შუქურა-ლოკომოტივი 1:3 - გენი აშკარად ეტყობა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "ლოკომოტივი", რომელიც "შუქურას" ესტუმრა, საერთო ჯამში, წარმატებულ სეზონს ატარებს, მიუხედავად ცალკეული ჩავარდნებისა. ქობულეთელები კი ბოლო ადგილზე არიან - გიორგი შაშიაშვილის გუნდმა ამჯერადაც იბრძოლა, ბოლო წუთამდე ცდილობდა ქულის მოპოვებას, მაგრამ მიზნის მიღწევა მაინც ვერ მოახერხა.

ქობულეთელთა რიგებში ბევრი საინტერესო მოთამაშეა. ისინი თბილისელებს ეპიზოდებში ძალიან მწვავედაც უტევდნენ და ქულის მოპოვებაც შეეძლოთ, მაგრამ ვერ მოახერხეს. სეზონის მსვლელობისას სახელდახელოდ შეკოწიწებული გუნდი იმ ნაკლს ავლენს, რაც ლოგიკურია - "შუქურას" შეთამაშება და გუნდურობა აკლია. თბილისელებმა კი პირიქით - სწორედ შეთამაშებითა და გუნდურობით მოიგეს.

ისიც სათქმელია,
რომ გიორგი დევდარიანმა "ლოკომოტივი" პრაგმატულად ათამაშა და მეტოქე უკეთესი ორგანიზაციის ხარჯზეც დაამარცხა.

დღითი დღე იზრდება და უკეთ ჩანს ვატო არველაძე. რა თქმა უნდა, ჯერ "ჭყინტია" და შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ ისეთი გოლი გაიტანა და ეპიზოდებში თამაშს ისე ამწვავებდა, ის შეცდომები მოსატანი არც არის. ბურთთან მისი მიახლოებაც კი სანახავად ღირს - ამ ბიჭს გენი აშკარად ეტყობა...

მამია გავაშელიშვილმა კი დაამტკიცა - თუ ტრავმა არ აქვს, ძალიან სახიფათოა და მისი უმეთვალყურეოდ დატოვება ცუდად მთავრდება. ირაკლი სიხარულიძეზე კი ახალს ვერაფერს ვიტყვით - ეს ბიჭი წლევანდელი სეზონის ნამდვილი მოვლენაა. მის ანგარიშზე უკვე 19 გოლია.

ქობულეთელებმა ამ წაგებით მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულეს და ლიგაში დარჩენის შანსები შეიმცირეს. "ლოკომოტივმა" კი 39 ქულა დააგროვა და მეოთხეადგილოსან "სამტრედიასთან" სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა.

მატჩის სტენოგრამა
2' - მარჯვენა ფლანგიდან მარსელინიომ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა და სანდრო გურულის თავური სტუმართა კარს ოდნავ ასცდა.
3' - ირაკლი სიხარულიძემ ახლო მანძილიდან ქუსლით სცადა კარის აღება, მაგრამ "შუქურას" მეკარე ვლადიმირ მელნიჩენკომ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ახლოდან დარტყმული მოიგერია.
11' - გურულის მიერ ძლიერად დარტყმულ ბურთს რეხვიაშვილი გადაეღობა და კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა. სტუმართა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
26' - გოლი! ვატო არველაძის შედევრი! მარჯვენა ფლანგიდან ნოდარ ქავთარაძემ იერიში ახალგაზრდა შემტევს გაუგრძელა, არველაძემ პასის იმიტაცია გააკეთა და ახლო კუთხეში ჭკვიანური დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1!
31' - მარსელინიოს დარტყმულს მცველი გადაეფარა, დამატებაზე კი მცველისგან ბურთი კუთხურზე გადავიდა.
42' - "ლოკომოტივის" მიერ ორიგინალურად გათამაშებული ჯარიმა. თბილისელებმა ერთმანეთში წაკინკლავების იმიტაცია შექმნეს. "სტანდარტი" კი არველაძემ შეასრულა, მაგრამ ამჯერად მეკარე ვეღარ გააცურა.
56' - მარსელინიოს მორიგი დარტყმა. თევდორაძემ კვლავ საიმედოდ ითამაშა.
57' - მასპინძლები გადარჩნენ: რეხვიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სიხარულიძემ კი კარის წინ არველაძეს უპასა, რომელსაც მცველი გადაეფარა და გუნდი გოლისგან იხსნა.
62' - გოლი! მამია გავაშელიშვილმა საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან მიიღო ბურთი, მოჭრილ დარტყმას რომან ჩაჩუა გადაეფარა, მაგრამ ბურთმა მაინც შეარხია ბადე - 0:2!
64' - ირაკლი კლიმიაშვილის უძლიერესი დარტყმა და ბურთი ძელს მოხვდა.
66' - გოლი! ჟეფინიომ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჩაგელიშვილი, რომელმაც ეფექტური დარტყმით სხვაობა შეამცირა და ბოლო სამ შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა - 1:2!
78' - კლიმიაშვილის კუთხური. გელა გოგიტიძე მახვილი კუთხიდან თავით ურტყამს. სტუმრები მეკარემ გადაარჩინა.
83' - გოლი! სიხარულიძემ საჯარიმოსთან ბურთი ძალიან იოლად მიიღო და უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ასეთ თავისუფლებას მეტოქის შემტევს არც ერთი გუნდი არ მისცემს - 1:3!

ეროვნული ლიგა.  XXIV ტური
25.08. ბათუმი. "რაგბი არენა"
შუქურა-ლოკომოტივი 1:3
გოლები: 0:1 არველაძე (26), 0:2 გავაშელიშვილი (62), 1:2 ჩაგელიშვილი (66. ჟეფინიოს პასი), 1:3 სიხარულიძე (83)
შუქურა (4-2-3-1): მელნიჩენკო - ჩაჩუა, ჩადუნელი (46. თუხარელი), გოგიტიძე, დასე - ჟეფინიო (82. შალამბერიძე), კლიმიაშვილი - ს. გურული (74. გოგილაშვილი), მარსელინიო, პომაზანი - ჩაგელიშვილი.
სათადარიგოები: სომხიშვილი, კალანდაძე, ართმელაძე, მალაზონია
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - ჭანტურია, კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა - გოროზია (60. გავაშელიშვილი), სამურკასოვი, დიასამიძე (67. გვალია) - ნ. ქავთარაძე, სიხარულიძე, არველაძე (87. ლ. ქურდაძე).
სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, ანდრონიკაშვილი, კიკნაძე, კიკაბიძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილებები: ჟეფინიო (41), ჩაჩუა (59), გვალია (81)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივარ) 11
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10

მომდევნო ტური
8 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-სამტრედია
ტორპედო-ჩიხურა

9 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-დილა
დინამო (თბ)-შუქურა

10 სექტემბერი, კვირა
საბურთალო-დინამო (ბთ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
tevdoradzemac sakmaod kargad itamasha.2;1 saswauli burti aigo
goga
14:00 28-08-2017
0
"ჩაიჭეროს" რატომ თქვა იცით? შრიფტზე ხელი დაეჭირა. :D:D:D:D
xaxa
13:26 29-08-2017
0

სიახლეები პოპულარული