ლევან ყენია: რაღაც ძალიან უიღბლოდ წამივიდა ყველაფერი...

AutoSharing Option
17 მაისს თბილისის "ლოკომოტივმა" ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა - ცხრაწლიანი განშორების შემდეგ ლევან ყენია დაიბრუნა. 26 წლის ნახევარმცველმა "რკინგზელებთან" კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გააფორმა.

ცხადია, ეს ამბავი გუნდსაც წაადგებოდა და ჩვენი ჩემპიონატის პრესტიჟსაც. ყენია გელზენკირხენის "შალკეში" თამაშობდა, ამის მერეც საკმაოდ სახელიანი გუნდების (ლვოვის "კარპატი", დიუსელდორფის "ფორტუნა", პრაღის "სლავია") წევრი იყო და, რაც მთავარია, კარიერის დასაწყისში, საქართველოს ნაკრების (27 მატჩი, 4 გოლი) მომავლად ითვლებოდა...

მართალია, ტრავმებმა სერიოზულად შეუშალა ხელი, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში ასეთი ფეხბურთელის გამოჩენა მაინც ინტერესს აღძრავდა... თუმცა,
დრო გადის და ყენია არც საკონტროლო შეხვედრებში გამოჩენილა და არც - ოფიციალურებში. რა მდგომარეობაშია ფეხბურთელი, რომელსაც თბილისის "ლოკომოტივი" დიდ იმედებს უკავშირებს?

"ლელომ" ყენიასთან ინტერვიუ ჩაწერა...

- გულშემატკივარი მოედანზე თქვენს დაბრუნებას ელოდება...
- ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ჩარიცხვიდან მალე "ლოკომოტივში" თამაშს შევძლებდი. მაშინ რეაბილიტაციას გავდიოდი და ვიცოდი, რომ მოედანს ერთ თვეში დავუბრუნდებოდი და გუნდთან ერთად მოვემზადებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა.

- ისევ მკურნალობთ?
- ახლაც რეაბილიტაციას გავდივარ - ტრენჟორებზე ვვარჯიშობ და აგერ, ახლა პირველად ვიძუნძულე. ჯერ არც ვიცი, როდის მოვახერხებ თამაშს.

- ასეთი რა ტრავმა გაწუხებთ?
- მენჯ-ბარძაყის ტრავმაა. ექიმები სხვადასხვა რამეს ამბობდნენ და ზუსტი პასუხი არ ვიცოდი. ოპერაცია გავიკეთე და მითხრეს, 3-4 თვეში ივარჯიშებო. მაგრამ ეს დრო გავიდა და ხომ გითხარით, ჯერ მხოლოდ ვძუნძულებ. მოედანზე დაბრუნება ძალიან გამეწელა და ეს ამბავი მაწუხებს. რაღაც ძალიან უიღბლოდ წამივიდა ყველაფერი...

- მიახლოებით მაინც არ იცით, როდის გახვალთ მოედანზე?
- ასე ზუსტად არავინ მეუბნება. მეც მივყვები და როგორც ორგანიზმი მიკარნახებს, ისე მოვიქცევი.

- საქართველოში 9-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულს ეროვნულ ლიგაზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- გუნდები უფრო გაახალგაზრდავებულია. ბევრი მაყურებელი 9 წლის წინაც არ იყო, დღეს კი უფრო შემცირებულია. კარგი ის არის, რომ სატელევიზიო გაშუქება დაიწყო და ამან ჩემპიონატი და მოთამაშეები გამოაჩინა. კარგია, რომ კლუბებს მინიმალური თანხებით მაინც აფინანსებენ.

მთავარი მაინც ფულია. ხომ ვხედავთ, ევროპის ტოპლიგებში რა თანხებს ხარჯავენ, საქართველოში კი 2-3 ათასი ლარიც უკვირთ. ლეგიონერები თუ არ ჩამოვიყვანეთ, ისე გუნდების გაძლიერება და ევროტურნირებზე ღირსეულად გამოსვლა წარმოუდგენელია.

- დღევანდელ "ლოკომოტივზე" რას იტყვით? რა პოტენციალის გუნდია?
- საინტერესო გუნდია და ისიც ბევრს ნიშნავს, "დინამოს" შემდეგ ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა რომ აქვს. აქ არის პირობები, ფეხბურთელები რომ გაიზარდონ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში 18-19 წლის შემდეგ ბავშვები ვეღარ იზრებიან. ალბათ, გავლენას ჩემპიონატის დონეც ახდენს და ისიც, რომ აქ თითქმის არ არიან ლეგიონერები, რომელთა გვერდითაც ახალგაზრდები გაიზრდებიან.

- "შალკეში" საქართველოს ჩემპიონატიდან მოხვდით. ახლა ასეთი ფეხბურთელი თუ გეგულებათ ქვეყანაში?
- 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან მომეწონა გიორგი ჩაკვეტაძე. მას ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომელიმე ძლიერ გუნდში რომ მოხვდეს. მაგრამ ადრე ასეთი ნახტომის გაკეთება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ახლა.

- "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" თამაშზე მომხდარ კონფლიქტზე რას იტყვით და როგორ შეაფასებდით?
- ამ თამაშზე, რომ იტყვიან, მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი. ტრიბუნიდან რომ გადააგდეს, ჩემი მეგობარია. ბედმა გაუღიმა და გადარჩა - კიდევ კარგი, დაბლა ფეხბურთელები იდგნენ და დაიჭირეს, თორემ არავინ იცის, ეს ამბავი როგორ დასრულდებოდა. კაცი პირდაპირ თავით გადააგდეს...

- დაუსრულებელი მატჩი და ქაჯობა - ტრაგედიას გადავურჩით, მაგრამ... [VIDEO]

გულშემატკივრების კონფლიქტი როგორ არ მინახავს, მაგრამ ჩვენ პატარა ხალხი ვართ, სტადიონზე 200 ადამიანიდან 150 ერთმანეთს კარგად იცნობს და ქართველს ქართველზე ასეთი აგრესია საიდან უნდა ჰქონდეს, არ მესმის. ყველაზე ცუდი ეს არის, თორემ სტადიონზე ჩხუბი ვის უკვირს?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი ფეხბურთელობა მარტო ნიჭით არ მოდის,ეს არის ყველაფრის დავიწყება ბურთისა და მოედნის გარდა,დაუღალავი შრომა,ტონობით ოფლის ღვრა აი ამ შრომის შემდეგ ფასდება ნიჭი,ხოლო ნიჭს ამოფარებული ფეხბურთელები "ფეხბურთის ჭაობში იხრჩობიან"და ფეხბურთს საბოლოოდ ემშვიდობებიან როგორც ყოფილი პერსპექტიულები.
ზასტაველი
19 აგვისტო 2017 18:52
0
ცუდად არ წასულა, ცუდად წაიყვანე.
avaza
19 აგვისტო 2017 17:03
2
ბოღმიანებმა გაგთვალეს, არაუშავს ისინი ჯოჯოხეთში დაიწვებიან, სენ სამოთხე გელის
arada....
19 აგვისტო 2017 14:43
0
ნეტა რატო წაუვიდა ყველაფერი ცუდათ, 2 კაპიკი რო იშოვა შალკეში და კურანისთან ერთად დაიწყო ...და კლუბებში ცხოვრება მაგიტომ ხო არა?
Dato
19 აგვისტო 2017 14:33
3
ლევან ყენიამ ძალიან მძიმე ტრაბმა მიიღო,რის შემდეგაც დიდხანს მკურნალობდა და როცა ვარჯიში დაიწყო,გუმდის მწვრთნელმა მისი ფორმაში ჩაყენება ძალიან ცქარა,მწვრთნელი იყო ფელიქს მაგათი,რომელიც გერმანიაშიც კი ცუდად იყო ცნობილი ზღვარს გადასული დატვირთვებით.ჰოდა ტრავმა გამეორდა უფრო უარესი შედეგებით.მას შემდეგ ლევანის ცხოვრება ტრავმებთან ბრძოლად გადაიქცა და ვერაფრით ეღრ შესძლო მთლიანად განკურნება.რკინის ნერვები ჰქონია ამ ბიჭს და ვუსურვებ მთლიანად გამოჯანმრთელებას,აი მაშინ კი ნახავთ ვინ არის ლევან ყენია.
სოსო
20 აგვისტო 2017 21:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული