"ფეხბურთი და ფეხბურთელები კი არა, ქვეყანაა ყველაფერში დამნაშავე!"

AutoSharing Option
იყო დრო, თენგიზ ჩიკვილაძე ეროვნული ლიგის ერთ-ერთ სახედ და გამორჩეულ მოთამაშედ ითვლებოდა. მისი უჩვეულო და შორი მანძილიდან გატანილი გოლები ხშირად ყოფილა გულშემატკივართა აღტაცების მიზეზი. სხვადასხვა წლებში გამოდიოდა თბილისის "სპარტაკში", "ამერში", ბოლნისის "სიონში", თბილისის "დინამოში", ქუთაისის "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიაში". 34 წლის ჩიკვილაძე ახლა გულის ჭიას ახარებს და ლიგა 3-ის ბინადარ "ჭიათურაში" ასპარეზობს...

თენგიზ ჩიკვილაძე ყოველთვის გამოირჩეოდა პირდაპირობით და გულახდილობით. ევროსარბიელიდან ჩვენი კლუბების სამარცხვინო გავარდნის შემდეგ, ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობას ვეტერანი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა (სტილი დაცულია):

"აბა ჰე, აკრიტიკეთ ახლა
ფეხბურთელები და ჩემპიონატი, როცა ყველაფერში დამნაშავე ჩვენი ქვეყანაა. როცა საბჭოთა კავშირში შედარებით თანაბარ პირობებში იყვნენ ფეხბურთელები, კი ვახევდით ყველას ბურთს თავზე! ფეხბურთი ქვეყნის სახეა და სახე აგვახიეს დღეს. და ვინ? აზერბაიჯანმა", - წერს ჩიკვილაძე საკუთარ ფეისბუქზე.

ვფიქრობთ, მისი ნააზრევი ქართული ფეხბურთის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სხვა საინტერესო საკითხებზე უინტერესო არ უნდა იყოს. მან ხუმრობით დაიწყო:

"ამ სიბერეში პოზიცია რომ შევიცვალე, იცოდით? ჭიათურაში მარტიდან ვარ, როცა დასავლეთის ზონაში ლიგა 3-ის გათამაშება დაიწყო. თავდამსხმელები დაგვიშავდნენ და წინ თამაშის სურვილი გამოვთქვი.

პირველივე ტურში "ქედას" 1:0 მოუგეთ და მე გავიტანე ეს გოლი. ამის მერე თავდასხმაში დამტოვეს - ვყრიდი გოლებს, საგოლე პასებსაც ვაკეთებდი და გუნდის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელიც გავხდი. რაც მთავარია, თამაშებს ვიგებდით და საბოლოოდ პირველ ადგილზეც გავედით. ეს ლიგა არ შუქდება, არადა, აქ ნაკრებში ნათამაშები რამდენიმე ფეხბურთელი გამოდის", - ამბობს ჩიკვილაძე.

ჩიკვილაძე უშუალო მომსწრეა ბოლო 10 წელიწადში ჩვენი პირველობის დონის ბოლო საგრძნობლად დაცემის:

"ახლა აკრიტიკებენ ფეხბურთელებს და ჩემპიონატს, როცა ყველაფერში დამნაშავე ჩვენი ქვეყანაა, რომელმაც ბოლო 25 წელიწადში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და სისტემა ლამის ბოლომდე გაანადგურა. ფეხბურთი ქვეყნის სახეა და ახლა ეს სახე საშინელ დღეშია.

ჩვენი ჩემპიონი ჩადის აზერბაიჯანში, ეთამაშება გუნდს, რომლის ბიუჯეტი 30 მილიონი დოლარია, შემადგენლობაში 7 ლეგიონერი ჰყავს და გვიკვირს, 5:0 რატომ წააგოო? ევროთასებზე გასულ გუნდებს არ აქვთ საკუთარი ბაზა, სტადიონები და ნორმალური მოედნები, უსახსრობის გამო ფეხბურთელებს ვერ ინარჩუნებენ და რომელ გაძლიერებაზეა ლაპარაკი? ვიტამინებსა და სტიმულატორებზე აღარ ვლაპარაკობ. თამაშის წინ ისეთ სტიმულატორებს სვამენ, დოპინგთან მიახლოებული რომ არის. ანუ მედიცინაც მაღალ დონეზე აქვთ - ჩვენ ამ ჩამონათვალიდან რამე გაგვაჩნია?!

სამწუხაროდ, ფეხბურთში წარმატება ფინანსების გარეშე არ მიიღწევა, რადგან ეს სახეობა ფინანსებზე ყველაზე მეტად არის დამოკიდებული. რეალურად, ფული რომ დააბანდონ, ეს ისევ ქვეყანას და მისი პრესტიჟის გაზრდას მოხმარდება. ძალიან უკან ვართ და თანამედროვეობას ჩამოვრჩებით. ამიტომ რადიკალური ცვლილებებია საჭირო, ცოტა ჩვენც რომ გავიხაროთ".

ჩიკვილაძე აკონკრეტებს, რომელ ცვლილელებს გულისხმობს:

"ამ ეტაპზე, კარგი და საჭირო პროექტების განხორციელება დაიწყეს. მაგრამ დროა საჭირო, რომ შედეგი გამოიღოს და განვითარება დავიწყოთ. დღეს მთავრობასა და პარლამენტში რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელია და ზუსტად მათი იმედი მაქვს, რომ საჭირო კანონების მიღების ინიციატორები გახდებიან.

მესმის, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდი კლუბებს საარსებო ფულს უხდის და გარკვეულ სახსრებს სტიმულირების ფონდიდანაც იღებენ, მაგრამ ფეხბურთს კანონმდებლობაც უნდა შეეშველოს, რადგან მთლიანობაში, ეს თანხა ფეხბურთისთვის საკმარისი არ არის და ბიზნესის ჩართულობა გვჭირდება.

ფეხბურთი მთელ მსოფლიოში ბიზნესი გახდა. ყველა ბიზნესმენს კი მოგება უნდა. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ არის. აქაც არიან ბიზნესმენები, რომლებიც კლუბებში დიდ ფულს ხარჯავენ, მაგრამ მოგება არ აქვთ. სხვა ბიზნესმენი რომ ხედავს ამას, ცხადია, არ დაინტერესდება და ვერც დონე აიწევს. მათ სახელმწიფომ პირობა უნდა შეუქმნას, გადასახადების რაღაც პროცენტისგან მაინც გაათავისუფლოს, თუნდაც, 2-3 პროცენტისგან, თუკი ამ პროცენტს ის სპორტში ჩადებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატება გამორიცხულია.

"ვისოლის" მაგალითი ავიღოთ - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესჯგუფია და ძალიან მონდომებულიც იყო, რომ ძლიერი გუნდი გაეკეთებინა ქუთაისში. დასაწყისიც საიმედო იყო. მაგრამ გავიდა რამდენიმე წელიწადი და მათ პრესტიჟზე იმოქმედა იმან, რომ წამგებიან და წარუმატებელ ბიზნესში იყვნენ. ეს ფაქტი უკვე მთავარ ბიზნესშიც უშლიდათ ხელს და ფეხბურთიდან ამის გამო წავიდნენ.

ამას გარდა, ფეხბურთით დაინტერესებული ბევრი ხალხი და გუნდები გავწირეთ - "თბილისი", "მრეტები", "ამერი", "ზესტაფონი" - რომელი ერთი ჩამოვთვალო? არ გახსოვთ რამდენი ბიზნესმენი გააქციეს"?

ვეტერანი ფეხბურთელი იმ მოსაზრებასაც ეხმაურება, რომელსაც ბოლო დროს ხშირად გაიგებთ - ფეხბურთს ქვეყანამ თეთრიც არ უნდა დაახარჯოსო:

"ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან ყველაზე დიდი რეზონანსი, კარგიც და ცუდიც, ფეხბურთს აქვს. სწორედ ამიტომ უნდა გახდეს ყველას ზრუნვის ობიექტი, რადგან საკლუბო და სანაკრებო დონეზე ქართველი ფეხბურთელების გამოსვლა ქვეყნის სახესა და პრესტიჟზე პირდაპირ აისახება.
სამტრედია
საქართველოში უნიჭიერესი თაობები იკარგებიან, ისეთები, რაზეც ბევრი ქვეყანა ოცნებობს. მაგალითად, რუსეთი ფეხბურთში უზარმაზარ თანხებს ხარჯავს, მაგრამ მსოფლიო დონის მოთამაშეების გაზრდა მაინც უჭირს. გარწმუნებთ, ჩვენთან ამის მეათედითაც კი არის შესაძლებელი მაგარი ფეხბურთელების აღზრდა და კლუბებისა თუ ნაკრებების დაკომპლექტება.

რომ ამბობენ, ფეხბურთი არ გვინდაო, იმაზე დაფიქრებულან, ჩვენს მწირ პირობებში გაზრდილები ევროპასა და რუსეთ-უკრაინაში როგორ ხვდებიან? იმიტომ, რომ ფეხბურთი სისხლში გვაქვს, "კავკასიელი ბრაზილიელები" ქართველებმა ჩვენით კი არ დავირქვით, სხვები გვეძახდნენ.

მოგებას ყველასთან ვახერხებდით და წარმატებულები ვიყავით. რატომ? იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირში შედარებით თანაბარ პირობებში იყვნენ ქართველი, რუსი, უკრაინელი და წარმატებასაც ვაღწევდით. მაშინ აზერბაიჯანელებისა და ყაზახებისთვის ბრინჯაოს მედალიც კი დიდი მიღწევა იყო, როდესაც ასეთ სეზონს "დინამოს" წარუმატებლობად უთვლიდნენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ამათ კიდევ ვერ გაუგით,რომ ქვეყანას არუნდა შეჰყურებდნენ! შენ თუ დილიხორისთვის გამოდიხარ სტადიონზე და ათი წუთიც არ შეგიძლია მოედანზე დაუღლელად თამაში,ვინ მოგცემს ფულს,რატომ თხოულობ?ყველაფერი მიიღწევა გამარჯვებით,დაამტკიცეთ რომ ხართ ნამდვილი ფეხბურთელები და "ჩიჩიც გექნებათ და ბაბაც"!"დინამოს" ასეთი მოედნები და ხელშეწყობა ჰქონოდათ,სასწაულს დაატრიალებდნენ! ისინი მუხლებგადატყავებულები შრომობდნენ და ხშირად უფულოდაც ყოფილან! თქვენ ამას არ გებულობთ,არგინდათ დაიჯეროთ! ეცადეთ და ითამაშეთ,სცადეთ ერთხელ მაინც და ნახავთ ყველაფერი როგორ შემოტრიალდება! მე, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვიყო,ავკრძალავდი ფეხბურთის გუნდების დაფინანსებებს რაღაც დრომდე!
ასდფგჰჯ
11:26 01-09-2017
1
კომენტარს რატომ ბლოკავთ?
დავწერე რომ "ამას ქვეყანა და სახელმწიფო ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიამეთქი"...
გიორგი
16:46 30-08-2017
0

სიახლეები პოპულარული