11:45 14-08-2017
დაუსრულებელი მატჩი და ქაჯობა - ტრაგედიას გადავურჩით, მაგრამ... [VIDEO]
AutoSharing Option
ამის მიზეზი მოედანზე აფეთქებული მორიგი პეტარდა იყო (იმ ადგილიდან ისროლეს, სადაც სტუმართა გუნდის ფანები ისხდნენ). რა თქმა უნდა, იყო იმის შანსიც, თამაში რომ დასრულებულიყო: პეტარდები ხომ პირველ ტაიმშიც ისროლეს (იმავე სექტორიდან) და მატჩი დაახლოებით 11 წუთით იყო გაჩერებული.
თუმცა იმ ბოლო პაუზის მერე მოხდა, რაც მოხდა: ამჯერად უკვე ტრიბუნებზე დაიწყო არეულობა და პლასტმასის სკამების სროლა მოედნისა თუ ერთმანეთის მიმართულებით! საბედნიეროდ, ეს ინციდენტი, როგორც იქნა, განიმუხტა და ამაში დიდი როლი, სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ორივე კლუბის ხელმძღვანელებმა შეასრულეს.
მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან დიდი შანსი იყო, ტრიბუნებზე ტრაგედიაც დატრიალებულიყო. კარგად გვესმის, რომ სადაც ფეხბურთია, იქ ემოციაც უნდა იყოს, მაგრამ სტუმართა ფანების რამდენიმე წარმომადგენელი მთელი მატჩის განმავლობაში მართლაც რომ ზღვარგადასულ აგრესიას ავლენდა. თანაც, ეს აგრესია არბიტრებისა და მასპინძელი ფეხბურთელების, ბოლოსკენ კი უკვე ადგილობრივი გულშემატკივრებისკენაც იყო მიმართული.
ჰოდა, ვეღარ მოითმინეს "ლოკომოტივის" ქომაგებმა სტუმარი ფანების ერთი ნაწილის ზღვარგადასული ქმედება და გინებას გინებითვე უპასუხეს. სწორედ მაშინ დაიწყო არეულობა ტრიბუნებზე. კიდევ ვიმეორებთ - ძალიან დიდ უბედურებას გადავურჩით და იმედია, რომ ამ ინციდენტს სათანადო შეფასებაც მიეცემა შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან.
მტყუან-მართალს ხვალ გაარკვევენ, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართება. ეჭვიც არ გვეპარება, რომ განაჩენი სამართლიანი იქნება: არც სტუმარ ქომაგთა გარკვეული ნაწილის ზღვარგადასული ქმედება დარჩეს დაუსჯელი და არც იმ ფაქტის უარყოფა შეიძლება, რომ იმ მატჩზე უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო!
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, მასპინძელს ეკისრება, რასაც, სამწუხაროდ, თავი სათანადოდ ვერ გაართვა. ჯერ ერთი, სტუმართა ფანებისთვის გამოყოფილი სექტორი იზოლირებული არ იყო და სტადიონზე მყოფ ათამდე სტიუარდს მათთან გამკლავება რომ გაუჭირდებოდა, მატჩის დასაწყისშივე (ანუ, მაშინ, როცა პირველად შეჩერდა თამაში) ცხადი გახდა.
მაგრამ, თუ პირველ შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მეორე შემთხვევაში უკვე აშკარა იყო, რომ იმ ათეულობით სტიუარდს ნამდვილად გაუჭირდებოდა ტრიბუნებზე ქომაგთა შორის დაწყებული არეულობის აღკვეთა. თუმცა მასპინძელთა წარმომადგენლებმა მატჩის მერე გვითხრეს, რომ პირველ ტაიმში პეტარდების სროლის შემდეგ მაშინვე პატრული გამოიძახეს.
გაირკვა, რომ საპატრულო ეკიპაჟი მართლაც მოსულა, ოღონდ, მალევე წასულა, რადგან იმ დროისთვის ტრიბუნებზე უკვე სიმშვიდე იყო. სხვათა შორის, სამართალდამცავები ჩაშლილი მატჩის მერეც მოვიდნენ და გარკვეული დროის განმავლობაში არ დაუტოვებიათ სტადიონის ტერიტორია.
...ხშირად ყოფილა, როცა ამა თუ იმ გუნდის ფანების უკმაყოფილება არბიტრთა ქმედებით ყოფილა გამოწვეული. ვინმემ, შესაძლოა, ამით მოუძებნოს "გამართლება" სტუმარი გუნდის ქომაგთა გარკვეული ნაწილის (ყველას ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ) საქციელს.
ამ მატჩში ხომ მართლაც იყო ორი ისეთი ეპიზოდი, რამაც, ბევრის აზრით, მატჩის შედეგზე (შეხვედრა შეწყდა 85-ე წუთზე, როცა "ლოკომოტივი" 2:0-ს იგებდა). პირველი საკამათო ეპიზოდი მაშინ იყო, როცა ახალგაზრდა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა სტუმართა საჯარიმოში წესების დარღვევად შეაფასა გურამ ადამაძისა ("ტორპედო") და ირაკლი სიხარულიძის ("ლოკომოტივი") საჰაერო ორთაბრძოლა და "ტორპედოს" კარში პენალტი დანიშნა...
პენალტი ზუსტად შეასრულა ირაკლი სიხარულიძემ და თავისი გუნდი დააწინაურა. მეორე და, ალბათ, უფრო საკამათო ეპიზოდი კი საპირისპირო მხარეს მოხდა - პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელთა მეკარე რევაზ თევდორაძისა და "ტორპედოს" ცენტრფორვარდ თორნიკე კაპანაძის ორთაბრძოლა სტუმართა თავდამსხმელის წაქცევით დასრულდა. ბევრი ელოდა მასპინძელთა კარში პენალტის დანიშვნას, ამ დროს კი... კაპანაძეს ყვითელი ბარათი უჩვენეს სიმულაციის გამო.
ვიმეორებთ: ძალიან საკამათო ეპიზოდი იყო!..
მოკლედ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების მიერ, ეროვნული ლიგის დებულების შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩაშლილი მატჩი დღეს, 14 აგვისტოს დასრულდეს. მატჩის დარჩენილ დროს გუნდები დღეს, იმავე სტადიონზე ითამაშებენ (დასაწყისი 18:30) და "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" შეხვედრის საბოლოო შედეგიც დაფიქსირდება...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კარგი იქნება თუ ტორპედოს თამაშებზე სტადიონზე დაარიგებენ ქაღალდებს სადაც კულტურული მოქცევის წესი იქნება ახსნილი, ის რაც ოჯახში არ ასწავლეს ამ ქაღალდზე უნდა ეწეროს.
1
0
ეს იცით რისი ბრალია? ეს იმის ბრალია რომ ის ადამიანები ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ ოჯახებში არ არიან აღზრდილი... ნამდვილად გულშემატკივარი და კარგად გაზრდილი კაცი ასეთებს არ გააკეთებს. ამ ადამიანების შემთხვევაში აღზრდაშია პრობლემა
6
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული