ჩვენმა 17-წლამდელებმა მონტენეგრო დაამარცხეს და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 27 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მონტენეგროს უმასპინძლა, გააზრებული ფეხბურთი ითამაშა და 2:0 გაიმარჯვა.

ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას და მეტოქის კარზე იერიშების მიტანაც დაიწყო. სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნა: გულიაშვილმა თავით ააცილა ბურთი კარს, შალიკაშვილის შორიდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ გულიაშვილმა და კვარაცხელიამ ვერ მოახერხეს გოლის გატანა და ამდენი ცდის მერე როგორც იქნა, ანგარიშიც გაიხსნა. გაიხსნა მეტად ლამაზი კომბინაცის შედეგად. მარჯვენა ფლანგიდან გაჭრილმა კაპანაძემ გადაცემა გულიაშვილს გაუკეთა,
მან ბურთი კოხტად დაუგდო დავითაშვილს და ამ უკანასკნელმა სლავთა მეკარის ცხრიანი დალაშქრა.

ჩერნოგორიელებს სულ უფრო უჭირდათ ქართველების შეტევების მოგერიება, უხეშობდნენ, 31-ე წუთზე გულიაშვილის შეჩერება ოსმანოვიჩმა მხოლოდ წესების დარღვევით მოახერხა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმართა გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

სტუმრებს ისედაც უჭირდათ ქართველებთან ტოლ-სწორად პაექრობა, კაცნაკლულად დარჩენილები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, 46-ე წუთზე კვარაცხელიამ კოხტა გოლი გაუტანა რადულოვიჩს, 2:0 და შეხვედრის ბედიც გადაწყდა.

დარჩენილ დროში გიორგი ნემსაძის შეგირდები პრაქტიკულად გაისარჯნენ, თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს და მორიგი 3 ქულა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს.

საქართველო:
ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია, გულიაშვილი (73. გაგუა), დავითაშვილი (80. მოისწრაფიშვილი), აბზიანიძე (65. ლორთქიფანიძე), მექვაბიშვილი, შალიკაშვილი

მონტენეგრო:
რადულოვიჩი, პუპოვიჩი, რადენოვიჩი, მილიკიჩი, ოსმანოვიჩი, ვუკჩევიჩი (76. სიმუნი), ბოჟოვიჩი (65. მიკიჩი), დრინჩიჩი, ვუკჩევიჩი, გასევიჩი (41. მაზუროვიჩი), დინოსა

გოლები: დავითაშვილი, 28 (1:0), კვარაცხელია, 46 (2:0)

გაფრთხილება:
ოსმანოვიჩი (18), მილიკიჩი (21), რადენოვიჩი (27), დავითაშვილი (28), ოსმანოვიჩი (31), აბზიანიძე (62)

გაძევება: ოსმანოვიჩი, 31

დღესვე დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე იტალიის ნაკრებმა ლატვიას 1:0 მოუგო, ისევე როგორც ჩვენს გუნდს 6 ქულა აქვს და მესამე ტურში მათ შორის დაპირისპირებაში გაირკვევა რომელი დაიკავებს პირველს და რომელი მეორე ადგილს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ყოჩაღ ბიჭები გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა ჩამოგიყალიბდეთ და როცა დიდ ფეხბურთში მოხვალთ მოგება არ შეგაშინებთ.
roma
30 ოქტომბერი 2017 13:37
0
კარგად ვითამაშეთ,ღირსეულად გავიმარჯვეთ და არც ერთი წამით ეჭვვეშ არ დამდგარა ჩვენი უპირატესობა.ვულოცავ ბიჭებს და უკეთეს თამაშს ველი იტალიასთან.ახლა კი ერთი კენჭიც უნდა გადმოვაგდო.გაიხსეNეთ რას ეუბნება ფეოლა თავის მოწაფეებს,ფილმში ფეოლა,რომლებიც მის გარეშე მიემგზავრებიან უცხოეთში სათამაშოდ:თუ მოწინააღმდეგე ფეხბურთელი დაეცა და წამოდგომას ვერ ახერხებს,მიდით,დაეხმარეთ წამოდგომაში და საქართველოში დაჰპატიჟეთ სტუმრად.მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე ეპიზოდში სწორედ ასე მოიქცნენ ჩერნოგორიელი ფეხბურთელები,ჩვენებს კი ასეთი რამე აზრადაც არ მოსვლიათ.კარგი კი იქნებოდა.ფეოლა ხომ ქართული ფილმია და წესით ნანახიც უნდა ჰქონდეთ,თანაც ტურნირის მასპინძლები ვართ და სტუმარ მასპინძლობაც გვავალდებულებს.კიდევ ერთი თამაშია დარჩენილი და ამის გათვალისწინება იმ თამაშში შეიძლება.ზოგადად კი კეთილშობილება სპორტშიც ძალიან ფასობს და კულტურის დონეზეც მეტყველებს.
სოსო
28 ოქტომბერი 2017 18:10
0
კარგია მოგება.გილოცავთ ყველას.კვარაცხელიას და დავითაშვილის სახით პერსპექტივას ვხედავ...
სტატუს ქუო
28 ოქტომბერი 2017 15:40
0
აი ეს არის ჩვენი გულშემატკივარი . რო წაეგოთ ისეთი ამავი ატყდებოდა ეხლა კი ერთი ორმა თუ დაწერა მისალოცი მესიჯი . გილოცავთ ბიჭებო.
“”
28 ოქტომბერი 2017 13:07
0
თამაშის შემდეგ სამი პოსტი დავდე,არც ერთი არ გაუშვეს,ალბათ სხვებზეც ასე იყო.
სოსო
30 ოქტომბერი 2017 01:13
0
გილოცავთ! გააზრებული დაუღალავი შრომა შედეგს ყოველთვის იძლევა. ასე გააგრძელეთ!
გუჯა კახაძე
28 ოქტომბერი 2017 13:03
0
ყოჩაღ ბიჭებო, გილოცავთ!ნამდვილად ემჩნეოდა თამაშს, რომ ჩვენები მოსაგებად იყვნენ შემართულები და მიზანსაც მიაღწიეს.ტექნიკური არსენალი არ დაგეწუნებათ და ფიზიკურ მომზადებას რომ კიდევ უფრო მოუმატოთ, დიდ ფეხბურთშიც მრავალ გამარჯვებას ვიზეიმებთ. ზოგადად კი თვალშისაცემი იყო, როგორი გემოვნებიანი და ჭკვიანი მწვრთნელის შეგირდები იყვნენ მინდორზე. მრავალი წარმატება მოგეტანოთ ქვეყნისთვის, გფარავდეთ უფალი!
kix
28 ოქტომბერი 2017 12:51
0
ხო ვამბობდი გაფრინდებიანო?!
-თუ მოინდომებენ სხვებსაც დაამარცხებენ.
ბ_-
28 ოქტომბერი 2017 11:25
0
ეს იყო ნამდვილიად მაგარი ფეხბურთი, რა ემართებათ რო იზრდებიან???
გილოცავთ ბიჭებო
misha
28 ოქტომბერი 2017 10:13
0
წარმომიდგენია ეს თამაში რომ წაეგოთ და ეტაპი ვერ გადაელახათ რა რისხვას დაატეხდნენ ჩასაფრებული ვაი გულშემატკივრები. თუ კრიტიკას და ღვარცოფს არ იშურებთ, ერთი მილოცვაც დაწერეთ :) :) :)
Dave
28 ოქტომბერი 2017 09:39
0
კოხტა(!) ინფორმაცია
Z.LO
28 ოქტომბერი 2017 08:02
0

სიახლეები პოპულარული