U19. უნგრეთი VS საქართველო - მატჩი, რომელიც უპირობოდ უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები უნგრელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე, უნგრეთის ქალაქ დიორში, "ეტო პარკზე" გაიმართება.

საქართველოს ნაკრების ჯგუფს ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთი მასპინძლობს. ჯგუფში ხორვატია, უნგრეთი და ყაზახეთი არიან. ელიტრაუნდში კი ორი საუკეთესო გუნდი გადის.

ტრანსლაციის არსებობის შემთხვევაში ჩვენი საიტი შეეცდება, სტრიმი წარმოგიდგინოთ.

მეტოქე

იმის მიუხედავად, რომ მეტოქე მასპინძელია და დიდი საფეხბურთო ისტორიის მატარებელი, ერთი შეხედვით, გამორჩეული თაობა ამჟამად არ ჰყავს. ამაში ანალიტიკური საიტი "ტრანსფერმარკეტიც" დაგვეხმარება. უნგრელთა გუნდი 925 000 ევროდ არის შეფასებული, საქართველოსი
კი - 3.78 მილიონ ევროდ.

კარში სლოვაკეთის მეორე ლიგის გუნდის, "კომარნოს" ფეხბურთელი ასვანილ ბალასზი თამაშობს. სათადარიგო გერმანიის ბუნდესლიგის "არმინიას" მესამე მეკარე კისს აგოსტონია.

დაცვა და ნახევარდაცვა, ძირითადად, უნგრეთის საფეხბურთო აკადემიების ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ახალგაზრდულ ჩემპიონატში თამაშობენ.

გუნდის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი მარცხენაფლანგელი დომინიკ კიპფია, რომელიც "ჰონვედის" ფეხბურთელია. ამავდროულად, შეტევაში ჰყავთ რამდენიმე ლეგიონერი, რომლებიც "ბეშიქთაშ ბ"-ს, "ჰამბურგისა" და "ზალცბურგის" ასაკობრივ გუნდებში ირჯებიან.

გუნდს არაფრით გამორჩეული მწვრთნელი ანტალ ნემეთი წვრთნის, რომელმაც 14 შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს, 7-ჯერ წააგო, 3 ფრედ ითამაშა და 4 მოიგო.

საქართველოს ნაკრები

ქართველები იმდენად ძლიერი გუნდით ვართ წარმოდგენილნი, რომ ეს შეხვედრა უპირობოდ უნდა მოვიგოთ. ამ თაობას სპეციალურად დაუთმეს ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, რომლებიც წინა შეკრებაზე ვაისის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ.

განსაკუთრებული აქცენტი ამ ასაკზე იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ბოლო ორი წელი საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გავცდით. ჯგუფიდან გასვლას ვინ ამბობს, ანდორას და აზერბაიჯანს ვერ მოვუგეთ შეხვედრები.

რამაზ სვანაძე საქართველოს ნაკრებს 2019 წლის 2 მარტიდან წვრთნის. მის ხელმძღვანელობით ჩატარებული 7 ამხანაგურიდან ჩვენმა ნაკრებმა 3 მოიგო და 4 წააგო.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, უნგრეთში ამ განაცხადით ვართ წარმოდგენილნი:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი);

მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

მკითხველის კომენტარები / 13 /
დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან, თუ შეიძლება პირველი ნაკრების სტრიმიც რომ დადოთ. პირველი არხი ბლოკავს და ჩვენთვის ვინც საზღვარგარეთ ვართ შეუძლებელია ტრანსილაციის ყურება.
Geo_Dinamo
11:59 09-10-2019
2
რას ნიშნავს უპირობოდ მოვიგოთ?5,5 აქვს საქართველოს მოგებაზე და ჟურნალისტები ითხოვთ თამაშის უპირობოდ მოგებას,როგორი მარტივია ლაპარაკი,ენას ძვალი არ აქვს.ბიჭები მოინდომებენ და კარგი შემადგენლობაც გვყავს.ძალიან კარგი იქნება თუ მოვიგებთ,მაგრამ ფრე რომ დამთავრდეს ცუდი შედეგია?ჩვენი პრობლემა ამაშია და შემდეგ ფეხბურთელებს ვლანძღავთ,ეს იწვევს ზუსტად იმ დიდ იმედგაცრუებას,არადა მოლოდინები დიდი გვაქვს,ჯგუფიდან გასვლა,გასვლაზე შვეიცარიასთან ფრე და სახლში დანიას უნდა მოვუგოთ.კარგია ეს ყველაფერი,მაგრამ რის ხარჯზე?!ხომ ხედავთ საფეხბურთო ნიჭი აღარაა საკმარისი,საჭიროა უფრო მეტი გაკეთდეს ფეხბურთის განვითარებისთვის,ამიტომ ძალიან გთხოვთ ნუ ავაგებთ წინასწარ კოშკებს,მიწაზე დავრჩეთ და გავიდეთ საბრძოლველად,რათა იმედგაცრუება ავირიდოთ და შემდეგ ჩვენი ბიჭები არ ვლანძღოთ.წარმატებები ბიჭებს
მიდით ბიჭებო
13:11 09-10-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული