13:13 04-09-2017
U21. საქართველო-პოლონეთი 0:3 - რისი იმედი უნდა გვქონდეს?! [VIDEO]
AutoSharing Option
მართალია, პოლონელებთან მატჩში გუნდს ოპტიმალური შემადგენლობა არ ჰყოლია, რამდენიმე წამყვანი მობურთალი აკლდა, მაგრამ მარცხი მხოლოდ მათი არყოფნით ვერ აიხსნება. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არც მთავარ მწვრთნელს უცდია მხოლოდ ამ დანაკლისით წაგების ახსნა.
გუნდი ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა. მეტადრე, შეხვედრის მეორე ნახევარში დაგვწყვიტეს გული ჩვენმა ფეხბურთელებმა, როცა ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ საერთოდ დაკარგეს კონცენტრაცია და ხელჩაქნეულები დაიარებოდნენ მინდორზე.
პოლონელებმა უპირობოდ აჯობეს ქართველებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, უკვე ცხადი იყო სტუმრების უპირატესობა. შჩესლავ მიხნევიჩის გუნდი გაცილებით დისციპლინირებული იყო, ძალიან საიმედოდ იცავდა თავს, მეტი ფანტაზიით მოქმედებდა და შეტევის განვითარების დასკვნით ფაზაშიც სხვადასხვა გაგრძელებას ირჩევდნენ. აღარაფერს ვამბობთ ტანმაღალ პოლონელთა ფიზიკურ სიძლიერეზე...
ჩვენი ნაკრების გუნდური მოქმედება უნაყოფო იყო პირველივე ტაიმში, მაგრამ გიორგი ბერიძის რამდენიმე სოლო-რეიდმა კინაღამ შედეგი მოიტანა. ინდივიდუალურად ის კარგად ამწვავებდა შეტევას, მაგრამ მეორე ტაიმში მის მიერ წესის დარღვევას მოჰყვა კუთხური, საიდანაც პენალტი და გოლი მივიღეთ...
სხვათა შორის, იმ კუთხურისას მეტოქის ყველაზე სახიფათო შემტევი კოვნაცკი რატომ უნდა "აეყვანა" მაინცდამაინც ბერიძეს და არა სხვას, ამას ვერ გეტყვით. თანაც, ვიდრე მსაჯი 11-მეტრიანს დანიშნავდა, იმავე ბერიძის და კოვნაცკის ჯაჯგური შენიშნა, გააჩერა თამაში და ორივე სიტყვიერად გააფრთხილა. თუმცა კუთხურის ჩაწოდებისთანავე, პოლონელი მაინც გაზონზე აღმოჩნდა და რეფერიმაც უყოყმანოდ მიუთითა 11-მეტრიანისკენ.
გაშვებულმა გოლმა გუნდი ასე არ უნდა დააბნიოს - ქართველმა ფეხბურთელებმა 0:1-ზე, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადეს. იმავე კოვნაცკის მიერ ისევ კუთხურიდან და ამჯერად თავურით გატანილი გოლიც აბსოლუტურად ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ. მესამედ კი კაპუსტკამ დაგვამწუხრა - ფეხბურთელმა, რომელიც ძალიან ცდილობდა გატანას და გაიტანა კიდეც თავისი.
საერთოდ, პოლონელებს შემართება ჭარბად ჰქონდათ და ეს დიდად არც ანგარიშში სოლიდურად დაწინაურების შემდეგ განელებიათ. არადა, სწორედ შემართება იყო, საქართველოს ნაკრებს მთელი მატჩის განმავლობაში რომ აკლდა.
გოლის გაშვებისთანავე, ნაკრები ისე გატყდა, ვინმეც რომ გამოჩენილიყო, გუნდს რომ შემოუძახებდა და აიყოლიებდა, ილაჯგაწყვეტილი თანაგუნდელები მაინც ვერ აჰყვებოდნენ.
გია გეგუჩაძე, ალბათ, შეეცდება, რაც შეიძლება მალე დაავიწყოს შეგირდებს ამ დღის კოშმარი. ნაკრებს დაემატებიან ფეხბურთელები, რომლებიც პოლონეთთან აკლდნენ და იქნებ სამომავლოდ უკეთ თამაშისთვის მოტივაციაც დაემატოთ, თორემ ასე...
მატჩის სტენოგრამა
24' - გიორგი ხარაიშვილმა შორიდან ძლიერად "გაისროლა", მაგრამ კარს ააცილა.
39' - ბარტოჟ კაპუსტკამ ჩვენი ნაკრების საჯარიმოში კარისკენ ზურგით მდგარმა მიიღო ბურთი, აკენწლა, შემობრუნდა და დაარტყა, თუმცა მცირეოდენ არაზუსტად.
48' - გაგი მარგველაშვილის მიერ ახლოდან შესრულებული თავური ზემოდან გადასცდა კარს.
49' - ქართველთა სწრაფი იერიშისას შულაიამ კარის გასწვრივ შეაგდო ბურთი, თუმცა სტუმართა მცველებმა ეპიზოდი განმუხტეს.
58' - გოლი! პოლონელების კუთხურისას ბერიძისა და კოვნაცკის ჭიდილი ამ უკანასკნელის წაქცევით დასრულდა. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა - 0:1.
65' - გოლი! კიდევ ერთი კუთხური, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის. ისევ კოვნაცკიმ აიღო ჩვენი გუნდის კარი, ამჯერად, თავურით - 0:2.
71' - კაპუსტკამ საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო ბურთი და კარამდე არცთუ მოკლე მანძილი ისე გაიარა, ვერც ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ შეაჩერა - 0:3.
90+1' - ტომჟიკის პასით კოვნაცკიმ ლამის ჰეთ-თრიკი შეასრულა...
U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. III ჯგუფი
01.09. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო-პოლონეთი 0:3
გოლები: 0:1 კოვნაცკი (58-პენ), 0:2 კოვნაცკი (65), 0:3 კაპუსტკა (71)
საქართველო (4-3-3): კუპატაძე - შულაია (68. კოხრეიძე), მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე - კუცია (46. ნადარაია), მამუჩაშვილი, მოხევიშვილი (76. კობოური) - ხარაიშვილი, მიქელთაძე, ბერიძე.
სათადარიგოები: ქურდაძე, ჭიჭინაძე, არველაძე, ბიძინაშვილი
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
პოლონეთი (4-3-1-2): დრაგოვსკი - ბარტოში, ვიეცკა, ბოჩნიევიცი, გუმნი - კაპუსტკა (85. რასაკი), პიოტროვსკი, ზურკოვსკი - ზიმანსკი (88. ტომჟეკი), ზავადა (65. სვიდერსკი) - კოვნაცკი.
სათადარიგოები: გრაბარა, იოზვიაკი, ძიჟეკი, კოპაცი
მწვრთნელი: შჩესლავ მიხნევიჩი
გაფრთხილება: ბერიძე (57), მამუჩაშვილი (78), კოხრეიძე (80)
არბიტრი: ფ. სანი (შვეიცარია)
ფარერები-დანია 0:3
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 1 1 0 0 3-0 3
2. ლიტვა 1 1 0 0 3-0 3
3. პოლონეთი 1 1 0 0 3-0 3
4. ფინეთი 0 0 0 0 0-0 0
5. საქართველო 1 0 0 1 0-3 0
6. ფარერები 2 0 0 2 0-6 0
მომდევნო მატჩები
5 სექტემბერი
დანია-ლიტვა
ფინეთი-ფარერები
6 ოქტომბერი
დანია-საქართველო
პოლონეთი-ფინეთი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
შევხედოთ რეალობას თვალებში, ვართ კოხტად ფარერების გვერდით ცხრილში, იქ სადაც ეს უჯიგრო, უთამვოყვარეო კრებული (და არა გუნდი) უნდა იყოს
2
0
წარმატებები ბიჯებს
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული