სამტრედია-დინამო(თბ) 1:1 - იბრას სტილი და ბოთლი ტრიბუნიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოქმედი ჩემპიონის, "სამტრედიისა" და მიმდინარე ეროვნული ლიგის ლიდერ თბილისის "დინამოს" დაპირისპირებამ ისეთი ინტერესი გამოიწვია, სტადიონი გაივსო, ხოლო მატჩის მნიშვნელობიდან და თბილისში მომხდარი ინციდენტიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო. უსიამოვნებას მაინც ვერ ავცდით, თუმცა ამაზე ქვემოთ.

...მეტოქეები შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობებით შეხვდნენ, თუ არ ჩავთვლით თბილისელთა მცველ ლაშა თოთაძეს, რომელიც დისკვალიფიცირებული გახლდათ. მაგრამ, სამწუხაროდ, მე-6 წუთზე თბილისელთა ახალგაზრდა მცველი ლუკა ლოჩოშვილი ისევ დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ბაქარ ქარდავამ დაიხია, მოედანზე შესულმა გიორგი კუციამ კი საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია დაიკავა.

პირველ
ტაიმში მასპინძლებმა ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლეს და თამაშის ეს მონაკვეთი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და სახიფათოდ შეუტიეს, მაგრამ კარის აღება ვერც მათ მოახერხეს. შემდეგ "სამტრედიამ" მდგომარეობა გამოასწორა და დავით რაჟამაშვილის დარტყმულზე "დინამო" მეკარე ნუკრი რევიშვილმა გადაარჩინა - ბურთი კუთხურზე მოიგერია.

სამტრედიელ ქომაგთა აზრით, არბიტრს მეორე ტაიმში თემურ მარკოზაშვილის წაქცევისთვის პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ ჯენერი ხორავამ თამაში გააგრძელა და მასპინძელთა რისხვა დაიმსახურა.

დრამატული გამოდგა მატჩის დასკვნითი ნაწილი. 87-ე წუთზე ანგარიში თბილისელებმა გახსნეს, მაგრამ დამატებულ დროში სამტრედიელმა გურამ სამუშიამ "მაკრატელათი" წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

"ეროსი მანჯგალაძეზე" გულშემატკივარმა ულამაზესი გოლი იხილა. მასპინძელთა თავდამსხმელმა დინამოელთა კარზე შტურმი ულამაზესი გოლით დააგვირგვინა, ულამაზესი დარტყმა კი ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში შეასრულა.

ამგვარად, "დინამომ" 51 ქულა დააგროვა და ლიდერის პოზიცია განიმტკიცა, ხოლო "სამტრედია" 44 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისის "ტორპედოს" დაეწია.

ინციდენტი
"სამტრედია"-"დინამოს" მატჩის დროს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ტრიბუნიდან მსაჯების მიმართულებით ბოთლი ისროლა. ინციდენტის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ეს პირი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც შსს-ში განმარტავენ, საქმის ძიება ადმინისტრაციული სამართალწარმოების 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მატჩის სტენოგრამა
7' - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ახლო მანძილიდან კარში გაგზავნა ნიკა საბანაძემ და ააცილა.
12' - გიორგი ჩაკვეტაძის შეტევის დაგვირგვინებას ბექა მიქელთაძე ცდილობდა, მაგრამ მიზანს მანაც ააცილა.
20' - ლაშა კასრაძის დარტყმული ხარიხას ხვდება.
32' - ბაკარ ბალდეს ძალიან უხერხული მოჭრილი დარტყმა. ბურთმა მიმართულება რამდენჯერმე შეიცვალა და ნუკრი რევიშვილის ნადავლი შეიქნა.
37' - გიული მანჯგალაძის კუთხური. კარის წინ ნიკა სანდოხაძემ მცველებს დაასწრო და თავური დაარტყა. "დინამო" გადარჩა.
40' - გიორგი დათუნაიშვილის წამოწყებული შეტევა დავით რაჟამაშვილმა გააგრძელა და მეკარესთან პირისპირ დავით ჯიქია დატოვა, რომელსაც რევიშვილმა არ გაატანინა. სტუმრები კიდევ ერთხელ გადარჩნენ.
45+2' - დავით ჯიქიას მორიგი მცდელობა. შორიდან დარტყმული კარს სცდება.
46' - ბექა მიქელთაძის სახიფათო დარტყმა. ომარ მიგინეიშვილი ბურთს ხელებში ვერ აფიქსირებს, მაგრამ ეუფლება მას.
47' - ნიკა სანდოხაძესთან ორთაბრძოლისას აკაკი შულაია საჯარიმოში წაიქცა და სტუმრები ამაოდ ითხოვდნენ პენალტს. შეტევა გაგრძელდა კუციას კარში დარტყმით და მიგინეიშვილმა ისევ საიმედოდ ითამაშა.
54' - მანჯგალაძის მიერ შესრულებული ჯარიმა კარს ასცდა.
65' - გიორგი თევზაძის "გასროლაც" უშედეგო აღმოჩნდა.
69' - მიქელთაძე ისევ უტევს და ისევ უშედეგოდ.
74' - ძალიან სახიფათო გამოდგა დავით რაჟამაშვილის შეტევაც, რომელიც ნუკრი რევიშვილმა კუთხურზე მოიგერია.
76' - საჯარიმოში წაიქცა მარკოზაშვილი და პენალტს ითხოვდა, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა.
87' - გოლი! დინამოელთა კონტრშეტევა ბექა მიქელთაძემ გოლით დააგვირგვინა - 0:1.
90+1' - გოლი! სამტრედიელთა შტურმი: ინტერს გიმ ბურთი კარის წინ გახსნილ სამუშიას დაუგდო, რომელმაც მასპინძლებს ქულა მოუტანა - 1:1.

ეროვნული ლიგა. XXII ტური
12.08. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-დინამო(თბ) 1:1
გოლები; 0:1 მიქელთაძე (87), 1:1 სამუშია (90+1. გის პასით)
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - გ. მანჯგალაძე (72. მარკოზაშვილი), დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი, ჯიქია (77. სამუშია), გი - საბანაძე.
სათადარიგოები: სტურუა, მთივლიშვილი, გოგიაშვილი, ახალაძე, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
დინამო (4-2-3-1): რევიშვილი - გეგეჭკორი, ლოჩოშვილი (7. კუცია), კობოური, თევზაძე - ქარდავა, ნინუა (90+3. ალიუ) - შულაია, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე - კოვტალიუკი (71. ქოჩლაძე).
სათადარიგოები: ბულისკერია, მიშჩენკო, ერგემლიძე, ქაფიანიძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილებები: მიქელთაძე (53), რევიშვილი (55), მჭედლიშვილი (79), კუცია (80), ქოჩლაძე (90), სამუშია (90)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რამდენჯერაც სამტრედიას მიხმარებია ამ სეზონში მსაჯი ხმას როგორ იღებთ საერთოდ სამტრედიელებო ყველა თამაშს მსაჯის წყალობით იგებთ
avto
14:08 15-08-2017
0
nu wuwundbt mtredebo, jeneri samtrediasac bevrjer moxmarebia
gori
18:05 14-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული