U21. თამამად, გულიანად - გულიაშვილის დუბლით და გოჩოლეიშვილის სუპერგოლით საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში ამხანაგურ მატჩში ინგლისი 3:2 დაამარცხა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ინგლისელ თანატოლთა სახით მეტად სერიოზული გამომცდელი ჰყავდა და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდა თავს. წარმოაჩინა და თანაც როგორ - პრემიერლიგისა და ჩემპიონშიფის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მოწინააღმდეგეს არათუ ტოლი არ დაუდო, არამედ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჯაბნა კიდეც და რომ არა შეხვედრის დასასრულს დაშვებული შეცდომები, დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და მამარდაშვილმა ორჯერ მოიგერია ბალოგუნის დარტყმული ბურთი. უპირატესობას მეტოქე ფლობდა, ძირითადად, მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდა, სვანაძის შეგირდები კი სწრაფი და სახიფათო კონტრიერიშებით
პასუხობდნენ და 24-ე წუთზე გულიაშვილმა შორიდან დალაშქრა გრინის კარი. საქართველოს ნაკრები, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, თამამად გამოიყურებოდა და თამაში ლამაზი სანახავი იყო. საჯარიმოში ჩაწოდებებისას მეურვეებს ტანმაღალი გაგუა უგებდა პირველ ბურთზე ბრძოლას. ბრიტანელებს 34-ე წუთზე ჰქონდათ კარგი მომენტი, მაგრამ ბრიუსტერმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს.

მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა კარგად დაიწყო. გოჩოლეიშვილმა გულიაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან დუბლი შეასრულა. 54-ე წუთზე გულიაშვილი ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო, თუმცა ახლო მანძილიდან თავით ვერ შეძლო გატანა. საქართველოს ნაკრები უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა, ორივე ფრთიდან და ცენტრიდანაც უტევდა, ბრიტანელებს ზონების გახსნას აიძულებდა და 65-ე წუთზე ზეაქტიურმა გოჩოლეიშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ სუპერგოლი გაიტანა. ჩვენს გუნდს ბოლოს ყურადღების მოდუნება კინაღამ ძვირად დაუჯდა, ინგლისელებმა ორი გოლი კუთხურის მოწოდების შემდეგ გაიტანეს და მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ინგლისი 3:2
გოლები: 1:0 გულიაშვილი (24), 2:0 გულიაშვილი (47), 3:0 გოჩოლეიშვილი (65), 3:1 მოლა (81), 3:2 გუეი (90+4)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (კაპანაძე 80), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი (ჯინჯოლავა 88), ხარაბაძე, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე, გულიაშვილი (დარცმელია 88), მოისწრაფიშვილი (ნ. გაგნიძე 71), გაგუა

ინგლისი: გრინი, ბალოგუნი (გრინვუდი 36), ბრიუსტერი, კროსუელი, დოილი, დრამი (აარონსი 78), გარნერი (სკიპი 78), გიბს-უაიტი, გომესი (გორდონი 67), მოლა, ტომასი (გუეი 77)

altსაქართველოს 21-წლამდე ნაკრები ინგლისთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

მკითხველის კომენტარები / 21 /
მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს ჩვენი გახარებისთვის!!!! ბრავო!! აგრეთვე მადლობა ეკუთვნის ფეხბურთის ფედერაციას კობიას და ყველას! ქართულ ფეხბურთში პრობლემა და ხარვეზები უამრავია, მუდმივად საქმე არის საკეთებელი რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ!! მაგრამ რაც კეთდება ამაზე მადლობა ეკუთვნით!! ამდენი ახალი სტადიონი! ბაზა და მოედანი აშენდა. 17 და 19 წლამდელები ელიტ რაუნდში არიან!! ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ სადაც ჩვენი ბიჭებიც ითამაშებენ! ნაკრები ფერზე მოდის რადგან სწორი მწვრთნელი შეურჩიეს. მადლობა და არსებული პრობლემების ხარვეზების გამოსწორებას გისურვებთ!!
კონსტანტინე თავართქილაძე
10:55 17-11-2021
1
ყოჩაღ ბიჭებო!! მადლობა ჩვენი გახარებისთვის!!! აგრეთვე მადლობა კობის და მთელ ფეხბურთის ფედერაციას - უამრავი სტადიონი და მოედანი შენდება! 17 წლამდელები და 19 წლამდელები ელიტ რაუნდში გავიდნენ! ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ვმასპინძლობთ! ეროვნული ნაკრები ფერზე მოდის რადგან სწორი მწვრთნელი შეურჩიეს!! ჩემპიონატი ორგანიზების და მოედნების მხრივ აშკარად საუკეთესოა!! ამის მიუხედავად უამრავი პრობლემაა და საქმე თავზესაყრელად არის!! თუმცა რაც კეთდება და პოზიტიურია რომ არ აღინიშნოს არ შეიძლება!!!
შავი ლიომი
09:40 17-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული