U17. ლატვია-საქართველო - კერკეტი ლატვია მაინც გავტეხეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა მოლოდინი გაამართლა და ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლის პირველივე მატჩში ლატვიას მოუგო.

რა თქმა უნდა, თამაშის ბოლოს 10 ფეხბურთელით დარჩენილებმა გვარიანად ვინერვიულეთ, მაგრამ გამარჯვების სიხარულმა ყველაფერი გადაფარა.

საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში უკეთესი იყო, ვიდრე მეორეში, მაგრამ მთლიანობაში ჩვენმა გუნდმა 3 ქულა აშკარად დაიმსახურა. ვისურვებდით უფრო მაღალ ტემპში თამაშს და საგოლე მომენტების უკეთეს რეალიზაციას, მაგრამ ეს მომავლისთვის გადავდოთ.

დღეს ეს ვიკმაროთ და სამომავლოდ მეტი მოვითხოვოთ. მით უმეტეს, ჩერნოგორიასა და იტალიასთან შეხვედრები წინაა და მომატება აუცილებლად დაგვჭირდება.

საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ
ერთი გოლი გაიტანა და ამ შემთხვევაში, ჩვენი სუბიექტური აზრით, საფეხბურთო ფორტუნამ, ხანდახან ფეხმსუბუქს რომ ვუწოდებთ, მართებულად განსაჯა.

გოლი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გამოძერწა - ცოტნე კაპანაძემ ხვიჩა კვარაცხელიას უპასა და ამანაც ერთი შეხებით, ძლიერი დარტყმით შეაგდო.

ვერ გამოვიყენეთ რამდენიმე საგოლე მომენტი. თამაშის ბოლოს ლატვიას შანსი მიეცა, რაკი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მინდორი ნაადრევად დატოვა ცოტნე ჩოთალიშვილმა.

აზერბაიჯანელი რაჰიმ ჰასანოვის მსაჯობა ცალკე თემაა. მან ლატვიელთა გოლი არ ჩათვალა, მაგრამ იმ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა აშკარა იყო.

აი, ის კი ვერ აგვიხსნია, რატომ გაექცა ერთ ეპიზოდში თამაშის სადავეები არბიტრს და ჯერ ქართველთა დასარტყმელი ჯარიმა სტუმრებს რატომ დაარტყმევინა, მერე კი ჩვენი ფეხბურთელის წინააღმდეგ აშკარა უხეშობა ვერ შეამჩნია?! სწორედ მსაჯი იყო დამნაშავე იმაში, რომ მინდორზე გუნდური გაწევ-გამოწევა ატყდა.

კითხვის ნიშნები იყო ჩოთალიშვილის გაძევებაშიც - ერთი შეხედვით, არ იყო აუცილებლობა ასეთი სიმკაცრე, მაგრამ მსაჯმა ასე ჩათვალა საჭიროდ.

ფაქტია, მთავარი ომები ჯერ კიდევ წინაა. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა გუნდმა მხოლოდ ლოკალური ბრძოლა მოიგო კერკეტ ლატვიასთან.

მატჩის სტენოგრამა
12" - ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმა ზემოდან გადასცდა ლატვიელთა კარს.
17" - ისევ კვარაცხელია ამწვავებდა სიტუაციას. მისი ჩაწოდების შემდეგ ბურთი გარედან მოხვდა ლატვიელთა კარის ბადეს.
21" - გოლი! ცოტნე კაპანაძემ ბოლომდე იბრძოლა ფლანგზე, ლამის დაკარგული ბურთი მოატრიალა და შესანიშნავი გადაცემით კვარაცხელიას გაატანინა - 0:1.
23" - გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა დავითაშვილს, მაგრამ ვერ გამოიყენა.
25" - კაპანაძის ჩაწოდების შემდეგ სიტუაცია ლატვიელმა მცველებმა განმუხტეს.
27" - ცოტნე ჩოთალიშვილის დარტყმის შემდეგ ლატვიელები მეკარე დუბოდელოვსმა გადაარჩინა.
31" - ირაკლი აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ლატვიელთა კიპერი ადგილზე დახვდა.
36" - ივა გელაშვილის თავურის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.
46" - ლატვიელთა პირველი რეალური საგოლე შანსი. ვილერსმა ქართველთა კარს ზემოდან გადააცილა ბურთი.
51" - ვილუმსონსის გოლი არბიტრმა ოფსაიდის გამო არ ჩათვალა.
52" - კვარაცხელიას შორეული დარტყმის შემდეგ ლატვიელთა მეკარემ ბურთი უხერხულად მოიგერია. დამატებაზე ვერ ვიმარჯვეთ.
58" - დავითაშვილის საჯარიმოს შემდეგ ლატვიელთა კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
59" - მას შემდეგ, რაც მსაჯმა ორი ჯარიმა "გაატარა" ლატვიელთა სასარგებლოდ, მინდორზე შეხლა-შემოხლა ატყდა...
69" - ხვიჩა კვარაცხელიას ძლიერი და არაზუსტი შორეული დარტყმა.
71" - არბიტრმა მინდვრიდან ცოტნე ჩოთალიშვილი გააძევა.

24.10. თბილისი. მიხეილ მესხი
U17. ლატვია-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 კვარაცხელია (21)
ლატვია (4-4-2): დუბოდელოვსი - ტრუსკოვსკისი, ლიბეკსი, ფედოროვიჩსი, კირკლისი - კრიუკოვიჩსი (54. კალნინში), ვილერსი, ოზოლინში, ვერსლავანსი - სიდოროვსი (26. ვილუმსონსი), მაგრინსი.
სათადარიგოები: სოროკინსი, ჟურავლიოვსი, ბამბალსი, გრიგორიევსი, კარტისოვსი, სილვერსტოვსი
მწვრთნელი: იგორ სტეპანოვსი
საქართველო (4-4-2): ხარშილაძე - გელაშვილი, ნონიკაშვილი, აბზიანიძე (54. შალიკაშვილი), კაპანაძე - ჩოთალიშვილი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, აზაროვი - გულიაშვილი (80. ჯანგველაძე), კვარაცხელია (71. შვარცი)
სათადარიგოები: კუტალაძე, ბაქრაძე, გაგუა, ლომთაძე, ლორთქიფანიძე, მოისწრაფიშვილი
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
გაფრთხილება: მაგრინსი (27), ჩოთალიშვილი (44), გულიაშვილი (59), აზაროვი (60), ილუკსონსი (60)
გაძევება: ჩოთალიშვილი (71)
არბიტრი: რ. ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

- გიორგი ნემსაძე: შევეცდებით მომავალში უფრო დახვეწილი ფეხბურთი ვაჩვენოთ

* * *
იტალიის 17-წლამდელთა ნაკრებმა თბილისური ევროშესარჩევი ციკლის პირველ მატჩში ჩერნოგორიის ნაკრები დაამარცხა და დაამტკიცა, რომ ჯგუფის ფავორიტები სწორედ ისინი არიან.

იტალიას გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებია. პატარა "აძურამ" ერთმანეთს მიაყოლა ორი გოლი თამაშის სტარტზე და ერთიც შესვენების შემდეგ შეაგდო. ის კი არა, ანგარიშში სხვაობა უფრო სოლიდურიც შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩერნოგორიელთა მეკარე პეტარ რადულოვიჩს კარგად რომ არ ეთამაშა და რამდენიმე საფრთხე არ აერიდებინა თავისიანებისთვის.

იტალიელთაგან განსაკუთრებით გამოვარჩევდით ნიკოლო ფაჯოლისა და ალესიო რიკარდის. "აძურას" ეტყობოდა მწვრთნელის ხელი. გუნდმა მოწინააღმდეგის დასამარცხებლად ზუსტად იმდენი ძალა დახარჯა, რამდენიც საჭირო იყო.

ბალკანელებს ერთი-ორი ნორმალური მომენტი ჰქონდათ. შეუვალი იყო მეკარე ალესანდრო რუსო, ერთხელაც იტალიელები ძელმა გადაარჩინა. ცხადად ჩანდა, რომ კარმინე ნუციატას გუნდი ბოლომდე არ დაიხარჯა და არ გვიჩვენა საკუთარი კოზირები. ტურნირის პირველ მატჩში გუნდმა რაციონალურად გადაანაწილა ძალები და ამით არაფერი წაუგია.

ჩერნოგორიას კი მთელი ძალების მობილიზება დარჩენილი 2 შეხვედრისთვის მართებს - საქართველოსა და ლატვიასთან წარმატებით თამაში მათი უმთავრესი მიზანი იქნება.

24.10. თბილისი. დავით პეტრიაშვილი
U17. იტალია-ჩერნოგორია 3:0
1:0 რიკარდი (16), 2:0 ფაჯოლი (18), 3:0 გისლანდი (74)
იტალია (4-3-3): რუსო - ბარაცეტა, სერპე, არმინი, მიკელოტი - გიაბუა, ლეონე, გრეკო (59. გისლანდი) - რიკარდი (70. კორტინოვისი), ვერგანი, ფაჯიოლი (76. ტონინი)
სათადარიგოები: გელმი, ბუა, ივერუ, პერტელი, პონსი, სანდრი
მწვრთნელი: კარმინე ნუციატა
ჩერნოგორია (4-2-3-1): რადულოვიჩი - მიკიჩი (77. დრინჩიჩი), მილიკიჩი, ოსმანოვიჩი, პუპოვიჩი - ვუტკოვიჩი, ი. ვუკჩევიჩი - პ. ვუკჩევიჩი (66. მუდრესა), კრივოკაპიჩი (42. დინოსა), გაშევიჩი - ბოჟოვიჩი
სათადარიგოები: ზივანოვიჩი, ვიანოვიჩი, სიმუნი, რადენოვიჩი, მუზუროვიჩი, დუბლიევიჩი
მწვრთნელი: ბორის მილიჩკოვიჩი
არბიტრი: გ. ნიბერგი (შვედეთი)

მომდევნო მატჩები
27 ოქტომბერი
15:00. დავით პეტრიაშვილი
იტალია-ლატვია

18:00. მიხეილ მესხი
საქართველო-ჩერნოგორია

30 ოქტომბერი
17:00. მიხეილ მესხი
საქართველო-იტალია

17:00. დავით პეტრიაშვილი
ჩერნოგორია-ლატვია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ახლა რუსულ საიტზე წავიკითხე მსაჯ სერგეი ჰუსაინოვის განმარტება ცსკა ზენიტის მატჩის ეპიზოდზე,როცა კონფლიქტი ნოხდა მსაჯს,ფეხბურთელებსა და ზენიტის მწვრთნელ მანჩინის შორის.მსაჯი ვალდებულია შორიდან კი არ უყუროს კონფლიქტს და შემდეგ დაარიგოს ბარათები,არამედ შევიდეს მოვლენების ეპიცენტრში და შეაჩეროს კონფლიქტი.როგორ მოიქცნენ ამ შეხვედრის მსაჯები?ორივე მსაჯი შორიდან უყურებდა ორივე მხრიდან გაწევ გამოწევას,თანაც კაი ხნის მანძილზე და აზრადაც არ გაუვლიათ მათ შორის ჩადგომა.არა და ეს იყო ჩხუბი 16 წლის ბიჭებს შორის.თვითონ თანაგუნდელებს რომ არ გაეშველებინათ,კიდევ უარესი შეიძლება მომხდარიყო.სერგეი ჰუსაინოვი ძალიან გამოცდილი მსაჯია და ამ სიტუაციის განსამარტავად მსაჯთა სემინარებზე მიცემული მითითებებიც დაიმოწმა.დასკვნა ის გამოდის ,რომ ამ შეხვედრის მსაჯობა კრიტიკას ვერ უძლებდა,მით უმეტეს სხვა სადავო ეპიზოდებიც ბევრი იყო.
სოსო
13:14 26-10-2017
0
Ra molodini gaamartla kargit ra.. bolo wlebshi aseti susti asakobrivi nakrebi ar gvyolia.. nemsadze magras mevaseba magram unda itqvas ro cu mwvrtnelia
Nnnn
13:33 25-10-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული