"ნორჩმა დინამომ" "შატილის" სტადიონზე 3:0 დაამარცხა "სამგურალი". სტუმრებმა 70-ე წუთამდე გაუძლეს მასპინძელთა შეტევებს, შემდეგ კი სამი უპასუხო გოლი მიიღეს საკუთარ კარში: თავი გიორგი ტყეშელაშვილმა, გოგი ფიფიამ და იაგო დეისაძემ გამოიჩინეს.
ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "მერანმა" მარტვილში კინაღამ სძლია ლიდერ "ვიტ ჯორჯიას". ანგარიში მე-20 წუთზე "მერანის" ნახევარმცველმა დავით ბოლქვაძემ გახსნა, შესვენების შემდეგ კი მისმა თანაგუნდელმა დათა სიჭინავამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ხოლო შეცვლაზე შესულმა "ვეტერინართა" ჰავბეკმა გიორგი ვეკუამ 71-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა და - 1:1.
ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "გაგრასა" და "თელავის" შეხვედრა 1:1 დასრულდა. "გაგრა" დებიუტში რატი ცაცქრიალაშვილმა დააწინაურა, 84-ე წუთზე კი თელაველთა ფორვარდმა გიორგი ნიქაბაძემ ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
რაც შეეხება აჭარულ დერბის, ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე 1:0-ს უგებდა აუტსაიდერ "შუქურას" (გოლი პენალტით ჯოვინო ფლამარიონიმ გაიტანა), მაგრამ 77-ე წუთზე გიორგი ივანიაძემ ანგარიში გაათანაბრა და ქუბულეთურმა გუნდმა მე-6 ტურის შემდეგ პირველი ქულა მოიპოვა.