კლუბის დირექტორ თემურ ბარქაიას შტელინი გელა სანაიას საუკეთესო შემცვლელად წარმოუდგენია, რადგან უკრაინელი სპეციალისტი საქართველოსა და ჩვენი ფეხბურთის სპეციფიკას კარგად იცნობს, შესაბამისად, ბარქაიას აზრით, უკრაინელს ადაპტაცია არ დასჭირდება. 63 წლის შტელინი ორჯერ იყო ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი, სადაც ბოლოს 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მაისამდე მუშაობდა.
ბელგიური პასპორტის მქონე მწვრთნელი საქართველოში გუშინ გვიან ჩამოვიდა, თუმცა,
"ივნისიდან ლიეჟის "სტანდარდის" ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ ვარ. ახლახან ჩემი ქართველი მეგობარი ზურაბ ჩაკვეტაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემით ფოთის "კოლხეთის" დირექტორი დაინტერესდა. წინადადებას სიხარულით დავთანხმდი, რადგან ადრეც მითქვამს, რომ საქართველოში, ქართველებთან მუშაობა მომწონს.
არ დავმალავ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩემს ახალ კლუბს არ ვიცნობ. მაგრამ ბიჭები ისე უნდა გამოვაფხიზლოთ, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენა შევძლოთ", - ამბობს შტელინი.
მისი თქმით, საქართველოში პირობების გამო არ ჩამოსულა:
"კარგად ვიცოდი, რომ საქართველოში ბელგიური კლუბის დარი პირობები არ დამხვდებოდა, მაგრამ იცით, ბელგიაში ცუდი რა იყო? მე სხვაზე დამოკიდებული მწვრთნელი მხოლოდ კარიერის დასაწყისში, ვალერი ლობანოვსკისთან ვიყავი. "სტანდარდში" კი ისევ მთავარ მწვრთნელზე დამოკიდებული გავხდი და ეს არ მომწონდა. ჩემს ნებაზე ვერც გუნდს ვაკომპლექტებდი და საერთო ატმოსფეროც ნეგატიური იყო.
არ მომწონს, ზემოდან რომ მელაპარაკებიან. "კოლხეთში" კი დამოუკიდებელი ვიქნები, გუნდს ჩემ გემოზე მოვამზადებ და დავაკომპლექტებ".
შტელინი პირველი იყო, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ბელგიური კლუბების დაინტერესებაზე საჯაროდ ილაპარაკა:
"თუ გახსოვთ, ეს ჯერ კიდევ მაისში გითხარით, რომ "გენტი" თბილისის დინამოელ გიორგი ჩაკვეტაძეს აკვირდებოდა. "გენტის" პარტნიორი მენეჯერი დამიკავშირდა და დაინტერესდა, ვინ არის ჩაკვეტაძე, რა მონაცემები აქვს, შეუძლია თუ არა ბელგიის დონეზე თამაში...
- შტელინის აზრი ჩაკვეტაძესა და ქართველებზე: ნატურალური ხორცი და მწვანილი
საქართველოში ჩემი მუშაობის დროს, გიორგი ასაკობრივ ჩემპიონატებში თამაშობდა და არ ვიცნობდი, მაგრამ "ტორპედო"-"დინამოს" თამაშს რომ ვუყურე, შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდა, რომ ეს ბიჭი ტალანტია.
მას თითქმის 100-პროცენტიანი შანსი აქვს, რომ "გენტში" დამკვიდრდეს და ბევრად უფრო მაღალ დონეზეც ითამაშოს. მას დიდი ფეხბურთელისთვის აუცილებელი საბაზისო თვისებები აქვს. მთავარია, შრომა გააგრძელოს და მონაცემები განავითაროს.
ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მთავარია, როგორ დაძლევს პრობლემურ სიტუაციებს. მაგალითად, თავიდან თუ არ ათამაშებენ, მოახერხებს თუ არა ფსიქოლოგიურად უთამაშებლობისა და ჩრდილში ყოფნის ატანას. თუ ეს მოახერხა, დიდი მომავალი ელის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"