კახა კაჭარავა: არ მინდა, ჯოხი გადატყდეს ფეხბურთელებზე...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში თბილისის "დინამომ" არასტაბილურად ითამაშა. ჯერ ქობულეთის"შუქურას" დაუზავდა (1:1) შინ, მერე კი "საბურთალოსთან" დამარცხდა (1:4). ჩავარდნა ნებისმიერ გუნდს აქვს და ვერც ჩვენი ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი იქნება გამონაკლისი, თუმცა, როცა საქმე "დინამოს" ეხება, ინტერესი და მოთხოვნა განსაკუთრებულია...

"დინამო" ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა, გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. გარდა ამისა, რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია, მათ შორის - გუნდის ლიდერებიც. ერთი სიტყვით, ამ მარცხს ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა.

- დინამო(თბ)-საბურთალო 1:4 - როგორც ქარიშხალი [VIDEO]

გუშინ "ლელო" დინამოელთა თავკაც კახა
კაჭარავას
გაესაუბრა...

- "საბურთალოსთან" მატჩის საერთო სურათიდან გამომდინარე, "დინამო" არ იმსახურებდა ასეთი ანგარიშით მარცხს, მაგრამ მაინც: რისი ბრალია ასეთი შედეგი?
- ბოლო 9 დღის განმავლობაში 3 შეხვედრა ჩავატარეთ. თქვენც მოგეხსენებათ, აქედან ერთი მატჩი საქართველოს თასის მეოთხედფინალური დაპირისპირება იყო. თერთმეტმეტრიანების სერიაში მოვიგეთ. ხელოვნურ საფარზე ვითამაშეთ. ამან დიდი ძალა წაიღო.

ალბათ, "საბურთალოსთან" მატჩში იყო გადაღლილობის მომენტი, მაგრამ ეს არ გვამართლებს. ვერ მოვასწარით ძალების აღდგენა, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ პატარა ჩავარდნას "დინამო" სულ მალე გადალახავს. ჩვენ ეს აშკარად შეგვიძლია.

- "დინამოში" აღარ არიან გიორგი ჩაკვეტაძე და ლუკა ლოჩოშვილი. ტრავმებს იშუშებენ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი თევზაძე. რამდენად ამჩნევს კვალს გუნდს ამ ფეხბურთელების არყოფნა?
- ეს ჩემპიონატი ამ ფეხბურთელებით დავიწყეთ. შესაბამისად, მე მათ ბოლომდე ვენდობი და მჯერა მათი. რა თქმა უნდა, არის დანაკლისი, თუნდაც, ტრავმების სახით. მეორეც - გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ის ვერაფრით ასცდება ცვლილებებს. ჩვენ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდა ფეხბურთელს დავაწინაურებთ. ასეთია ჩვენი გეზი.

ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს. არ მინდა, ჯოხი გადატყდეს ფეხბურთელებზე, ისინი ყველაზე ნაკლებად არიან დამნაშავენი. ჩემი ბრალიცაა, რაც მოხდა. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. როგორც ფეხბურთელისთვის, ისე მწვრთნელისთვისაც არის წარმატებული და წარუმატებელი მატჩები. ამას ვერ გავექცევით.

საერთოდ, თქვენც იცით, რომ ჩვენი ბევრი ფეხბურთელი მიწვეული იყო საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში. ეს ძალიან კარგია და ჩვენც სწორედ ამისთვის ვმუშაობთ. მეორე მხრივ, სანაკრებო შეკრებების შემდეგ ბევრ ისეთ გუნდს აქვს ჩავარდნის მცირე პერიოდი, რომელიც ნაკრებებში ბევრ მოთამაშეს უშვებს. შეიძლება არის ეს მომენტიც.

- მაშ, "დინამოს" გულშემატკივრებს ამშვიდებთ, რომ საგანგაშო არაფერია?
- დიახ, საგანგაშოს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. საგანგაშო იქნებოდა მაშინ, ცხრილის ქვედა ნაწილში რომ ვყოფილიყავით და თასის გათამაშებიდან გავვარდნილიყავით. ახლა კი რეალობა ასეთია: ვართ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი და ვითამაშებთ თასის ნახევარფინალში.

მცირე ჩავარდნა არ არის ტრაგედია ისეთი ახალგაზრდული გუნდისთვის, როგორიც ჩვენ გვყავს, თუმცა ისიც მესმის, რომ ეს თბილისის "დინამოა" და მოთხოვნები განსაკუთრებულია.

- სულ მალე ქუთაისის "ტორპედოსთან" გელით უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. თუ არის შანსი, რომ ამ მატჩამდე ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ?
- წეღანაც ვთქვი: ჩვენ გეზს არ ვღალატობთ, ჩვენ ვაშენებთ პერსპექტივაზე გათვლილ გუნდს და კიდევ დავაწინაურებთ საკლუბო აკადემიის ნიჭიერ ფეხბურთელებს. არ მგონია, პრობლემა შეიქმნას ამა თუ იმ ფეხბურთელის შეცვლასთან დაკავშირებით.

სასიხარულოა, რომ უკვე ერთი კვირაა, აღდგენითი ხასიათის ვარჯიშები დაიწყო ითარ კიტეიშვილმა, თუმცა ის სრული დატვირთვით ჯერაც ვერ ემზადება. რაც შეეხება გიორგი თევზაძეს, ის ალბათ სანაკრებო პაუზისას შემოგვიერთდება.

რაც შეეხებათ წასულ ფეხბურთელებს, კლუბმა გააკეთა ყველაფერი, რომ ეს მოთამაშეები შეენარჩუნებინა. არ არის საქმე ისე, რომ ამ ფეხბურთელებს არ უნდათ საქართველოში და თბილისის "დინამოში" თამაში. უბრალოდ, მათ აქვთ იმის ამბიცია, რომ ითამაშონ უფრო მაღალ დონეზე და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური.

საერთოდ, რომელ მწვრთნელს სჭირდება გუნდში ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ამბიცია არ აქვს? აგერ, ნეიმარი რატომ წავიდა "ბარსელონიდან"? მგონი, მას არც ფული აკლდა და არც ამბიცია. ჩემი აზრით, მას უნდოდა, რომ პირველი ყოფილიყო და ამის გამო მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

ბევრი ქვეყნის კლუბი მისდევს ასეთ პოლიტიკას - ხორვატიის, ჰოლანდიის, ბელგიის... რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საკლუბო ინტერესები, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელის ინტერესები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთი რამ ვერ გავიგე, როდესაც ფეხბურთელი მიდის საქართველოდან, ნუთუ მას კონტრაქტი არ აკავშირებს ქართულ გუნდთან? ასე შეიძლება პროფესიული ლიგი ჩამოყალიბება? რატომ ვაბრალებთ ყველაფერს ფეხბურთელს, რომ მას უნდა თამაში კარგ უცხოურ გუნდში? გუნდები უბრალოდ ყიდიან მათ. მეორე საკითხია, რომ არის კი ყველა მზად ამისათვის? ,,საუკეთესო ბომბარდირი" ზივზივაძე წავიდა. სად არის ახლა ის. სამტრედიასაც დააკლდა და არც იქ ივარგა. 18 წლის არის ჩაკვეტაძე. მოუწევს თამაში საკმაოდ ძლიერ ლიგაში ,,მგლების ხროვასთან". მზად არის ის ამისათვის? ძალიან ბევრი ფეხბურთელი დაიკარგა ასე. გული, რომ არ ეტკინოს ვინმეს გვარებს არ დავასახელებ. ერთად-ერთ გამონაკლისი კალაძეა და მე ვთვლი, რომ ძალიან გაუმართლა, როდესაც ადრეულ ასაკში წავიდა საზღვარგარეთ, მაგრამ კიევის დინამოს კარგი სკოლა გაიარა. თუ მასიურად გავლენ საქართველოდან, ასე თუ ისე კარგად მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელები, ჩვენ ძლიერ პროფესიულ ლიგას ვერ ჩამოვაყალიბებთ და მაყურებელსაც ვერ მივიყვანთ სტადიონებზე.
1
ამ თავის მართლებაში ლოგიკა არის. განსაკუთრებით ნაკრების შემდეგ ჭირს გუნდის შეკვრა. მაგრამ ეგ როგორც წესი 2 თამაში გრძელდება, თქვენ კი 3 ითამაშეთ. ვნახოთ ტორპედო მაგრად შეგებრძოლებათ, მაგათმა შარი-შური არ იციან, პირდაპირ ჭახ.
haha
15:10 19-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული