.

საუკეთესო ბომბარდირები
ცალკეული გათამაშებების მიხედვით
წელი ფეხბურთელი გოლი
1960 ფრანსუა ოტი 2
ვალენტინ ივანოვი 2
ვიქტორ პონეძელნიკი 2
მილან გალიჩი 2
დრაჟან ერკოვიჩი 2
1964 ხესუს მარია პერედა 2
ფერენც ბენე 2
დეჟო ნოვაკი 2
1968 დრაგან ჯაიჩი 2
1972 გერდ მიულერი 4
1976 დიტერ მიულერი 4
1980 კლაუს ალოფსი 3
1984 მიშელ პლატინი 9
1988 მარკო ვან ბასტენი 5
1992 ჰენრიკ ლარსენი 3
კარლ-ჰაინც რიდლე 3
დენის ბერგკამპი 3
ტომას ბროლინი 3
1996 ალან შირერი 5
2000 პატრიკ კლუივერტი 5
სავო მილოშევიჩი 5
2004 მილან ბაროში 5
2008 დავიდ ვილია 4
2012 მარიო მანჯუკიჩი 3
მარიო გომესი 3
მარიო ბალოტელი 3
კრიშტიანო რონალდო 3
ალან ძაგოევი 3
ფერნანდო ტორესი 3

ყველა ტურნირი ერთად
ფეხბურთელი გოლი
მიშელ პლატინი 9
ალან შირერი 7
ნუნუ გომეში 7
ტიერი ანრი 7
პატრიკ კლეივერტი 7
რუდ ვან ნისტერლოი 7
კრიშტიანო რონალდო 7
ზლატან იბრაჰიმოვიჩი 6
მილან ბაროში 6
იურგენ კლინსმანი 6
სავო მილოშევიჩი 6
მარკო ვან ბასტენი 6
ზინედინ ზიდანი 6
უეინ რუნი 6
ფერნანდო ტორესი 5

სტიკერების ალბომი
საგაზეთო ჯიხურებში, სუპერმარკეტებსა და წიგნის მაღაზიებში იყიდება "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული გზამკვლევი - სტიკერების ალბომი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ეძღვნება.

ალბომში გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას "ევრო 2016"-ის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ, ასევე - ევროპის ჩემპიონატების ისტორიას, სხვადასხვა წლის გამორჩეულ მოთამაშეებს, ნაკრებებს და ა.შ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული