სამტრედია-ჩიხურა 3:0 - მარტო ჰამზიჩი ჩემპიონთან ბრალია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცნობილი საფეხბურთო ჭეშმარიტებაა: თამაშს ერთი ფეხბურთელი ვერ მოიგებს, რაც უნდა კარგად ითამაშოს. ასე იყო სამტრედიაშიც: "ჩიხურას" ბოსნიელმა კიპერმა დინო ჰამზიჩმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის გუნდს თუნდაც ქულა გადაერჩინა, მაგრამ... უძლური აღმოჩნდა - პარტნიორებმა ხელი ვერაფრით შეუწყვეს.

მართლაც საკვირველია, რატომ თამაშობს რიგ შეხვედრებში ასე სუსტად საჩხერული კლუბი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე შესანიშნავი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. იმერულ დერბიში გია ცეცაძის შეგირდების უპირატესობა აშკარა იყო. ეგ კი არა - ნიკა საბანაძეს, ინტერს გისა და მათ პარტნიორებს ყველა საგოლე შანსი რომ გამოეყენებინათ, ანგარიშში სხვაობა
გაცილებით დიდი იქნებოდა.

სამტრედიელები დამაგვირგვინებელ ფაზაში ბევრს სცოდავდნენ. იმავე გიმ 11-მეტრიანიც ვერ შეაგდო, მაგრამ საჩხერელთა კარში 3 გოლი მაინც გავიდა, რომელთაგან მინიმუმ 2 - სტუმარი ფეხბურთელების უპატიებელ შეცდომებს მოჰყვა.

ცეცაძის გუნდში ძალიან კარგად ითამაშეს საბანაძემ და გიორგი მჭედლიშვილმა, მაგრამ საუკეთესოდ მაინც გუნდის კოტდივუარელ შემტევ გის მივიჩნევთ. მართალია, მან გოლი ვერ გაიტანა და აკი გითხარით, პენალტიც გააცუდა, მაგრამ მთელ რიგ ეპიზოდებში ძალიან მახვილგონივრულად, მაღალტექნიკურად გაისარჯა. აქვე ვისურვებდით, რომ საქართველოში მასზე დაბალი დონის ლეგიონერი არ ჩამოსულიყოს. მაშინ ჩვენი პირველობა ნამდვილად რაღაცას დაემსგავსება...

"ჩიხურას" კი მართლაც არ უდგას საუკეთესო დროება. რა თქმა უნდა, კარგია, როცა შემადგენლობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებ. მით უმეტეს, მისასალმებელია ეს ტენდენცია საქართველოში, მაგრამ ისე ჩანს, რომ საჩხერულ კლუბს ძალიან სჭირდება "ახალი სისხლი". კარგად ჩატარებულ მატჩებს გუნდი არადამაჯერებელ თამაშებს უნაცვლებს. ასე კი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება...

ამ კონკრეტულ მატჩში კი ლოგიკამ იზეიმა - მოიგო იმ გუნდმა, რომელმაც ითამაშა უფრო შინაარსიანი, შემტევი ფეხბურთი და კარგად გამოიყენა საგოლე შანსები. "სამტრედია" მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სამეულში მოსახვედრად.

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი დროულად გადმოერთო შინაურ ასპარეზზე. ალბათ, ევროტურნირების მეორე მონაწილის, "ჩიხურას" დამარცხება ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი.

მატჩის სტენოგრამა
4' - 1:0! გის ჩაწოდების შემდეგ ნიკა საბანაძემ ვერ შეაგდო, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა დავით რაჟამაშვილი.
6' - ისევ გი გაისარჯა კარგად. კოტდივუარელის პასის შემდეგ საბანაძეს ჰამზიჩმა არ გაატანინა.
8' - ახლო მანძილიდან საბანაძემ შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა.
11' - ისევ გის შესანიშნავი გადაცემა, ისევ საბანაძე ხელსაყრელ სიტუაციაში და ისევ ჰამზიჩის დიდებული თამაში.
14' - დიმიტრი ტატანაშვილს ომარ მიგინეიშვილმა არ გაატანინა.
21' - გიორგი მჭედლიშვილის პასის შემდეგ საბანაძემ ვერ შეაგდო.
41' - გიული მანჯგალაძის საჯარიმოს შემდეგ ჰამზიჩმა ერთხელაც იხსნა "ჩიხურა".
42' - მჭედლიშვილის რეიდი. მცველებმა ის წესების დარღვევით შეაჩერეს და პენალტი, რომელიც ჰამზიჩმა მოიგერია - ურტყამდა ინტერს გი.
57' - ლაშა ჩიკვაიძემ შემობრუნებით დაარტყა და მიგინეიშვილი ბურთს ადგილზე დახვდა.
58' - 2:0! გიორგი ივანიშვილის შეცდომის შემდეგ ბურთი საბანაძემ მოიხელთა, მეკარე მოატყუა და რატომღაც დარტყმა დაახანა... თუმცა საბოლოოდ მაინც აიღო საჩხერელთა კარი.
61' - 3:0! გი პირისპირ გავიდა ჰამზიჩთან და მახვილი კუთხიდან იდეალური პასი მისცა დავით ჯიქიას, ვინც ვერ გაიტანა. იქვე, გიორგი დათუნაიშვილის კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჯიქია, რომელმაც ვერ გაიტანა, მაგრამ საბანაძემ შეტევა მაინც გოლით დაასრულა.
64' - ჯიქიას მახვილგონივრული პასის შემდეგ გიმ ასპროცენტიანი მომენტი გაანიავა.
74' - ჩიკვაიძის პასის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილის თავური არაზუსტი აღმოჩნდა.

ეროვნული ლიგა. XX ტური
28.07. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ჩიხურა 3:0
გოლები: 1:0 რაჟამაშვილი (4), 2:0 საბანაძე (58), 3:0 საბანაძე (61)
გამოუყენებელი პენალტი: გი (42. სამტრედია)
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - მანჯგალაძე, დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი (69. სამუშია), ჯიქია (76. მარკოზაშვილი), გი (85. მთივლიშვილი) - საბანაძე.
სათადარიგოები: სტურუა, გოგიაშვილი, ახალაძე, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, მირცხულავა, კაკუბავა, ჩიკვაიძე - განუგრავა (72. დეკანოიძე), დობროვოლსკი (67. გორგიაშვილი) - სარდალიშვილი (67. გაბედავა), ფონიავა, ივანიშვილი - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, თორ. გრიგალაშვილი, გაბაძე, კვერნაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: დობროვოლსკი (22), ჯიქია (41)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

მომდევნო ტური
4 აგვისტო, პარასკევი
დინამო (თბ)-დილა 21:00

5 აგვისტო, შაბათი
დინამო (ბთ)-სამტრედია 19:00
ტორპედო-კოლხეთი 21:00

6 აგვისტო, კვირა
ჩიხურა-შუქურა 18:00
საბურთალო-ლოკომოტივი 20:30

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
naxet samtrediashi ra legionerebi chamova uaxloes dgeebshii.. mere samtrediis gamcherebeli aravin iqneba wels chempioni samtredia unda gaxdes.
jer sadaxart
14:59 31-07-2017
0
ფრუიძემ არ იცის რა დროს გააკეთოს შეცვლები.ხედავ გუნდი აგებს,ვერ თამაშობს,გააკეთე რა ცვლილება შე კაი კაცო,ვიდრე სამი გოლი არ გაუშვა და თამაში არ წააგო შეცვლები არ გააკეთა.ან მოგებული შემადგენლობა რაზე შეცვალა&
shota
12:53 31-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული